
„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ამერიკულ „ფარას" სიტყვასიტყვით გადმოიტანენ ქართულ კანონმდებლობაში, რისი ამოქმედებისთანავე არსებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონს გააუქმებენ და „თუ კანონის შინაარსზე ვინმეს რამე პრეტენზია და კითხვა ექნება მიმართონ აშშ-ს", ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, საქართველოს კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემა აქვს, აშშ-ს კი ანგლო-ამერიკული პრეცენდენტული სისტემა და სულ რომ სიტყვა-სიტყვით ითარგმნოს „ფარა", გარკვეული ნიუნასები მაინც უნდობლობას იწვევს. ნაწილს კი მოლოდინი აქვს, რომ „ფარა" იქნება გაცილებით მკაცრი, ვიდრე ე.წ. რუსულ კანონში გაწერილი მუხლებია, რადგან ეს ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
უნდა ითქვას, რომ დღეს „უცხოური გავლენის გამვირვალობის შესახებ" კანონი ფაქტიურად არ მოქმედებს, რომელიც გასული წლის 1-ელ სექტემბერს შევიდა ძალაში. კანონის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ჰქონდათ 2024 წლის სექტემრის დასაწყისიდანვე, თუმცა რეგისტრაციაზე უარი თქვეს ორგანიზაციებმა, რომლებიც კანონპროექტის დაინიცირების დღიდანვე აპროტესტებდნენ.
არსებული კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. ამასთან, გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის დეკერმებრში განაცხადა, რომ კანონი არ არის ამოქმედებული სრულად.
„კანონი არ არის ამოქმედებული სრულად ამ ეტაპზე. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, იყო რისკი, ვიღაცას არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა სრულად ამ კანონის ამოქმედება, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიდგომა იყო რბილი, რასაც ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. რეალურად ალბათ უნდა დაიწყოს მალე [კანონის ამოქმედების] პროცესი, რადგან ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის," - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ამერიკულ "ფარას", იგივე უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს (Foreign Agents Registration Act), კანონი უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელ პირებს ვინაობის გასაჯაროებას ავალდებულებს. მოითხოვს, რომ „უცხოეთის აგენტებმა" (პიროვნებები ან ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების მთავრობების ლობირებასა და ადვოკატირებაში) გაიარონ რეგისტრაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში და საჯარო გახადონ მათი კავშირები, ქმედებები და ფინანსური კომპენსაცია.
„ფარა" არ კრძალავს უცხოური ინტერესების ლობირებას, ან რაიმე სხვა კონკრეტულ ქმედებას. მის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის ხელშეწყობა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკაზე და კანონმდებლობაზე უცხოური გავლენების შესახებ, რა მიზნითაც იუსტიციის დეპარტამენტი ვალდებულია, უზრუნველჰყოს მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა. კანონი ძალაში შევიდა 1938 წელს და მისი მთავარი ფუნქცია ნაცისტურ პროპაგანდასთან გამკლავება იყო. თავდაპირველად კანონის აღსასრულებლად სისხლის სამართლებრივი დევნაც გამოიყენებოდა, თუმცა, 1966 წლიდან მხოლოდ სამოქალაქო სახდელები და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გააუქმოს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (ეფბიაია)საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აშშ-ის პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა. ამის შესახებ მემორანდუმი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა პემ ბონდიმ გამოსცა. მემორანდუმის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი „ფარას" ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლები სჩადიან.
უცხოური გავლენის სამუშაო ჯგუფი აშშ-ის 2016 საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა ეფბიაი-ისა და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მიერ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხად. თუმცა „ფარას" განყოფილება რჩება იუსტიციის დეპარტამენტის კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის სექციაში. ბონდის ბრძანებით, ეს სექცია ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო აღსრულებისა და მარეგულირებელ ინიციატივებზე.
რა მიზანი აქვს არსებული კანონის „ფარათი" შეცვლას
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველ რიგში ჩვენ სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს და აშშ-ს სხვა, და ამიტომაც არაა სწორი ზუსტი ანალოგის გადმოღება, და მეორეც, მისი თქმით, „ოცნება" „ქოთანს ყურს საით მიაბამს, არავინ იცის".
