თამთა ჩაჩანიძე
09.03.2025

ას დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, თუმცა, ვერცერთმა დაპირისპირებულმა მხარემ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ერთის მხრივ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროტესტის ბოლომდე ჩახშობა და აქციები დღემდე იმართება. მეორეს მხრივ კი, დასავლეთში მიღებული მკაცრი რეზოლუციებისა და კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, „ოცნებას" რყევა არ ეტყობა და არც თავის ოპონენტთა მოთხოვნების შესრულებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და რას უნდა ველოდოთ გაზაფხულზე?

ოპოზიციაში ამ 100-დღიანი პროტესტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევენ, რომ საპროტესტო გამოსვლები ამდენ ხანს უწყვეტად გაგრძელდა და ამის სათავეში არა პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება დგას. ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით კი, პროტესტის ასეთი ხანგრძლივობის მიზეზი პირველ რიგში გარე ძალების მიერ ამ პროცესის ფინანსური მხარდაჭერაა და ასევე ოპოზიციის სურვილი, რომ თავის დასავლელ პარტნიორებს ამ გზით დაუმტკიცოს თავისი ქმედითუნარიანობა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასდღიანმა პროტესტმა „ქართული ოცნება" ვერ შეარყია და შესაბამისად, მის გაგრძელებაშიც აზრს ვერ ხედავს. ნაწილი კი აცხადებს, რომ „ოცნება" არ იმჩნევს იმას, რაც რუსთაველზე ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია და ხელისუფლებას პროტესტი რომ არ აწუხებდეს, არც მიიღებდა იმ კანონებს, „რის მიღებასაც აპირებს"; შესაბამისად ფიქრობს, რომ აქციების გაგრძელებასაც აზრი აქვს ოპოზიციის საბოლოო მიზნის მიღწევისთვის.

ანალიტიკოსებს განსხვავებული პროგნოზი აქვთ იმაზეც, გაიზრდება თუ არა საპროტესტო მუხტი გაზაფხულიდან.

შეარყია თუ არა 100-დღიანმა უწყვეტმა პროტესტმა „ოცნება"

ანალიტიკოსი პერტე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციებმა ხელისუფლება ვერ შეარყია. ხოლო თუკი „ქართული ოცნება" მაინც დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, ეს უკვე „ოცნების" მხარდამჭერებში გამოიწვევს პროტესტს.

„ადამიანები, რომლებიც დადიან, აქციებს ესწრებიან, ზოგიერთი მართლა გულანთებულია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფინასურად არიან ჩართული. თუ აქციის ორგანიზატორები კავშირში არიან დონორებთან, თუ ბალტიის ქვეყნებიდან, ან ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მუდმივი მხარდაჭერაა, რომ მიდით, მიდით, ბოლომდე იდექითო, ეს პროცესი შეიძლება საკმაო ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არაფერს ავნებს არსებულ ხელისუფლებას და მოქმედ ინსტიტუტებს.

„ხელისუფლება ამით ვერ შეარყიეს და ვერც შეარყევენ. მიუხედავად ფულის ხარჯვისა, თავიანთი მასმედიის მუშაობისა, მხოლოდ სტატისტიკური ნული გროვდება საქართველოს მასშტაბით. როცა ქალაქში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს და ამ აქციებზე გამოდის თუნდაც 2-3 ათასი და ბოლო დროს გაცილებით ნაკლებიცაა, ეს არის სტატისტიკური ნული და არ ნიშნავს რაიმე მეტ-ნაკლებად საერთო სახალხო მოძრაობას.

„თუ („ქართულ ოცნება") გამოაცხადებს - ჩვენ კი ვამბობთ, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული (გაყალბებული ნამდვილად არ იყო, ამას ვამბობ სრულიად ნეიტრალური ადამიანი), მაგრამ დიახ, ჩვენ ვთანხმდებით დავნიშნოთ არჩევნებიო, ეს იქნება პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასი და სრულიად ირაციონალური რამ.

„ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა 58% იყო. ვინც არ მივიდა, ისინი პოტენციურად „ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ხელი ჩაიქნიეს - მაინც „ნაცებთან" არიან შეკრული, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ და ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანობა აღადგინონ და გაასამართლონ, ისევ ესენი არიან პოლიტიკურ სივრცეშიო. ახლა ეს (ახალი საპარლამენტო არჩევნები) რომ დაუშვან, მართლაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იტყვის, რომ აი, ჩვენ ხომ ვამბობდით - ისინი შეკრულები არიან, აგერ მათ დაკრულზე ასრულებენ ყველაფერსო. „ოცნებას" ეს ესმის და არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ წავლენ", - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სიმშვიდე და პროტესტის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მოჩვენებითია.

„აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. შესაძლოა შიგადაშიგ მოხდეს სრული მობილიზება, მაგრამ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ის, რომ „ოცნება" თითქოს არ იმჩნევს და თითქოს არ აწუხებს ის, რაც რუსთაველზე ხდება, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მას რომ არ აწუხებდეს, არ მიიღებდა იმ რეპრესიულ კანონებს, რის მიღებასაც ახლა აპირებს.

„ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ თავისუფალი სიტყვა და რუსთაველზე პროტესტი ჩაახშოს? სხვას ხომ არაფერს არ ემსახურება და მართლა მოღალატეებს ხომ არ ეძებს ოპოზიციაში? ისე, მოღალატეები საკუთარ რიგებში რომ ეძებონ, უკეთესი იქნება, მაგრამ მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ეს სიმშვიდე და თითქოს აგდებული დამოკიდებულება მოჩვენებითია.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ ძალიანაც აინტერესებთ და ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს, რომ ეს აქციები ჩაახშოს და მოსახლეობას პროტესტზე გული აუცრუვდეს. თუ არ აინტერესებს, მაშინ კანონებს რატომ იღებს?!" - განაცხადა „რეზონანსთან" ძაბირაძემ.

გააქტიურდება თუ არა პროტესტი გაზაფხულიდან

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ გაზაფხულიდან პროტესტის არც მატებას უნდა ველოდოთ და არც კლებას.

„ალბათ, არც ის და არც ეს. რეალური სოციალური, ეკონომიკური, თუ სხვა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდეს, არ არსებობს. საქართველო ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრების დაცვა, მთავრობის ეფექტიანობა, უსწრებს არა მარტო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ 16 ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან.

„ნახეთ რა ხდება ქუჩაში და არა მარტო თბილისში. ამას წინათ თელავში გახლდით და იქ ისეთ საცობში მოვხვდი, რომ თბილისის საცობი მოგენატრება. ესე იგი მოსახლეობა არა მარტო ავტომობილებს ყიდულობს, არამედ მისი შენახვის საშუალებაც აქვს. მე რომ ასეთი „ჯიპი" მაჩუქონ, მისი მოვლის და შენახვის საშუალება არ მაქვს, ხალხს კი აქვს.

„არც ეკონომიკური, არც სოციალური, არც სხვა რეალური მოტივი არაა, რომ გავიდნენ ქუჩაში. თან ყველაზე კარგად მოსახლეობამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბდა. როცა შედეგები გამოცხადდა, სპონტანურად გამოვიდოდნენ, მაგრამ არავინ არ დაიძრა, არავინ არ გამოვიდა. არც ადრე გამოვიდნენ, სააკაშვილის დაკავების დროსაც კი.

„როდესაც მარშები იყო, არცერთ მარშზე არცერთი (ბარიერგადალახული) პარტიის ამომრჩეველი არ გამოსულა თავისი ლოზუნგით, რომ მათი პარტიის ხმები მოიპარეს, ისევე, როგორც გაყალბებაზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ეს უკარგავს ნდობას მოსახლეობის მეტ-ნაკლებად დიდ ნაწილს, რომ მართლა პროტესტისთვის გამოვიდნენ და დარჩებიან ასე, პერფორმანსების გამოგონებების პროცესში", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან საპროტესტო მუხტი თანდათან მოიმატებს.

„90-იანი წლებიდან გაზაფხულზე საპროტესტო ტემპერატურა ყოველთვის იმატებდა და ხალხი ყოველთვის უფრო აქტიური იყო, ვიდრე ზამთარში და შემოდგომაზე. რადგან პროტესტმა ეს ზამთარი და სიცივეები გადაიტანა, ბუნებრივია, რომ გაზაფხულზე მუხტი უფრო და უფრო მოიმატებს და უფრო ხალხმრავალი იქნება აქციები.

„გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი ფაქტორია - დასავლეთიდან ზეწოლა იზრდება, რაც განპირობებული იქნება ამ სანქციებით, რომელსაც მიიღებენ და ეკონომიკური პრობლემებით. ეს ეკონომიკური პრობლემები უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება მთელი მოსახლეობისთვის და „ქართული ოცნება" სწორედ იმას ცდილობს, რომ პოლიტიკური კრიზისი მანამ მოახშოს, სანამ ამას ეკონომიკური კრიზისი დამატებია.

„ეს პრობლემები აქვს დღეს „ოცნებას". ამასთანავე, უკრაინის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ასეთ ვითარებაში შეხვდება „ქართული ოცნება" მოსალოდნელ ეკონომიკურ და საგარეო კრიზისებს, იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს. ჯერჯერობით იხტიბარს არ იტეხს და ცდილობს, რომ შეუვალად მოაჩვენოს თავი მოსახლეობას", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×