ნატალია ჯვარიძე
06.03.2025

„რატომ არის სწორი, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს? თუ მიაჩნია, რომ მხარდამჭერები ჰყავს, აქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ჩემი აზრით, ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, ეს იქნება მათი მარცხი და არამართებული გადაწყვეტილება", - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას.

„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია და ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ირწმუნებიან, არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამაში კარგი არაფერია, რადგან საზოგადოებას ოპოზიციური აზრები სჭირდება.

„რასაკვირველია, ისინი საბოტაჟს გააგრძელებენ. რაიმე გეგმა არ არსებობს იქამდე, სანამ მსოფლიოში გარკვეულ პროცესებზე შეხედულებები არ დაახლოვდება ამერიკა-ევროკავშირს შორის. სანამ ევრობიუროკრატები თავიანთ პოზიციებს არ შეიცვლიან, მანამდე მარიონეტებიც არ შეიცვლიან პოზიციას საქართველოს მიმართ. ვინც ამბობს, რომ არჩევნებს უნდა დაუპირისპირდეს, მტრად უნდა იყოს აღქმული, რადგან მისი მიზანია, ქვეყანას ზიანი მოუტანოს. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამაში სიკეთე არაფერია, რადგან საზოგადოებას ოპოზიციური აზრები სჭირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციაში კი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული პასუხი, თუ რას აპირებენ - მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ცალკეული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ერთ ფორმატს განიხილავენ - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებამდე 100 დღეა დარჩენილი, ხალხი ქუჩაშია და მათ დღის წესრიგში ეს არჩევნები არ დგას.

„ჩვენ მხოლოდ ერთ ფორმატს განვიხილავთ - ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ახლა ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია იმყოფებიან ბრიტანეთში და პარტნიორებთან ერთად განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთან. რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ. აქედან ვუთვლი რეჟიმს, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე მზაობაზე დაიწყებენ საუბარს და ტელევიზიებთან ყელის მოღერებას, მანამდე უპასუხონ მარტივ კითხვას: რატომ არ არსებობდა სპეციალური ტრაქტორი, რომელიც გზას გაწმენდდა? არანაირი ,,თუ" ჩემთვის არ არსებობს, ჩვენ ვდგავართ ხალხთან. ხალხს აქვს დაყენებული მთავარი მოთხოვნა, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამაზე და ფოკუსის გადატანას სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ. თქვენ ასე ამბობდით, რომ არც სანქციები იქნებაო, თუმცა თითქმის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ რეჟიმს სანქციები დაუწესა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

იგორ კვესელავას აზრით, ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში უნდა ჩაერთოს და დაამტკიცოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. როგორც მან აღნიშნა, ეს არის შანსი, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გაუშვან.

„რაც დღეს, ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვგულისხმობ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას, ძალიან იშვიათია, ურთულესი მდგომარეობაა. მსოფლიო პრაქტიკაში არაა მიღებული და არც ხდებოდა ასეთი რაღაც, როდესაც ერთი გამოკვეთილი ლიდერი არაა და ასეთი დაქსაქსული მდგომარეობაა. ჩვენთან ლიდერების ცვენაა, რომლებიც ყველაფერს თავიანთ თავებზე იღებენ. თუმცაღა ვინ არის აქ მთავარი და ვის მიჰყავს პოლიტიკური „პარადი", ცოტა გაურკვეველია.

„საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსთაველზე დგას და მოძრაობაში ჩაბმულია. ეს გადაზრდილია უკვე ეროვნულ მოძრაობაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელსაც უნდა ხელისუფლების შეცვლა სხვადასხვა მიზეზების გამო. რუსთაველზე შეიძლება იდგე 5 თვე და ერთი წელი, მაგრამ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს. შედეგი კი არის ის, რომ ხელისუფლებამ რამე გადაწყვიტოს. ამ საქმეს ვერავინ მოგვიგვარეს. შეიძლება დაგვეხმარონ, მარამ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.

„საქართველოში ერთი მხრივ შექმნილია ეროვნული მოძრაობა და მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა, გნებავთ ამერიკული, ევროპული ან სხვა დავარქვათ. მას აქვს ერთი ხაზი, სტრატეგია, რომ ხელისუფლება, რომელიც მთავრობაში 12 წელიწადი არის, უნდა წავიდეს. ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, ეს არის მოთხოვნა. ამ სიტუაციაში ჩვენ რა უნდა ვქნათ? მონაწილეობა მივიღოთ იმ შანსში, რომელიც რამდენიმე თვეში გვექნება? მე ოპოზიციას ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ამისთვის კი მუშაობაა საჭირო და რა თქმა უნდა, ფინანსები.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, ეს იქნება მათი მარცხი და არამართებული გადაწყვეტილება. და ეს რატომ არის სწორი? თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს აქ გამოჩნდება თეთრი და შავი. თუ მათ ხელში ჩაიგდეს ადგილობრივი ორგანოები, რასაკვირველია კანონიერი გზით, მაშინ მათ უკვე დიდი საქმე აქვთ გაკეთებული. შემდეგ გამარჯვება რთული აღარ იქნება. ამიტომ ის, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხი უარყოფითად არის განწყობილი, ამ არჩევნებში უნდა გამოჩნდეს. ასე რომ, მე ოპოზიციას ვურჩევ, ამ არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. მე მგონია, მათი მხადამჭერი უცხოელი ორგანიზაციებიც ასეთი აზრის იქნებიან", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×