თამთა ჩაჩანიძე
20.02.2025

ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ, იგეგმება მეორე საგანგებო სამიტი, ამასთან, დაანონსებულია კიევში ვიზიტები. როგორც ევროკავშირის წვერი ქვეყნები აცხადებენ, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით ყურადრება უნდა მიექცეს გაფართოების პროცესს, ამ კუთხით საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი პოზიციის ფონზე, ევროკრატია დაბნეულია.

„როდესაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა უკრაინა-რუსეთის ომსა და მშვიდობის უალტერნატივობაზე, მას პრორუსულს უწოდებდნენ. ხელისუფლების ნათქვამი ტრამპის ადმინისტრაცია დაადასტურა, რომელიც ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინაში სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„ახლა კი, სამარცხვინოდ, ცალკეული ევროპელი ლიდერები და პოლიტიკოსები თეთრი სახლის ახალ ხელმძღვანელს მწვავედ აკრიტიკებენ, ამ ფერხულში ჩაერთვნენ ქართული ოპოზიციის ის უსინდისო წარმომადგენლები, რომლებსაც არათუ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც არაფერი ეთქმით იქიდან გამომდინარე, რომ ტოტალურად უვიცები არიან, რაც არაერთხელ დაამტკიცეს კიდეც.

„უადგილოა ისიც, რომ ცალკეული ევროპელი პოლიტიკური აქტორები საქართველოსა და უკრაინას ერთ კონტექსტში განიხილავენ, მაგრამ, ვფიქრობ, ევროკრატია ახლა გარკვეულწილად დაბნეულია და არ იცის, როგორ იმოქმედოს - თავს ესხმის ტრამპის ადმინისტრაციას, ცალკე აქეთ საქართველოს ამუნათებს და ჰგონია, რომ რაღაც ქულებს დაიწერენ ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ძალიან ცდებიან, რაც უფრო მეტი დამუნათებაა, მით მეტი უარყოფითი რეაქციაა ქართველებისგან. ეს ვერ გაითავისეს, ვერც აქ მომუშავე ევროპელმა დიპლომატებმა და ვერც ბრიუსელში.

„ვფიქრობ, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა, სიტუაცია დალაგებისკენ და დაწყნარებისკენ წავა. ეს უსინდისო და უარგუმენტო დაპირისპირება ევროპიდან შეჩერდება და ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური ვარ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ევროპელმა ლიდერებმა თვალი უნდა გაუსწორონ იმ ჰეგემონ ძალას, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება წარმოადგენს. როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები არ იხდიან საკმარის თანხას თავიანთი თავდაცვისთვის და ეს კვლავ უნდათ აშშ-ს ზურგზე აჰკიდონ, ასე ვეღარ გაგრძელდება. ამას ხაზგასმით ამბობს როგორც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ისე სხვა ოფიციალური პირები.

„ძალიან საინტერესო იქნება საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და ბრიტანეთის პრემიერ სტარმერის ვიზიტი ვაშინგტონში. ვიცით, რომ დონალდ ტრამპი ბუნებით გარიგების დამდები პოლიტიკური ფიგურაა, მას უწინარესად აინტერესებს გარიგება ამერიკელთა ინტერესების სასარგებლოდ, სხვა არაფერი არ აქვს პრიორიტეტში იმის გარდა, რომ ამომრჩევლებს დაპირებები შეუსრულოს. ევროპის ცალკეული ლიდერები ზედმეტად თავხედობენ, ადრე თუ გვიან მოუწევთ შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც მათ დისკომფორტს უქმნით, მაგრამ აიძულებთ შეცვალონ საკუთარი სახელმწიფოების პოლიტიკა როგორც ტრანსატლანტიკურ ჭრილში, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს, პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც", ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი შემობრუნდება. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„როგორც [ევროკავშირის საბჭოს] პრეზიდენტი ქვეყანა, ვზრუნავთ ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გაფართოების პროცესის სისწრაფესა და ხარისხზე. გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ბევრი კრიზისის დროს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს.

„პოლიტიკური ვაკუუმის დატოვება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში - ბალკანეთში, უკრაინაში ან მოლდოვაში - კარის გაღებაა სხვა, არადემოკრატიული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ჩართულობის დონის შესაბამისი იქნება.

„სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რაც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს", - განაცხადა სიკორსკიმ.

ამის პარალელურად, ბოლო მოვლენების ფონზე ევროპელი ლიდერები უკრაინაში ვიზიტით ჩადიან, ნაწილი კი ვაშინგტონს ეწვევა.

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები 24 თებერვალს კიევს ეწვევიან.

„24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გადავწყვიტე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ", - წერს ანტონიო კოსტა პლატფორმა იქს-ზე.

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 24 თებერვალს კიევს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესიც ეწვევა.

„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას", - დაწერა სანჩესმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი მომდევნო კვირას ვაშინგტონში ჩადის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსის" ეთერში განაცხადა. აშშ-ში ვიზიტისას მაკრონი ტრამპს შეხვდება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა შანსები არსებობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მხრივ, უოლცმა აღნიშნა: „ჩვენ ჩართულები ვართ ყველა მხარესთან, შემდეგი ნაბიჯი არის ტექნიკური გუნდების დანიშვნა, რათა დავიწყოთ უფრო დეტალებზე საუბარი".

როგორც ცნობილია, მომდევნო კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×