"ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალა" გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას," - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ხელოვნური ოპოზიცია, რომელიც სერიოზულად არ აღიქმება.
„რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ოპოზიცია ვერ იქნება. ახლა „ქართულ ოცნებას" სურს იმიტაცია გააკეთოს იმის, რომ მათ ოპოზიცია ჰყავთ, ნუ, როგორი ოპოზიციაა, ჩვენ კარგად ვიცით", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია და „გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია".
„სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტია „ხალხის ძალამ" გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასთან" პრინციპული შეუთავსებლობა არ გვქონია. საუბარია იმაზე, რომ არსებობს ისეთი საკითხები, სადაც, როგორც თავის დროზე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებასთან" გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ასევე გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ ორ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია „ქართული ოცნება", ბევრი კითხვა ჩნდებოდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან ძალიან ძლიერად. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია „ხალხის ძალა" აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „ხალხის ძალის" ინიციატივით მხარი დაუჭირა და დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც „ხალხის ძალას" პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა.
ნიკა ჩიტაძის თქმით, როგორც „ქართულ ოცნებას" არავინ აღიარებს ხელისუფლებად, ისე იქნება ეს ოპოზიციაც.
„რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ იქნება სერიოზული ოპოზიცია. თუ გახსოვთ ისინი ოპოზიციაში მაშინაც გადავიდნენ, როდესაც 1 წლის წინ „რუსული კანონი" წარმოადგინეს. ვითომ ოპოზიციაში იყვნენ. შემდეგ „ქართულ ოცნებაში" გადაბარგდნენ, პრინციპში, იქიდან არც წასულან. ახლა „ქართულ ოცნებას" სურს იმიტაცია გააკეთოს იმის, რომ მათ ოპოზიცია ჰყავთ, ნუ, როგორი ოპოზიციაა ჩვენ კარგად ვიცით. არ შეიძლება „ხალხის ძალა" აღქმული იყოს, როგორც რეალური ოპოზიცია. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ისინი თვითონ „ქართულ ოცნებას" არ აღიარებენ და „ხალხის ძალას" მითუმეტეს სერიოზულად არც შეხედავენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან