მარიამ ვეკუა
21.02.2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე ევროპელი მომხსენებლები საქართველოზე მწვავე განცხადებებს აკეთებენ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „რეპრესიულს" უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას „სასტიკი ძალის" გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოში მომხსენებლებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, „ქართული ოცნების" პოლიტიკას კი პრაგმატულად და წარმატებულად მოიხსენიებენ.

ოპოზიციაში ეუთოსგან მკაცრი პასუხის მოლოდინის რეჟიმი უკვე ჩართულია-ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა მსგავს ფორმატებში ამიერიდან აღარ მოხდეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდენბრიკმა, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს „რეპრესიული" უწოდა. ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ გასული წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში რეპრესიები „მკვეთრად იზრდება". მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სავალალო ვითარება ტრაგიკულ უკუსვლად რჩება და ეუთოს მოუწოდა, რომ ძირითადი პრინციპები არ დათმოს.

„არჩევნების შესახებ ოდირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლების დაშინების, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების დისბალანსისა და პოლიტიზირებული მედია პროპაგანდის შემთხვევები. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დარღვევას", - განაცხადა კარინა ოდენბრიკმა.

ეუთოში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა მომხსენებელს მოუწოდა, რომ მოხსენებაში „პოლიტიკური რეპრესიები" აღარ გამოეყენებინა.

„გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია იმის გამო, რომ პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები," - განაცხადა მახაშვილმა.

მახაშვილმა ოდენბრიკს ღიად მიმართა და უთხრა, რომ საქართველო მზადაა ყველა სახის თანამშრომლობისთვის და მტკიცებულებების გაზიარებისთვისაც.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ახალ საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო გარემოს ტექნოლოგიურ განვითარებაზეც. აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში „გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვა" უმნიშვნელოვანესია.

„ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამყარებლად აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით," - თქვა მახაშვილმა.

ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელი, სივ მოსლეტი, სხდომაზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებით წარსდგა.

„ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ," - აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.

სხდომის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესები და ამ პროცესებში საქართველოს როლიც იყო.

ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. „ცხელმა თავებმა" „ქართული ოცნებისთვის" ბევრი სახის იარლიყის მიწება სცადეს, თუმცა ქართულმა მხარემ ყველა დარტყმას გაუძლო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

„1990-იან წლებში და 2008 წელს რუსეთთან ჩვენი სამი ომის გამოცდილების, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით, გავაცნობიერეთ, რომ ამ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწისძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა ემოციების გვერდზე გადადება და პრაგმატული მოქმედება იყო.

„მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები - გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ცხელმა თავებმა" ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ქვეყნის გადარჩენა იყო. უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო," - განაცხადა მახაშვილმა.

სხდომის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართა:

„ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში," - განაცხადა სამხარაძემ.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ „ეუთო შესაბამის პროცედურებს" დაიწყებს და ვარაუდობენ, რომ „მიღებული გადაწყვეტილებაც მკაცრი იქნება."

„საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. ვნახეთ, რომ განწყობა სწორედ აქეთკენ იხრება - არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში," - განაცხადა „ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„რეზონანსთან" პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „მსგავს ფორმატებში" საქართველოს დელეგაციის მიწვევა აღარ მოხდეს.

„ეუთოსთვის ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქართული დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაზე არ მიიწვიონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეუთოდან გარიცხავენ , რადგან გარიცხვის პროცედურას კონსესუსი სჭირდება.

„რაც შეეხება, „ოცნების" რეაქციას, ისინი აცნობიერებენ რომ ექცევიან იზოლაციაში, ამიტომაც შესაძლებელია კვლავ განაცხადონ, რომ ეუთოს გადაწყვეტილებასაც „ჩალის ფასი აქვს", თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არაა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ევროკავშირის ფარგლებშიც გაიმართა ოფიციალური შეხვედრა და საქართველოს დელეგაცია არ მიიწვიეს, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა ბუნებრივია ეს მათთვის არაა მისაღები. აი, თუ დასავლეთი შემოიღებს უფრო მკაცრ სანქციებს, ფინანსური ხასიათის სანქციებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, მაშინ ნამდვილად არ ექნება „ჩალის ფასი".

„აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებებსაც „ოცნება" მეტიმეტად აღფრთოვანებით ხვდება, თუმცა ვფიქრობ, უკრაინის პრობელემა დასავლეთთან მოგვარდება. რაც შეეხება „ოცნებას", მათ აწყობთ, რომ იყოს ეს დაძაბული ურთიერთობა, თუნდაც ამერიკასა და ევროპას, ან ამერიკასა და უკრიანას შორის, ასე რომ, ვფიქრობ, მათი სიხარულის საფუძველი ძალიან ნაადრევია, რადგან ტრამპი საქმის კურსშია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თანამშრომლობს ირანთან , ჩინეთთან და ა.შ." -განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×