
7 მარტს ასი დღე ხდება, რაც პროტესტი უწყვეტად მიდის, ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, კვლავ დღის წესრიგშია და „ფოკუსის გადატანას სხვა მიმართულებით არ აპირებენ". კითხვებზე, რა გვაჩვენა პროტესტის ასმა დღემ და როგორ გაგრძედება პროცესი, ანალიტიკოსები განსხვავებულ სცენარებზე საუბრობენ.
„სანამ (საგრანტო) თანხები ეყოფათ, მანამდე ობოდიალებენ ქუჩაში," - ასე პროგნოზირებს პროტესტის გაგრძელებას პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე.
„100 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ხელახალ, სამართლიან არჩევნებს ითხოვს, ეს დგას დღის წესრიგში, სხვა საკითხებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
„ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის. რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, ...), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები...) მეორე მხარეს კი ღირსებაა, თუნდაც წყლის ჭავლის, ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა, თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), სამშობლოს უკიდეგანო ერთგულება, რწმენა ღვთისა - ფარისეველთა აფიშირების გარეშე - და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული... ე.ი. ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს...
„საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია! იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისთვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები. მათ ტყუილად არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები, რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს "ტიტუშკები" დარბიან ქალაქში, შიში რომ დათესონ! ამ დროს კი ქალაქი დგას! უკვე 100 დღეა! და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!" - წერს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
რა გვაჩვენა პროტესტის ასმა დღემ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ პროტესტმა ერთის მხრივ დაგვანახა ქართული საზოგადოების მზადყოფნა, მეორეს მხრივ კი ხელისუფლების სახე.
„პროტესტმა ორი ძირითადი რამ გვაჩვენა - პირველი ის, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ქართული ღირებულებების დასაცავად იბრძოლოს. არ უშინდება დაშინებებს, ჯარიმებს და მაინც გამოხატანს თავის პროტესტს.
„ამ პროტესტმა დე ფაქტო ხელისუფლების რეალური სახე უფრო უარესად დაგვანახა, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. კანონებს ამკაცრებს ესაა ცვლილებები ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ეხება ჯარიმების უკანონო გამოწერას, ასევე ე.წ. კანონი, რომელიც მასმედიაზე ზეწოლას ეხება.
„დე ფაქტო ხელისუფლებას სამწუხაროდ მიმდევრები ჰყავს. რომელთა მხრიდანაც არის ადამიანების ცემა, გატაცება, დაშინება, მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებიც თავის პასუხისმგებლობას გამოხატავენ - ერი გახლეჩიულია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. სამწუხაროდ ამ პროცესშო ნეიტრალურად განწყობილი ხალხი არის, რომელიც თითქოს არ ერევა, მაგრამ მაჰათმა განდის აქვს კარგად ნათქვამი, რომ თუ უსამართლობის დროს ნეიტრალური ხარ, ესეიგი შენ ხარ მჩაგვრელის - მოძალადის მხარეს", - უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".
ამავე დროს, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, ამ პროტესტმა აჩვენა, რომ დღევანდელი ოპოზიცია „მახუთე კოლონაა".
„ამ პროტესტმა აჩვენა, რომ საქართველოს დღევანდელი ოპოზიცია არის „მეხუთე კოლონა". რომელიც ასრულებდა, ასრულებს და თუ მათ მიმართ სამართლებრივი მიდგომა არ იქნა, მოვალაშიც შეასრულებს უცხო ძალების დაკვეთას, რომ მათ საქართველო ჩააბან ომში. ამ აქციებმა ასევე გვაჩვენა ის, რომ მათ ქართველი ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ."
როგორ გაგრძელდება აქციები
ნიკა ჩიტაძე გაზაფხულზე საპროტესტო ტალღის გაძლიერებას ელოდება. „ჩემი აზრით, პროტესტი გაძლიერდება, ამას თუნდაც კლიმატური პირობები შეუწყობს ხელს. უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს მზადყოფნას გამოვდეს ქუჩაში და გააპროტესტოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ოპოზიციის სტრატეგიასა და ტაქტიკაში ცვლილებები უნდა მოხდეს, თუნდაც ის, რომ რაღაც ალტერნატიულ ცენტრზეა საუბარი, სადაც შევლენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე ოპოზიციონერები, ალბათ ამ მხრივ რაღაც ცვლილებები იქნება.
„ასევე საჭიროა ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ვთქვათ, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კი ბატონო არჩევნებს ვატარებთო, ოპოზიცია მზად ხომ უნდა იყოს აუხსნას ყველაფერი იმ მოსახლეობას, რომელიც რეგიონებში ძირითადად დეზინფორმაციას იღებს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხებიდან?!
„მეორეს მხრივ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ ზეწოლის გაძლიერებას, ყველა კანონი დაინიცირებული აქვთ და სამწუხაროდ ძალიან მძიმე პერიდი გველოდება, ამიტომაც გადამწყვეტი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ედიშერ გვენეტაძე კი პროტესტის მუხტის თანდათან მინელებას ელოდება.
„რა გაგრძელებას უნდა ველოდო? არაფერი გაგრძელება ამას არ ექნება, ახლა „იუ-ეს-აიდის" დახმარებები დაიხურა, ენოვრულ დემოკრატიული და მრავალი ფონდის დახმარებები შეიზღუდა, ახლა ამას თუ დაემატება ის, რომ კანონები მკაცრდება ამ არამკითხე მოამბეთა მიმართ და სანამ ეს თანხები ეყოფათ, მანამდე ობოდიალებენ ქუჩაში. ერთი კლასიკური გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს კომუნისტების დროიდან - იმსჯელეს, დაადგინეს, კრება დარჩა მხიარული, აი, ასეთი სიტუაცია იქნება",- უთხრა გვენეტაძემ „რეზონანსს".