თამთა ჩაჩანიძე
21.02.2025

"ქართული ოცნება" მედიის კანონს აანონსებს და, როგორ თავად აცხადებენ, ეს იქნება ბრიტანულის ანალოგი. ახალი კანონის კონკრეტული შინაარსი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა წინასწარ რაც ვიცით ისაა, რომ ძირითადად ე.წ. ფეიკ ნიუსებს შეეხება. ამავე კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტური სტანდარტები და განისაზღვრება ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი.

ამასთან "მედიის კანონით" შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან და ეს არ შეეხება კომერციული და რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კანონის განხილვა კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, "ოცნება" ბრიტანული კანონის ანალოგის შემოღებას აპირებს.

"აქ სანქციებზე საუბარი არაა, აქ საუბარია ევროპული სტანდარტის, კერძოდ ბრიტანული სტანდარტის შემოღებაზე, ანუ ფაქტობრივად უნდა გადმოვიღით ჩვენ ის მედიარეგულაციის სტანდარტები, რაც ევროპაშია. აქედან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ტრადიციული გამოცდილება ამ მიმართულებით გააჩნია ინგლისს და ამიტომ ჩვენ აქ ბრიტანული სტანდარტს შემოღებას ვაპირებთ", -განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს ამ კანონის ფარგლებში კანონდარღვევად, ქადაგშვილმა გვითხრა:

"ამაზე ზუსტად ვერ გიპასუხებთ. ჯერ ამ კანონის განხილვა კომიტეტებში და პარლამენტში არ დაწყებულა",- განაცხადა ქადაგიშვილმა "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" იმ კანონზე გვიყვება, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოქმედებს, რომელიც მისი თქმით, გულისხმობს გაერთიანებული კომუნიკაციების ოფისის შექმნას, რომელსაც ყველა(კერძო, თუ საზოგადოებრივი) მაუწყებელი დაექევემდებარება. მისი შეფასებით, ნებისმიერ მოქალაქეს გასაჩივრების უფლება აქვს, თუ მისთვის დამაზიანებელი კონტენტი გავიდა ამა თუ იმ ეთერში. კერძო არასამაუწყებლო მედიაში კი მოქმედებს თვითრეგულირების მექანიზმი.

"თუ ქართულმა კანონმდებლობამ ბრიტანული მოდელი პირდაპირ გადმოიღო, საკმაოდ მისაღები და ხალხის დიდხნიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება. რას გულისხმობს ბრიტანული ვერსია: რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში მარეგულირებელი კომისია შეიქმნა, რომელსაც ჰქვია "ოფ კომი" - კომუნიკაციების ოფისი, რომელმაც გააერთიანა მანამდე არსებული ხუთი მარეგულირებელი. ძირითადი პრინციპი ისაა, რომ ყველა მაუწყებელი, კერძო, თუ საზოგადოებრივი "ოფ კომის" რეგულაციას ექვემდებარება. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ თუნდაც რეგიონულ რომელიმე რადიოსადგურში, აღარ ვლაპარაკობ ცენტრალურ ტელეარხებზე, თუ გავიდა დამაზიანებელი კონტენტი, დამახინჯდა ინფორმაცია, ან სენსიტიური თემა გააშუქეს, რაც ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, თუ კონფლიქტის, დანაშაულის არასწორ და ტენდენციურ გაშუქებას, ნებისმიერ ბრიტანელ მიქალაქეს გასაჩივრების უფლება აქვს, იქნება ეს ინდივიდუალური კოლექტიური თუ ა.შ. შემდეგ "ოფ კომი" ბრიტანეთში გადაწყვეტილებას იღებს - გააჩნია როგორი დარღვევა იყო, რიგ შემთხვევაში ეს არის გაფრთხილება, ჯარიმა და თუ დარღვევა განმეორებადი იყო, ლიცენზიის ჩამორთმევა.

"რაც შეეხება კერძო არასამაუწყებლო მედიას, იქ უკვე თვითრეგულირების მექანიზმი მოქმედებს, რომელიც იმ რედაქციებმა უნდა შეიმუშაონ. საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ტელემაუწყებლობით ხდება ძირითადად ტიქსიკური დეზინფირმაციის გავრცელება. როდესაც ამას ბრიტანული ტიპის ქართული კანონმდებლობა ალაგმავს, საზოგადოება დაისვენებს ფსიქოლოგირუი ტერორისგან, მუდმივი ტყუილებისგან, ბოროტი ცილისწამებისგან და ა.შ. ახლაც ზუსტად იგივე ვარიანტი იქნება, როგორც ამერიკული "ფარას" შემთხვევა, როდესაც ქვეყნების დასახელება იცვლება და კანონის შინაარსი იგივეა.

