
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", იგივე ამერიკული „ფარა"-ს ანალოგის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებას პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, „ფარა"-ს მოქმედება არასამთავრობო სექტორზე წესით არ უნდა გავრცელდეს, თუკი კანონის ქართული ვარიანტი „ისეთივე კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში".
თუმცაღა, 100-ზე მეტმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ 24 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ისინი კანონის მიღებაში საფრთხეს ხედავენ და აცხადებენ, რომ „სამიზნე სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედიაა", მისაღები კანონპროექტი კი „გადაფუთული რუსული კანონია".
უშუალოდ კანონს რაც შეეხება, განმარტებით ბარათში კანონპროექტის ინიციატორები წერენ, რომ 2024 წლის მაისში მიღებული კანონი არ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და „არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე".
„ფარა" თავისი შინაარსით უფრო მკვეთრია, ვიდრე ის კანონი იყო, რომელზეც მიდიოდა ლაპარაკი. ამასთანავე, ეს გარკვეულწილად პოპულისტურია, რომ აი, ჩვენ ვიღებთ ამერიკულ კანონს და ამ ოპოზიციას ეს არ მოწონთ და იქით მედიასაშუალებებს კიდევ ბრიტანული არ მოსწონთ. ანუ ამაში პროპაგანდისტული საკმაოდ დიდი ნაწილია. ხელისუფლებას რეალურად შესაძლებლობა იმ კანონითაც ჰქონდა და ამ კანონითაც აქვს, რომ რეპრესიული მეთოდები გაატაროს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
რას ითვალისწინებს „ფარა"
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
კანონის მიღების სავარაუდო თარიღი 4 აპრილია. მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და ძალაში შევა ოფიციალურად მიღებიდან 60 დღის შემდეგ. კანონი ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზცაიებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, სადაც ანალოგიური ამერიკული კანონიდან პირდაპირ იყო გადმოტანილი ისეთი ტერმინები, როგორიცაა „უცხოური პრინციპალი", „უცხოური პრინციპალის აგენტი", „აშშ-ის პრეზიდენტი", „სახელმწიფო დეპარტამენტი", „ხაზინის მდივანი", „შტატის კანონები" და ა.შ.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მოხდება ამ ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება და მან დეპუტატებს შესთავაზა, რომ კანონის ამერიკულ ვერსიაში ნახსენები იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად, ქართულ რეალობაში კანონის აღმასრულებელი ორგანო იყოს ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
რა წერია განმარტებით ბარათში
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" განმარტებითი ბარათში წერია:
„2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას. აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული რეალობა. კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობენ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებენ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული სანქცია. შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება კანონმდებლის ნების ეფექტიანი აღსრულება".
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:
- უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
- სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
არასამთავრობოების მოლოდინი
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარე, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ თუკი ქართული კანონმდებლობა (ამერიკული „ფარა"-ს ქართული ვერსია) ისევე კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში, ის ქართულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საერთოდ არ შეეხება, ხოლო, თუკი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს, მაშინ ეს არა ამერიკული, არამედ „ივანიშვილის „ფარა" იქნება.
„აშშ-ში ეს კანონმდებლობა არ გამოიყენება დამოუკიდებელი არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც თავისი საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე ფუნქციონირებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი არსითა და შინაარსით საქართველოში ეს კანონმდებლობა ჩვენ არ გვეხება, არც „სამართლიან არჩევნებს" და არც სხვა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციებს.
„ჩვენი წესდება ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობას და საქართველოში სხვადასხვა თემაზე მუშაობას. ჩვენი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარება. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს არ გვეხება.
„ქართული ოცნების" საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ისინი ამას იღებენ, რადგან სხვა კანონმა არ იმუშავა. მათი მიზანი ნათელია - მათ ეს სურთ ქართული არასამთავრობო, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ მარტივად ვამბობთ, თუკი ეს კანონმდებლობა კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში, ის საერთოდ არ გვეხება ჩვენ და არც გვაწუხებს. ხოლო, თუკი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს აღარ არის ამერიკული და ნამდვილად არის ივანიშვილის „ფარა", - განაცხადა დოლიძემ „პალიტრანიუსთან".
ყოფილი სახალხო დამცველი და „დემოკრატიის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ „ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს".
„წელს, უკვე მესამედ ხელისუფლება სხვა ფორმით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი". რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული „ქართული ოცნების" მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა.
„რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, იმ კონვენციების ერთგული, რომელსაც საქართველო წლების წინ შეუერთდა და დღემდე მოქმედებს, მათ შორის ევროპული კონვენცია, მათ შორის სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებთან ეს კანონი წინააღმდეგობაშია.
„ანუ, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, ანტიქართულია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, როგორც ნანუაშვილი დამატებით „პალიტრანიუსთან" ამბობს, კანონის ამოქმედების შემთხვევაში ის ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას შეეხება.
„პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას ეხება - ყველა სახის გაერთიანებას, კორპორაციას, ასოციაციას, საინიციატივო ჯგუფებსაც და ბიზნეს ორგანიზაციებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ სად მიდის ეს კანონი", - განაცხადა ნანუაშვილმა.
რა ახალი ბერკეტები უჩნდება ხელისუფლებას
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" „ფარა"-ს მიღება პროპაგანდისტულად უფრო აწყობს, რადგან ბერკეტების შესაძლებლობა წინა კანონითაც ჰქონდათ, რომელიც პრაქტიკაში არ მოქმედებს.
„რეალურ სამართლებრივ და სამართლიან ბერკეტებზე თუა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არც არაფერი, მაგრამ აქ ხომ ამაზე საუბარი არაა? „ფარა"-ს თავისი შინაარსით უფრო მკვეთრია, ვიდრე ის კანონი იყო, რომელზეც მიდიოდა ლაპარაკი. ამასთანავე, ეს გარკვეულწილად პოპულისტურია, რომ აი, ჩვენ ვიღებთ ამერიკულ კანონს და ამ ოპოზიციას ეს არ მოწონთ და იქით მედია საშუალებებს კიდევ ბრიტანული არ მოსწონთ. ანუ ამაში პროპაგანდისტული საკმაოდ დიდი ნაწილია.
„ხელისუფლებას რეალურად შესაძლებლობა იმ კანონითაც ჰქონდა და ამ კანონითაც აქვს, რომ რეპრესიული მეთოდები გაატაროს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. მოლოდინები ისაა, რომ ხელისუფლება შეეცდება ბოლო მომენტში ეს კანონი გამოიყენოს და გამოიყენოს სწორედ თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. აქ, რა თქმა უნდა, სხვა რამეებზე ლაპარაკი არაა, მაგრამ ხელისუფლებას უბრალოდ სხვა გზა არა აქვს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რამდენად რეპრესიული იქნება „ოცნების" პოლიტიკა
კითხვაზე, რა იგულისხმება „ბოლო მომენტში", ძაბირაძემ გვითხრა:
„ჯერჯერობით ხელისუფლებაში მაინც იმედი აქვთ, რომ პარტნიორებთან და პირველ რიგში აშშ-სთან რაღაც ურთერთობებს დაალაგებენ. თუმცა, მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, ამის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ამასთანავე, ფიქრობენ, რომ შესაძლოა შეიცვალოს „ოცნებასთან" ურთიერთობა უკრაინის პრობლემის მოგვარებასთან ერთად.
„არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ახლა როგორი კანონიც არ უნდა მიიღონ, ევროიპიდან გარკვეულწილად სანქციები უკვე არის, მაგრამ ისეთი მნიშვნელობის არაა, რომ ხელისუფლებაზე ძალიან დიდი დარტყმა გამოიწვიოს. თუმცაღა, როგორც კი ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობები ვერ ლაგდება და ევროპასთან ურთიერთობები ისედაც ცხადია, რომ ვერ დალაგდება, როდესაც უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი იქნება განხილული დიდ შეთანხმებაზე რუსეთსა და ამერიკას შორის, მერე უფრო მკაფიო იქნება ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„ეს ფაქტორები იმუშავებს იმაზე, თუ რამდენად რეპრესიული იქნება ხელისუფლება. ასევე, რა თქმა უნდა, შიდა ვითარება, რომელიც ჯერჯერობით მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად ასატანია. ამას დავუმატოთ ოპოზიციაში პროცესები როგორ განვითარდება, თითქოს რაღაც შეხვედრები იმართება, თითქოს სწორ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო", - განაცხადა ძაბირაძემ.
რა შეუძლიათ არასამთავრობოებს
ანალიტიკოსმა ნანუაშვილის იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ ამოქმედდეს".
„ვერ ვხედავ იმას, რომ ამისთვის არასამთავრობოები ყველაფერს გააკეთებენ. რას გააკეთებენ? თუ „ოცნება" მიიღებს ამ კანონს და მის აღსრულებას დაიწყებს, იმაზე მეტი, რაც დღეს ხდება, რა უნდა გააკეთოს? თუ დასჭირდებათ, დღესაც შეუძლიათ გაატარონ. არასამთავრობოების როლი მინიმალურია. ვის რა უნდა უქნან... აგერ პროტესტი არის და თუ უფრო გამწვავება უნდათ, მაშინ გაამწვავონ, რას ელოდებიან? ხელისუფლებას თუ მოუნდება ამ ნაბიჯების გადადგმა, ის საქართველოს არასამთავრობო სექტორს კი არ უწევს ანგარიშს, ანგარიშს უწევს იმ იმედებს,რომ აშშ-სთან რაღაცას დაალაგებს და ა.შ.", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".