ნატალია ჯვარიძე
20.02.2025

„პოლიტიკაში შემოაგდებს რაღაც სიტყვას და მერე ცდის, აკვირდება თუ რა რეაგირებას გამოიწვევს ეს. ასე იქნება „ოცნებასთან" მიმართებაშიც. პირდაპირ გეუბნებით, ტრამპს ამ ხელისუფლებასთან საერთო არ ექნება",- აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და მმართველი პარტიის გამოხმაურებაზე ესაუბრა.

დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებმა „ქართული ოცნების" კმაყოფილება გამოიწვია, უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ტრამპის პოზიციები ერთი ერთში ემთხვევა ხელისუფლებისას. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ტრამპის პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით. ტრამპი ზელენსკის საყვედურობს, მას დიქტატორიც კი უწოდა. ასევე, მის დაბალ რეიტინგზე საუბრობს და უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამასთან, ის იმ ასობით მილიარდის ხარჯვით ინტერესდება, რომელიც ამერიკიდან უკრაინაში გაიგზავნა. ამერიკის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე რუსეთის ლიდერთან მუშაობს. ზელენსკი კი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ ვაკუუმშია.

იგორ კვესელავას შეფასებით, დონალდ ტრამპის განცხადებები შეიძლება არ ასახავდეს იმას, რასაც აპირებს, რადგან მისივე თქმით, ჯერ სიტყვას შემოაგდებს და რა რეაქციაც ექნება იმის მიხედვით იქცევა. კვესელავას აზრით, „არც „ოცნებას" უნდა ჰქონდეს კარგი მოლოდინი.

„ხელისუფლება ერის ნაწილია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საზოგადოებრივი საერთო პოლიტიკური აზრი ხელისუფლებასთან თანხვედრაშია. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკურად მოაზროვნე მთავრობა. შეიძლება რამდენიმე იყოს, მაგრამ საბოლოოდ, ამის დეფიციტია. რას ამბობენ დიდი სახელმწიფოები, შესაძლებელია ჩვენთვის მთლად არ იყოს გარკვეულწილად წვდომის საგანი, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცასთან უნდა ვიყოთ, ვიღაცასთან უნდა ვიურთიერთოთ. სამწუხაროდ, ისტორიულად სულ ასე იყო, ყოველთვის გვჭირდებოდა დიდი მფარველი და ამ მფარველებს შორის მიდიოდა პოლიტიკური თამაში. მე ვამბობდი და ახლაც ვაცხადებ, აგვისტოს ომი დაკავშირებული იყო ორი ქვეყნის გარიგებასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ადვილად აღიარა ეს და დიდი წინააღმდეგობები აფხაზეთთან დაკავშირებით მსოფლიოსგან არ ჰქონია. ფაქტობრივად, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაიღო. შეიძლება ზოგიერთს არ მოეწონოს, თუმცა ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილია. და ამერიკამ რა მიიღო? ჩვენ ვიცით, რომ იყო საუბრები დანარჩენ ნაწილზე. სინამდვილე თუ გინდათ, საქართველო განაწილებულია.

„ამერიკას უამრავი პრეზიდენტი ჰყავდა, თუმცა მათ შორის ძლიერი სულ რამდენიმეა. ერთ-ერთი დონალდ ტრამპია. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს მისი გამონათქვამები, მისაღები არ იყოს და შესაძლოა უცნაურადაც მოგვეჩვენოს, თუმცა ესაა პოლიტიკა. დავუშვათ, მან რაღაცა თქვა ჩვენს ხელისუფლებაზე, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამათ ტაშს დაუკრავს და მათთან იქნება. ეს არის სპეციალურად შემოდგებული დიპლომატიურ-პოლიტიკური ხერხი. ტრამპი წარმოადგენს ამერიკას, რუსეთს პუტინი, მაგრამ საქართველოში ასე არაა, რასაც ყველა იყენებს. ტრამპი გახლავთ მოაზროვნე და მოთამაშე პოლიტიკოსი, განსხვავებით სხვა ამერიკელებისგან. აი, რას აკეთებს, იცით? პოლიტიკაში შემოაგდებს რაღაც სიტყვას და მერე ცდის, აკვირდება თუ რა რეაგირებას გამოიწვევს ეს. საოცარი მიგნებები აქვს, ეს არის პოლიტიკური აზროვნება. აქედან გამომდინარე, თუ ის რამეს იტყვის „ქართულ ოცნებაზე", ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ ამბობს. პირდაპირ გეუბნებით, ტრამპს ამ ხელისუფლებასთან საერთო არ ექნება, მას საერთო ექნება საქართველოსთან. მე ვერ გეტყვით იქნება თუ არა ეს დღევანდელი ოპოზიცია, ან ლიდერები, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ იქნება ეს დღევანდელი ლიდერები , არც დღევანდელი ხელისუფლება იქნება.