„ოცნების" ნათქვამს და დაპირებას არანაირი ფასი არა აქვს, შეიძლება თქვან, ამერიკულის ანალოგს ვაკეთებთო, მაგრამ მერე სულ სხვა რამ გააკეთონ. თავისთავად „ფარა" პოლიტიკურ ლობიზმზეა, ანუ როდესაც უცხო ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს ორგანიზაცია, ან ადამიანი. თუ საქართველოში რომელიღაცა ადამიანის ქმედების, შეფასების, თუ საქმიანობის მიზანი არის ლობირება გინდა რუსეთის, გინდა ჩინეთის, გინდა იგივე ამერიკის, აი, ამაზე უნდა იყოს და ამისთვის ჩვენ გვაქვს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ". თუ ამ საკითხზე უნდათ რაღაც, მაშინ კანონში ცვლილებები შეეტანათ.
„არასამთავრობო სექტორის და მედიის კონტროლი „ფარაში" არ შედის. „ფარა" არ ავალდებულებს გინდა თუ არა ყველა არასამთავრობოს შემოწმებას, ამ შემთხვევაში უნდა იქნას დასაბუთებული, რომ აქ კონკრეტული ქვეყნის ინტერესების გატარება ხდება. ამიტომაც აქ როგორ და რანაირად იქნება, არავინ არ იცის. მე მაგალითად არ მჯერა, რომ ეს იქნება ამერიკულის ადეკვატური, რადგან ჩვენ სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონტინენტური სამართალი, ამერიკა-ბრიტანეთშია პრეცედენტული სამართალი, აქ ცოტა განსხვავებული ნიუანსებია და ამიტომ ქოთანს საიდან მიაბამენ ყურს, არავინ არ იცის.
„თუ გადმოწერენ, გადმოწერონ, მერე იქ რაღაც არსებითი მომენტებია, რაც ამერიკულ კანონში შეიძლება არ იყოს. მოკლედ, კაცმა არ იცის რას გააკეთებენ. არსებული „რუსული კანონი" ვერ მუშაობს და ვერც იმუშავებს თუ ქვეყანაში არ არის დიქტატურა ან ავტორიტარიზმი. ამ კანონის მოქმედება შეუძლებელია ავტორიტარიზმის გარეშე, ეტყობა ჩათვალეს, რომ მაინც ვერ ამუშავებენ. სხვას შემოვიტანთო და „ფარაზე" გააკეთეს აქცენტი, მაგრამ სინამდვილეში რა იქნება, არავინ იცის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამერიკულ „ფარაში" გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნებია და ეხება ასევე ფიზიკურ პირებსაც. სავარაუდოდ 20%-ზე მტი უცხოური დაფინანსების ბარიერიც იხსნება.
„განსხვავებები არის, თუნდაც იმ მნიშვნელოვანი დეტალით, რომ „ფარა" ასევე ეხება ფიზიკურ პირებსაც. იქ გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნებია. „ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ჩათვალეს, რომ თუკი ისინი საქართველოს კანონმდებლობაში ამერიკულ კანონმდებლობას ასახავდნენ, რომლებიც აშშ-ში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის საჭიროა და ა.შ. ამაზე დასავლეთს ნაკლები პრეტენზიები ექნებოდა. თუკი ეს კანონი დემოკრატიულ ამერიკაშია საჭირო, რატომ არ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული დემოკრატიულ საქართველოში?
„კიდევ ერთი განსხვავება - თუ დავუშვათ „გამჭვირვალობის კანონში" მხოლოდ სუბიექტები იყვნენ ისინი, ვინც 20%-ზე მეტს იღებდა უცხოურ დაფინანსებას, ახლა მე მგონი ეს ბარიერი იხსნება და პრაქტიკულად ყველა, ვინც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ისინიც ამ კანონმდებლობის ქვეშ მოხვდებიან, დავალდებულები იქნებიან რეგისტრაციაც გაიარონ და დეტალური ანგარიში წარმოადგინონ სად, როგორ და რანაირად დახარჯეს უცხოეთიდან მიღებული ფული.
„ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ მუშაობს ეს (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) კანონი, სად არიან დაჯარიმებული არასამთავრობო ორგანიზაციები. რამდენადაც ვიცი, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი განაცხადა არ დაუჯარიმებიათ და როგორც „ქართული ოცნების" განცხადებიდან გავიგე, კანონი, რომელიც ოფიციალურად სექტემბერში შევიდა ძალაში, არ ამოქმედებულა. ჩემი აზრით, იმიტომ არ ამოქმედებულა, რომ მათ არ სურდათ ამ კანონის ამოქმედებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ჯარიმების და სხვა შეზღუდვების დაწესებით არჩევნების პერიოდში კრიტიკოსებისთვის საბაბი მიეცათ, რომ მათ ეს რეპრესიული კანონი არჩევნების წინ აამოქმედეს, სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდეს და შემდეგ ამას ვიცით რა დასკვნები და შეფასებები მოჰყვებოდა. ამიტომაც არ აამოქმედეს ეს კანონი და ახლა უკვე როდესაც არჩევნებმა ჩაიარა, გადაწყვიტეს, რომ ეს კანონი „ფარას" ქართული ანალოგით შეცვალონ, რომელიც უფრო ყოვლისმომცველია და უფრო მკაცრი.
„ვფიქრობ ამით იმ ხალხს, ვინც საზღვარგარეთიდან იღებს ფულს, უკვე მოუწევს ამ ხარჯების სრულად გასაჯაროვება, რადგან იქიდან გამომდინარე თუ რა დონეზეა დღეს გაუარესებული „ქართული ოცნების" ურთიერთობები დასავლეთთან, მათთვის უკვე ეს ბოლო შემაკავებელი ფაქტორებიც მოხსნილია, რა შემაკავებელი ფაქტორებიც არჩევნების წინ არსებობდა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ კი, ამერიკული „ფარა" მიიღე, მაგრამ ამერიკაში სხვა სიტუაციაა და საქართველოში სხვა. მაგალითად. აქ მომუშავე ამერიკელმა იურისტმა ტედ ჯონასმა დაწერა შედარება თუ რატომ არ შეიძლება საქართველოში იქნას მიღებული „ფარა", მაგრამ ეს უფრო პოლიტიზირებული შეფასება იყო. ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება" ერთგვარ ვა-ბანკზე წავიდა და ალბათ დაელოდება რა რეაქციები იქნება. გარედან პირველი რეაცქიები, რასაც მე ვხედავ, ძირითადად ნეგატიურია," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
რას აცხადებს "ოცნება"
„პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ის „ფარას" კანონს, კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, კითხვა თუ აქვს, მიმართონ აშშ-ს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით დღემდე არის მცდელობა, რომ ბუნდოვანება შექმნან და კანონის დისკრედიტაცია მოახდინონ, ამიტომ მმართველი გუნდი სიტყვასიტყვით გადმოიღებს ამერიკულ კანონს, რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს.
„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს,", აქ ვხედავთ, რომ დღემდე ხალხი, რომელსაც შიგნით თუ გარეთ წაკითხულიც არ აქვს ეს კანონი, ქართველები ცდილობენ-ხოლმე, რომ ან თარგმანში დააბნიონ უცხოელები, თუ რა არის ამ კანონის შინაარსი და პირიქით, უცხოელები აქეთ მერე გვიმტკიცებენ საკითხებს, რაც არ წერია საერთოდ კანონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული ვერსია ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ, რომ ამას მაინც იყენებენ, ბუნდოვანებას ქმნიან კანონთან დაკავშირებით, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ამიტომ, ხომ არის აშშ მათთვის იდეალი და მისაბაძი. აგერ არის აშშ, არის მისი „ფარა", რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს. აშშ რომ გარე ჩარევებისგან დაცულია, ალბათ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, შესაბამისად ე.ი. ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი. პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, რაიმე კითხვა თუ აქვს და ვერ ერკვევა, მიმართონ აშშ-ს. რაიმე თუ მიაჩნიათ სამართლიანად ან უსამართლოდ, მიმართონ აშშ-ს. ან თქვან მაშინ, რომ აშშ-ის სისტემა თუ შტატები მიაჩნიათ არადემოკრატიულად და არასამართლიანად. ამიტომ სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ის კანონს", - განაცხადა პაპუაშვილმა.