მარიამ ვეკუა
07.03.2025

წუხელ ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო" არჩევნების შემდეგ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს. შორის არიან რეჟიმის ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურები და გამარჯვებული კანდიდატის ახლობლებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირველ მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, გაგრის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა საარჩევნო ურნა და დოკუმენტები.

წუხელ კი სოხუმის რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ახლობლებიც.

„ადგურ არძინბას ნიღბიანი მხარდამჭერები ცეცხლის გახსნითა და კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების დაშინების მიზნით, შეიჭრნენ №14 საარჩევნო ოლქის №5 უბანზე, რომელიც ცანდრიფშის №2 საშუალო სკოლაში მდებარეობს. დაამტვრიეს საარჩევნო ურნა და ბიულეტენები მიმოფანტეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

ცნობილია, რომ ხუთშაბათს ღამით 7 ადამიანი დააკავეს: ადამურ ფაჩალია (მეტსახელად „პაჩახა"), ბატალ ფაჩალია, ტიმურ ფაჩალია, ალხას მიკანბა, ანრი ხაგბა, ახრა ფაჩალია და საიდ არძინბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამოღებულია ნივთმტკიცებები.

„ასევე ამოღებულია დამნაშავეების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა", - იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ არხი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

მას შემდეგ, რაც შეიარაღებული თავდამსხმელებმა „საარჩევნო უბანზე" იერიში მიიტანეს, სროლა მოხდა მახლობლად მდებარე პოლიციის საგუშაგოსთანაც, სადაც დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის არის ადგურ არძინბას ახლობელი, ნურიკ სმირიც.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა ავტომობილებით სცადეს, ხოლო გაქცევის პროცესში პოლოციის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს და ცეცხლი გახსნეს.

ადგილობრივი ტელეგრამ არხები ავრცელებენ ვიდეო მასალებს, ხოლო ოპოზიციურმა არხმა „რესპუბლიკამ" დაადასტურა, რომ სროლის ბრძანება შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა გასცა.

მან მოგვიანებით განაცხადა, რომ „თანამშრომლები პოლიციის შესაბამისი კანონებით მოქმედებდნენ", რადგან დამნაშავეები „არჩევნების ჩაშლასა და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განთიადში საარჩევნო უბანზე თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსული ტელეკომპანიები იუწყებიან, რომ ოპოზიციის ლიდერ არტურ არძინბას გარემოცვიდან რამდენიმე წარმომადგენელი რუსეთში ჩვენების მისაცემად ჩავიდა.

ცნობისთვის, რუსეთში პირველ მარტს სს საქმე აღძრეს „აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისა და დანაშაულის ფაქტებზე".

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ახლადარჩეული ე.წ პრეზიდენტი ბადრა გუნბა პუტინს შეხვდა, რამაც ზუტსად 8 წუთსა და 17 წამს გასტანა.

„რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმის მიზანი ამომრჩველების დაშინება იყო, თუმცა ამან დიდი გავლენა ე.წ არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდინა.

„აფხაზეთში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას პირდაპირი კავშირი ჰქონდა არჩევნებთან. მიზანი იყო ამომრჩევლის დაშინება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას დიდი გავლენა არჩევნებზე არ მოუხდენია.

„რაც შეეხება პუტინისა და გუნბას შეხვედრას, როგორც წესი, დე-ფაქტო არჩევნების შემდეგ პუტინი ყველას ხვდება. თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა შეხვედრას თავისი კონკრეტული დატვირთვა აქვს, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინსა და გუნბას შორის შედგა საუბარი იმის შესახებ, რომ განახორციელონ კონკრეტული შეთანხმებები და დაპირებები. ვფიქრობ, საუბარი შეეხებოდა მიზეზებსაც, რის გამოც ბჟანიას მოუწია წასვლა.

„აშკარად, ბჟანიამ გუნბას წინამორბედმა პასუხი აგო თავისი თანამდებობით, რუსეთისთვის საყურადღებოა ეს დეტალებიც, რათა არ განმეორდეს ეს შესაძლო კრიზისი, რაც მოხდა აფხაზეთში,-როგორ შეიძლება რუსეთი დაეხმაროს გუნბას, რათა მან თავისი დაპირებები შეასრულოს.

„რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, არაფერი შეიცვლება, რადგან აქ უნდა იყოს სულ ცოტა ორი მხარე. არ ჩანს არც აფხაზური მხარე, არც ქართული მხარე. არც აფხაზური მხარე არ იბრძვის თბილისთან დიალოგისთვის და არც თბილისი სოხუმთან დიალოგისთვის. ამიტომ არ ველი, რომ რამე შეიცვლება. როგორც ხდებოდა, ისე გაგრძელდება ყველაფერი. ჯერჯერობით ასე ჩანს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×