„სავარაუდოდ, ამერიკაში მიმდინარეობს ძიება საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ძალების მოსაყვანად, მაგრამ ეს ასე უცბად არ ხდება. საქართველო რჩება მათთვის გეოპოლიტიკურად მისაღები. საქართველოს საშუალებით უნდა გავიდნენ სადღაც, თორე ეს ქვეყანა მათთვის დიდი დაინტერესების ობიექტი არ არის. გასაგებია, რომ ჩვენ ხიდი ვართ, თუმცა ეს რამდენად მყარია? ხიდი, რომელზედაც თუ შედგები, შეიძლება ჩაიმტვრეს. ჩამტვრეულ ხიდზე შედგომას კი ამერიკა არ აპირებს. სწორედ ამაშია საქმე, მას ისეთი ხელისუფლება უნდა, რომელიც ამ ხიდს გაამყარებს. მომენტში საქართველო დასჭირდება, მაგრამ არა ყოველთვის. ხელისუფლებამ უნდა შეარჩიოს და თქვას, ინტერესები, რაც საქართველოს აქვს და თავისთავად ამერიკის ინტერესები არის თუ არა თავსებადობაში და აქედან რა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, თორემ ამერიკა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს გააკეთებს. მას არ აინტერესებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვაინტერესედეს მათი ინტერესებიდან, რა იქნება ჩვენთვის დადებითი. რუსეთთან ურთიერთობა არ გვაქვს, ევროპისკენ შებრუნება, ჩემი აზრით ამ ხელისუფლების პირობებში უკვე შეუძლებელია, რადგან ძალიან შეტოპეს.

ტრამპის პოლიტიკას უნდა დაველოდოთ და „ხბოს აღტაცება" არ უნდა გამოვიჩინოთ, როგორც „ქართული ოცნება" აკეთებს. ტრამპმა რაღაც თქვა, იტყვიან - ეს არის დიდებული, მეორე წუთში, რომ მათთვის მოსაწონი არ თქვას, მერე იტყვიან - ეს არის საშინელება. მოვითმინოთ და აღელვების ფონზე კრიტიკას მოვერიდოთ", - აღნიშნავს კვესელავა.

იგორ კვესელავამ უკრაინის ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა პროცენტული გარიგება მიდის.

„ჯო ბაიდენის ადმინსიტრაციის კურსი უკრაინასთან დაკავშირებით ცნობილი იყო. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ბრალი იყოს, იმის მიუხედავად, რომ ამის შედეგი ორივესთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს. რაც ბაიდენისთვის მისაღები იყო, იგივე არ აღმოჩნდა ტრამპისთვის. ხალხი ბრმა არ არის, უკრაინა იყო ფულის გაკეთების ადგილი. ყველამ იცის, რომ რა თანხებიც გამოიყოფოდა უკრაინისთვის, ყველაფერი კი არ მიდიოდა და ომს კი არ ხმარდებოდა. პროცენტული გარიგება მიდის, 50/50-ზე, 40/60-ზე და ა.შ. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, გამოყოფილი თანხები სრულად არ მიდის იქამდე.

„უკრაინა ყველანაირად ძალიან მდიდარი ქვეყანაა. იცით როგორია? რუსეთისთვის და ამერიკისთვის კარგია, მაგრამ საშიშიცაა. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ტრამპმა ზელენსკის შესთავაზა წინადადება. მან უთხრა, რომ თუ გინდათ ჩემი დახმარება, მეც უნდა დამეხმაროთ, რომ თქვენს ქვეყანაში შემოვიდე და ეკონომიკური შესაძლებლობა მქონდესო. გაცვლა არის ეს, რაზეც ზელენსკის განსაკუთრებული რეაგირება არ ჰქონია.

„მართალია, არაა სასიამოვნო მოსასმენი, როცა ტრამპმა ზელენსკიზე თქვა დიქტატორიაო, თუმცა ახლა დააკვირდით ამას საქართველოს ხელისუფლება როგორ უპასუხებს - აი, ტრამპმა თქვა დიქტატორიაო და ესენიც იგივეს გაიმეორებენ. მე ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას" ტრამპი მაინც და მაინც გულზე არ ეხატება. ახლა ამ განცხადებასაც აქვს ახსნა, შეიძლება შემოგდებულია, ელოდება რეაგირებას ერთის მხრივ, უკრაინის და მეორეს მხრივ, სხვა ქვეყნების და ეს ხომ რუსეთს სიამოვნებს? ეს რუსეთის სიამოვნებისთვისაა და დასაწყისია იმისა, რომ უკრაინის საკითხში რუსეთი და ამერიკა უნდა გარიგდნენ.

„ამიტომ მე ვფიქრობ, ტრამპი აკვირდება რა რეაქცია ექნება მის გამონათქვამს როგორც დიდ, ასევე პატარა სახელმწიფოებში და ამის მიხედვით, არ არის გამორიცხული შეცვალოს, უკან დაიხიოს ან თქვას, რომ იმ პერიოდისთვის არ იყო მისაღები და ა.შ.", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×