ნატალია ჯვარიძე
21.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიცია 25 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს და საზოგადოებას მოუწოდებს ქუჩაში გამოვიდნენ. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ 25-ში საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას.

„ფართო საზოგადოების განწყობებს თუ შევხედავთ, ადვილად შესამჩნევია, რომ რუსთაველზე, თუ თბილისის სხვა უბანზე ჩატარებული აქციები არავის ადარდებს და ყველა დაკავებულია საკუთარი პრობლემებით", - განაცხადა ამ თემის კომენტირებისას ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი სიმბოლური თარიღების აღება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყოველდღიური აქციები გადაიქცეს მასშტაბურ პროტესტში:

„ბოლო 80 დღეა უწვეტი აქცია მიმდინარეობს. ყოველდღე ვერ იქნება ხალხის დიდი რაოდენობა, თუმცა იმდენი მაინცაა, რომ გზა გადაიკეტოს. შესაბამისად, ასეთი თარიღები, როგორიცაა თუნდაც 25 თებერვალი, ან სხვა სიმბოლური დღეები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ხალხი მობილიზდეს და აქციები გაცილებით მასშტაბური იყოს".

„1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით, რა იყო. 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას", „არა რუსულ რეჟიმს!" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ვიდეო მიმართვაში.

გია აბაშიძის აზრით, არც 25 თებერვლის და არც შემდგომი აქციები გავლენას პოლიტიკურ ცხივრებაზე არ მოახდენს.

„ფართო საზოგადოების განწყობებს თუ შევხედავთ, ადვილად შესამჩნევია, რომ რუსთაველზე, თუ თბილისის სხვა უბანზე ჩატარებული აქციები არავის ადარდებს და ყველა დაკავებულია საკუთარი პრობლემებით. რა თქმა უნდა, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა, როდესაც წითელი არმია ოფიციალურად გაბატონდა საქართველოში. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ იმ წითელი არმიის გადმონაშთები დღესაც რადიკალური ოპოზიციის რიგებშია, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი საქართველოს ინტერესები კი არაა, არამედ ის, თუ რას იტყვიან ბრიუსელში, თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში. ეს ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტისთვისაც მიუღებელია. ალბათ ხედავენ, რომ 26 ოქტომბერს შერჩეული პარტიები არჩევნების შემდეგ საკმაოდ დეგრადირდნენ და არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ. იმასაც დავაკვირდეთ, ბოლო დროს ოპოზიციურ ტელეეთერებში საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა პარტიის სპიკერები და ეს სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს.

სალომე ზურაბიშვილი რომ თვითმარქვია როლში გადავიდა და მაგიდასა თუ ზურგს უკან უდევს საქართველოს დროშა და თავს ლიდერად თვლის, შეუძლებელია მასზე სერიოზული ანალიზი გავაკეთო. შესაბამისად, რა იქნება 25-26 თებერვალს, ან მარტში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური მიწისძვრა, სადაც საქართველომ მოზომილი ადგილი უნდა დაიკავოს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ასეთ სიმბოლურ დღეებზე მასშტაბური აქციის გაკეთება სწორია, რადგან უფრო მეტი ხალხი გამოვა.

„ბოლო 80 დღეა უწვეტი აქცია მიმდინარეობს. ყოველდღე ვერ იქნება ხალხის დიდი რაოდენობა, თუმცა იმდენი მაინცაა, რომ გზა გადაიკეტოს. შესაბამისად, ასეთი თარიღები, როგორიცაა თუნდაც ეს საქართველოს ოკუპაციის თარიღი, 25 თებერვალი, ან სხვა სიმბოლური დღეები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ხალხი მობილიზდეს და აქციები გაცილებით მასშტაბური იყოს, ვიდრე ეს არის ყოველდღიური. ეს აუცილებელია, რადგან პერმანენტული აქციები მუდმივად ვერ იქნება ძალიან ხალმხრავალი. რაც შეეხება ამ აქციის ლოზუნგს, კი ბატონო, ძალიან კარგი და სწორია. ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთოდ ყველამ კარგად უნდა იმუშაოს, რომ ეს აქცია იყოს ძალიან მასშტაბური, რომელიც იქნება იმის შეხსენება, რომ კი, ყოველდღე ათიათასობით კაცი რუსთაველზე არ იკრიბება, თუმცა პროტესტი არსად არ გამქრალა, არ არის ის ერთჯერადი და საზოგადოება ყოველთვის მზადაა იბრძოლოს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ არ გახდეს რუსეთის სატელიტი ქვეყანა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×