
მმართველი პარტია „დაპირებულ გრანტებზე" ალაპარაკდა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ უნდა მიეღო. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები ხშირად მანიპულირებდნენ გრანტების თემით და აცხადებდნენ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი თანხებს კარგავდა.
„ეს აგენტურა, რომელიც „ენჯეოების" სახით გვყავს წარმოდგენილი, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ სტატუსის არმიღებით რამდენიმე მილიარდი გრანტი დავკარგეთ. გვეუბნებოდნენ, რომ აი, მოლდოვა ახლა მიიღებს 2-მილიარდიან, 3-მილიარდიან გრანტებს, ჩვენ სტატუსი არ გვაქვს და რა გვეშველება. მივიღეთ სტატუსი და სად არის ეს 3-მილიარდიანი და 4-მილიარდიანი გრანტები, სად არის?! სტატუსი მივიღეთ, ახლა მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემა შემოიტანეს, ამაზეც ჰქონდათ მცდელობა, რომ ქვეყანაში დაპირისპირება მოეწყოთ. ევროპული მომავალი არ უნდა იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღი", - განაცხადა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ 11 მარტს ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტი მოლდოვას დაეხმარება მისი სოციო-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებაში, სიმყარის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის წინ წაწევაში. ასევე, პაკეტი ისე არის შემუშავებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მოლდოვაზე მწვავე გავლენა შეამციროს.
ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ იქნა, რომ მოლდოვას 520 მილიონი ევრო გრანტების სახით გადაეცემა (წინასწარი ინიციატივა 100 მილიონ ევროზე იყო), ხოლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო - დაბალპროცენტიანი სესხების სახით.
მოლდოვისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას 499-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
მოლდოვისთვის დახმარების პაკეტზე მოხსენება ევროპარლამენტარებმა ზიგფრიდ მურეშანმა და სვენ მიქსერმა მოამზადეს. მურეშანის თქმით, მოლდოვა დაფინანსების მიღებას უკვე აპრილში დაიწყებს.
გასული წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას არ აპირებს.
„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებაში ისიც, იყო ნათქვამი რომ „2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მიიღებდა თუ არა საქართველო გრანტს, რომ არა 28 ნოემბრის განცხადება
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთნ" აცხადებს, რომ მხოლოდ პრემიერის განცხადება არ ყოფილა გადამწყვეტი იმ თვალსაზრისით, მიიღებდა თუ არა საქართველო გრანტს, ან როგორ წარიმართებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.
„რთული სათქმელია, რადგან არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ, ვთქვათ, კობახიძის განცხადებაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, იმიტომ, რომ შემდეგ გააჩნია როგორ მოხდებოდა, როგორ პოლიტიკას გაატარებდა, როგორ ჩატარდებოდა არჩევნები, ან როგორ მოხდებოდა მისი აღიარება. ამაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მისი ამ განცხადების შემდეგ ეს გამოირიცხა, რადგან შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაამძიმა პროცესები.
„(საქართველოს) მხოლოდ 3 მილიარდი არ დაუკარგავს, ჩვენ დავკარგეთ გაცილებით მეტი. სამ მილიარდზე მეტი ღირს ის დრო, რაც დაიკარგა, კიდევ ის თანხები, რომელთა მოზიდვაც შეიძლებოდა. მაგრამ, ახლა, ამ ომთან დაკავშირებით და სატრანზიტო ფუნქციებით - რუსეთ-თურქეთ-ყაზახეთთან - არცთუ ცოტა ფული იშოვა ხელისუფლებამ", - განაცახდა ზურაბიშილმა
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ თუ მოლდოვამ, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონდე სახელმწიფომ მიიღო გრანტი, მაშინ საქართველოსაც უნდა მიეღო, რადგან კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაში საუბარი მოლაპარკების საბოლოო შეჩერებაზე არ ყოფილა.
