ნატალია ჯვარიძე
25.03.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. კომისიამ ხაზარაძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის არ გამოცხადდა. როგორც კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ეს არის სისხლის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ბრალდებას, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს.

ხაზარაძესთან ერთად კომისიაზე კოალიციის მეორე ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეც იყო დაბარებული, მაგრამ მანაც უარი თქვა. კომისიამ ჯაფარიძეს შესთავაზა, რომ 16:00 საათამდე მისულიყო და კითხვებზე ეპასუხა.

„ჩვენი მიზანია, რომ პირი გამოცხადდეს და მოვუსმინოთ მას. განა, რა შეკითხვა უნდა დაისვას ასეთი, რომ არ გინდოდეს კითხვაზე პასუხი და საციხოდ გაიხადო საქმე. აი, რა შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ისეთი კითხვა დავსვათ, რომ ნებისმიერმა პირმა არ ისურვოს ამ კითხვაზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბადრი გვისმენს, ხომ არ მივცეთ დამატებითი დრო და შევთავაზოთ, რომ დღეს, მისთვის სასურველ დროს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს. ასეთი შეთავაზება მექნებოდა იმის ნაცვლად, რომ ახლავე ვუყაროთ ამ საკითხს კენჭი", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

მოგვიანებით ბადრი ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიაზე მისვლა არ სურს.

„მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება. ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.

„ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამშაბათს ლიეტუვის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ეს ფაქტიც ახსენა:

„ხვალ შეიძლება, დაგიჭირონ პოლიტიკური ბუნდოვანი ბრალდებებით. მაგალითად, დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაემუქრნენ, რადგან მას არ სურს ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი კომისიის აღიარება".

რას ედავებიან ხაზარაძე-ჯაფარიძეს

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, „მაგნატის" მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა.

ლეონიძე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა სამშაბათს გაიმართა, სადაც ზეწოლის ერთ-ერთი შემთხვევის - შპს „მაგნატის" საქმის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე შპს „მაგნატის" მესაკუთრე ჯემალ ლეონიძეს მოუსმინეს.

„ჯემალ ლეონიძემ მრავალმილიონიანი ქონება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკანონო პროცედურების შედეგად დაკარგა. ერთ მშვენიერ დღეს ის აღმოჩნდა საპატიმროში. ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა და დადასტურდა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რომ ტყუილად იჯდა საპატიმროში და მოიხადა არაერთი წელი ტყუილ-უბრალოდ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„დღეს სხდომაზე მამუკა ხაზარაძე გვყავდა მოწვეული. როგორც ჩანს, ისმენდა თქვენს (ჯემალ ლეონიძე) გამოსვლას და „ფეისბუკის" საშუალებით განაცხადა მოსვლაზე უარი. ამ კომისიას უწოდა ცირკი და თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. თქვენ რომ დაგემშვიდობებით, ვიმსჯელებთ მის უარზე. ვინაიდან „სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა", - განაცხადა წულუკიანმა.

ამის შესახებ კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდეც გააკეთა განცხადება:

„თუ მოვლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი იქნება, რადგან საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინონ პასუხები მათ როლზე ამ კრიმინალურ ისტორიაში. თუ არ მოვლენ ამაზე საქართველოს კანონმდებლობას თავისი წესი აქვს - ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - განაცხადა სუბარმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს უფრო დააჯარიმებენ, ვიდრე დააპატიმრებენ.

„ვფიქრობ, დაჭერამდე საქმე არ მივა. შესაძლოა ისინი დააჯარომონ, თუმცა ისეთ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც დღეს არის, გამორიცხული არაფერია. მე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ ამ სიტუაციაში მათი დაპატიმრება „ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება.

„ეს არის საქმე, რომელიც ეხება კომპანია „მაგნატის" და მისი მფლობელის მიმათ სახელმწიფოდ წარმოებულ რეკეტს. ხაზარიძე და ჯაფარიძე ამ საქმეში გადიოდნენ, როგორც შესაძლო თანამონაწილეები", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

მისივე აზრით, „თიბისი ბანკი", როგორც საფინანსო სტრუქტურა, ამ საქმესთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული იყო.

„როგორც მასალებიდან ირკვევა, „თიბისი ბანკი", როგორც საფინანსო სტრუქტურა, ამ „მაგნატის" საქმესთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული იყო და რამდენადაც მე ვიცი, რაღაც სარგებელი აქედან მათ ნახეს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე ამ ბანკის მფლობელები იყვნენ. სწორედ ამიტომ დაიბარეს ისინი, რომ ნათელი მოეფინოს, რა ფორმით იყო ჩართული „თიბისი ბანკი" ამ დანაშაულებრივ სქემაში. აბა, რატომ დაიბარებდნენ მაინც და მაინც მათ? სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული ბანკი ფიგურირებდა ამ საქმეში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×