თამთა ჩაჩანიძე
31.01.2025

„ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასებისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას შეიქმნება, საკითხი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გავა, 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს, რის შემდეგაც, მასალები სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.

„ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღეისთვის „ჩამოყალიბდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რომელიც „მუდმივ საფრთხეს უქმნის ქვეყანას". „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ კონტექსტში არ გამორიცხავს, რომ გამოძიება მიადგეს მათ შორის ოთხივე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალას.

„პოლიტიკით დაინტერესებული ერთი ჩემი მეგობარი ხშირად ამბობს-ხოლმე, რა ხდება არ მესმისო, როცა თითქოს ყველაფერი ისე მიდის, როგორც „ოცნებას" აწყობსო, უცბად გადმოაგდებს „ოცნება" რაღაცას ისეთს, რომ ირევა ქვეყანაო - იქ გამჭვირვალობაზე კანონი და ა.შ. ახლაც ამ თემაზე მასთან დიალოგი არ მქონია, მაგრამ ალბათ ასეთი მოვლენაა აქაც, ახლა თითქოს ამის აუცილებლობა არ იყო, შესაძლოა ადრე უფრო იყო, ან უფრო გვიან, როცა მომაგრდება „ოცნება" მერე, მაგრამ „ოცნების" მომხრეებს არ უთქვამთ არიქა, გინდა თუ არა თებერვალში გააკეთეო. ამიტომ ასეთი ნაბიჯი ისევ იგივე კითხვას ბადებს - რატომ იტკიებს აუტკივარ თავს „ოცნება"?

„ეჭვი მაქვს ამჟამად ეგ საკითხი რატომაც წამოსწია, ძირითადად მგონი იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ევროპული სტრუქტურების კულუარებში დადის, "ოცნების" წინააღმდეგ მუშაობს და დოკუმენტების შედგენაში მონაწილოებს. ალბათ უფრო ეს შიდაპარტიული ბრძოლის ფორმაა ამ შემთხვევაში, შეიძლება "ოცნებამ" სწორედ იმიტომ წამოსწია ეგ საკითხი, რომ ასეთ პროცესებს ხელი შეუშალოს, რომელიც დასავლეთის გარკვეულ ლიბერალურ წრეებში „ნაცების" მოღვაწეობას დაამუხრუჭებს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჭრილში ეს გამოძიება ოთხივივე ოპოზიციურ ძალას მიადგეს. ამ ნაბიჯებმა, რაც გადაიდგა ოპოზიციის მიერ დასავლურ სტრუქტურებში გარკვეული დოკუმენტების მომზადებისას, პრაქტიკულად ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენა მთელი ოპოზიციური სპექტრი. არგუმენტი მისცა იმისა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთნაირ პოზიციაზე დგას.

„შესაძლოა მეორე პროცესიც იყოს, რომ მთელს მსოფლიოში კარზეა მომდგარი ლიბერალური და კონსერვატიული პოლიტიკური წრეების დაჯახება, ამ ხაზით ომი მიდის მსოფლიოში ჩვენთან არის ლიბერალური - „ნაცები" და კონსერვატიული - „ოცნება", გამორიცხული არაა, რომ ამ ტიპის სასამართლო პროცესს, იმ ზოგადი ბრძოლისთვის რაღაცა მასალის მოპოვების ფუნქცია ჰქონდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ .

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საქმიანობას დაასრულებს, სექტემბრისთვის დაიწყება ამ საქმის მეორე - სამართლებრივი რეაგირების ნაწილი.

„სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდები და კიდევ ველოდები იმას, რომ ალბათ სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ პროცესის მოტივს გამოითხოვენ, ალბათ გამოითხოვენ მასალებს ქართველი პოლიტიკოსების თაობაზე. გარდა აქ მიმდინარე საგამოძიებო პროცესებისა, მგონი უფრო დიდი ყურადღება იქნება დათმობილი იქიდან წამოსული ინფორმაციის მიმართ. არაერთხელ ვნახეთ, რომ ამერიკული „ფარას" საფუძველზე, ქართული ოპოზიციიდან ხელისუფლების წინაღმდეგ მოქმედების ლობირების ბევრი ფაქტი გასკდა. სავარუდოა, რომ ასეთი ფაქტების მოძიება გაგრძელდება ამ გამოძიების ეგიდით", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

„ქართული ოცნების" დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

„[საგამოძიებო] კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება კომისია, მუშაობის გრაფიკი, მიმართულებები - ეს დეტალები უკვე დაზუსტდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი კომისია, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის. რა თქმა უნდა, ცალკეულმა ლიდერებმა მოიხადეს სასჯელი - მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმც, პოლიტიკური შეფასების გარდა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს უკვე ბოლო 12 წელია, სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში. შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა რეჟიმია რეალურად

„ნაციონალური მოძრაობა" - რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ქვეყანას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ახალი სახეშეცვლილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებულები კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას და როცა რეჟიმს „ქართულ ოცნებას" ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს", - განაცხადა ბოჟაძემ.

პროცესში ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალა" ერთვება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი კვოტების რაოდენობას განსაზღვრავს, ვინ იქნებიან უშუალოდ კომისიის წევრები, ამას უკვე ცალკე გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია.

„ხალხის ძალას" არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წერილებში, თხოვნებში და განცხადებებში, რომ მანამ სანამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პრობლემა იქნება ქვეყანაში, იქნება ყოველთვის ამ ჯანჯღარის, კრიზისების და უცხოური წარმომადგენლების ჩარევის რისკი. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში. კონფიგურაცია როგორ იქნება, ამას ბიუროს შემდგომ გადაწყვეტს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, რომელიც ადგენს რეალურად, დადგენილების მიღების შემდგომ კვოტებს - რა კვოტა ექნება საპარლამენტო უმრავლესობას და რა კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია. ამ კვოტების დადგენის შემდგომ, ვინ იქნებიან უშუალოდ პიროვნებები, ამას უკვე ცალკე განსაზღვრავს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომისიამ აუცილებლად უნდა დადოს და ხშირ შემთხვევაში, უნდა თარგმნოს სასამართლოების საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" პირდაპირ ამხელენ დანაშაულში.

„ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააუქმონ ის პოლიტიკური რეჟიმი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ჰქვია. სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ქართული ოპოზიციის განვითარების პერსპექტივაა არ არსებობს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის ინფორმაციითვე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე მომდევნო კვირის ორშაბათს გავა.

საგამოძიებო კომისიას ეხმიანება „ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც.

„სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი ვინც შექმნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ ის ყველაფერი, რაც დღემდე გვითქვამს ოღონდ, რასაკვირველია, დასაბუთებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც აუცილებელია, რათა ობიექტური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

„ჩამოყალიბდა კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება - „კოლექტიური ნაცმოძრაობა", „ნაცმოძრაობის" მეთაურობით, რომელიც საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, მუდმივად აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, არის სერიოზული პრობლემები და შეფერხებები, მუდმივი საფრთხე იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები ერთმანეთს დაუპირისპირდება, მუდმივი საფრთხე იმისა, რომ რუსეთის აგრესია გაგრძელდება - ისედაც ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული ამ ადამიანების გამოისობით. სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც შექმნეს ის უბედური მემკვიდრეობა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია.

„გამოდის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მართვის სადავეებს ფლობდნენ და ქვეყანას უდიერად ექცეოდნენ, უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, რომლის ჭრილობებიც ჯერ არ მოგვიშუშებია, დღეს უკვე ამ სადავეების გარეშე, მუდმივად დესტრუქციისა და საბოტაჟის რეჟიმში არიან და ქვეყანას ისეთ საფრთხეს უქმნიან, რომლის უპასუხოდ დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×