„ეს ვარაუდების სფეროა. თუკი მოლდოვამ მიიღო, როგორც კანდიდატმა, საქართველოს რატომ არ უნდა მიეღო?! ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: თუ მოლდოვას მისცეს გრანტები, ის კანდიდატია და ჩვენც ხომ კანდიდატები ვართ?! თუ უნდოდათ საბაბის მოძებნა გრანტის არმიცემისთვის, ეს სხვა საკითხია. ეს დიდი უსამართლობაა და „სიბინძურესაც" ვუწოდებდი, იმიტომ, რომ ჩვენი პრემიერის გაკეთებული განცხადება, ხელისუფლების სახელით, ასეთი იყო: „ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკება ნებისმიერ დღეს, თუნდაც ხვალ, როცა იტყვიან. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებაზე, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში, 2028 წლამდე არ იქნება", - განაცხადა მამრაძემ.
რაზე მიანიშნებს „ოცნება"
პეტრე მამრაძე გამორიცხავს, რომ კალაძის განცხადებაში ევროკავშირის მიმართ რაიმე გზავნილი იმალებოდეს.
„რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ სტატუსი არის, მაგრამ გრანტები - არა, შეიძლება ელოდებოდნენ ინფორმაციას. შეიძლება ახლა უკვე დროა, რომ აი, მოლდოვას მისცეს გრანტი და საქართველოს - არა.
„არ მგონია, რომ ეს იყოს მინიშნება ევროკავშირის მიმართულებით, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყოს გრანტი, არავითარ შემთხვევაში. კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ საკითხს დღის წესრიგში მოლაპარაკებაზე და ჩვენ ღია ვართ, თუმცა დასძინა: „მაგრამ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, უარს ვაცხადებთ ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტზე."
დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ „ოცნება" შესაძლებელია გერმანიის საქნციებით შეშფოთებულია და ამაზე საუბარი სწორედ ამიტომ დაიწყო.
„ახლა რატომ გაახსენდა „ოცნებას" არ ვიცი, თუმცა ვფიქრონ გერმანულმა სანქციებმა უფრო შეაშფოთა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ელოდება თუ არა „ოცნება" ევროკავშირისგან გრანტებს
დავით ზურაბიშვილი დარწმუნებოთ ამბობს, რომ არანაირია გრანტის მიღების იმედი ევროკავშირისგან არ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არაფერს აკეთებს.
„საქართველოს ჯერჯერობით არაფერს გამოუყოფენ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან ჩვენ ევროინტეგრაციის კურსზე არ ვართ. ანუ, ის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო, ამას ხელისუფლება არ აკეთებს და ბუნებრივია, არავინ არაფერს გამოუყოფს.
„ახლა და ამ პოლიტიკის პირობებში ეს გრანტები ჩვენ არ გადმოგვეცემა და თუ რაღაც ნორმალური პოლიტიკა იქნება, მერე სხვა ამბავია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მამრაძეც ფიქრობს, რომ თუკი პრემიერმა ერთხელ უკვე გააკეთა ხელისუფლების სახელით განცხადება, რომ მას არ სჭირდება გრანტები, ევროკავშირი ასეც მოიქცევა.
„თუ რეალურად უარია ნათქვამი, რომ გრანტს არ ავიღებთ, ევროკავშირიც არ მოგცემს. რატომ უნდა მოგცეს? ისევ რომ სკანდალი შეიქმნას? ან იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად შეახსენოს: „ჩვენ უარი გითხარით და წაიღეთ ეს გრანტი უკან?" ეს გაუგებარია.
„რაც შეეხება იმას, თუ ხელისუფლება რიტორიკას შეიცვლის და განაცხადებს, რომ მზადაა მიიღოს გრანტები, ესეც რთული პროცესია. რატომ უნდა დაიწყოს ევროკავშირმა ეს პროცესი თავიდან - მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაიფიქრა და ახლა უნდა გრანტები? ვფიქრობ, ეს არ მოხდება, რადგან არასერიოზულია", - განაცხადა მამრაძემ.