"ამას რადიკალური ძალები ისევ რუსულ კანონმდებლობად შერაცხავენ, მაგრამ ეს თემაც რევანშისტებს ისე გაუნელდათ, რომ უკვე დასაცინად გაუხდათ საქმე. უკვე ეზოებში მესმის ხოლმე, ბავშვები ერთმანეთს ეხუმრებიან შე რუსო, რუსეთის მონა და ა.შ. როდესაც პოლიტიკური ნარატივი ასე გახუნდება და საღლიცინო ხდება, იქ უკვე სრულ კატასტროფაზეა საუბარი.

"ბრიტანული მოდელი თავისი ჩამონათვალით კიდევ უფრო ვრცელია და ბევრი კატეგორიაა, რაც ჟურნალისტურ სტანდარტებს არ შეესაბამება და თუ ამას ქართულ სივრცეში გადმოიღებენ, ნამდვილად მისასალმებელი იქნება, ცხადია დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 17 ტებერვალს განაცხადა, რომ სხვა კანონპროექტებთან ერთად. დაინიცირდება „მედიის კანონი", რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს" შეეხება.

„მედიის კანონი", რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს" შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული.

„ამ პროექტების საბოლო მიღებამდე რჩება თვე-ნახევარი, შესაბამისად, მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება",- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა "მედიის კანონზე".

"უპირველეს ყოვლისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ცენზურა. ცენზურა გულისხმობს წინასწარ კონტროლს და გაფილტვრას ინფორმაციის. ცენზურა გულისხმობს თქვენს რედაქციაში, ან სადმე რედაქციაში, როდესაც წინასწარ, ინფორმაციის გასვლამდე ხდება მისი კონტროლი. ეს არის ცენზურა! არანაირი შეხება ცენზურასთან ბრიტანულ სტანდარტს არ აქვს. ბრიტანული სტანდარტი, BBC-ის სტანდარტი აიღეთ თუნდაც, ეხება უკვე გასული ინფორმაციის შემდეგ შეფასებას, თუკი ის იყო ტყუილის შემცველი, ცილისმწამებლური და ა.შ.

"საუბარი გვაქვს იმაზე, რა ვქნა, რა ვუყოთ ჩვენ იმ ფეიკ-ნიუსებს, სიყალბეს, რომელიც ვრცელდება მედიაში. არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს. მათ შორის, იმის გამო, რომ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორ ვებრძოლოთ ფეიკ-ნიუსებს. ევროკავშირიც ამაზე ფიქრობს და ებრძვის, აშშ-ც ამაზე ფიქრობს და ებრძვის. ჩვენც ზუსტად ამაზე ვფიქრობთ და ვებრძვით.

"მითუმეტეს, რომ ზუსტად ამ მხილებებმა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედებდა მთელი ქსელი, მედია-ორგანიზაციების, რამდენიმე ასეული, რაც ითქვა, რომელიც ზუსტად ერთი ნარატივის დაკვირვებაზე მუშაობდა, ყალბი ინფორმაციის ერთგვაროვნად გავრცელებაზე მუშაობდა და რა თქმა უნდა, ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება უპირველესყოვლისა, ჩვენი მოქალაქეები, რომ იყვნენ ინფორმირებული.

"კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავიცვათ დეზინფორმაციისგან ჩვენი მოსახლეობა. დეზინფორმაციის დაცვად უნდა იყოს ინფორმაცია. როგორ ხდება ეს? როგორც მოხდება ბრიტანეთში, ზუსტად ისე, იმ სტანდარტებით, რაც საქართველოშიც არაა უცხო. მათ შორის, ყველა მედიას წესით უნდა ჰქონდეს საკუთარი შიდა სტანდარტი, ეთიკის კოდექსი, რომელიც ზუსტად ამას ამბობს: გადამოწმება, ინფორმაციის არგაშვება - ყალბი ინფორმაციის. ამაში არაბუნებრივი ხო არაფერი არ არის? - არა!

"თავისით ეს არ რეგულირდება, თვითრეგულირება ე.წ. ჩვენ ვხედავთ, რომ არ მუშაობს. შესაბამისად, კანონმდებელი არის ვალდებული, რომ საკანონმდებლო რეგულირება გააკეთოს ამ საკითხის. რა არის ყველაზე კარგი სტანდარტი? - ბრიტანულია! თუ რამე სხვა სტანდარტი იცით, თქვით, მაგრამ ბრიტანული სტანდარტი და BBC-ზე მოქმედი სტანდარტი, ითვლება, რომ არის კარგი. ჩვენც ზუსტად იმ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ. რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი, ვინც ამით შეიძლება შეწუხდეს, არიან ისინი, რომლებსაც სურთ, რომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×