![](rubrics/rubs2/artc218448/a1734087311.jpg)
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, - ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal ავრცელებს. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად მხარეები უარს ამბობენ და უფრო მეტიც, რუსეთი უკრაინაზე მასიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, როცა ტრამპი რეალობას აღიქვამს, შესაძლოა პოზიციები შეიცვალოს.
„დონალდ ტრამპს მალე მწარე რეალობა დაანახებს, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკება არ შეიძლება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ ტრამპის პოზიციები შეიცვალოს და მან პირიქით, უფრო მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას, ვიდრე ბაიდენის მმართველობის დროს იყოს", - აღნიშნავს მაისაია.
The Wall Street Journal-ის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის და მაკრონს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, უკრაინა იყოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული ომის დასრულების შემდეგ.
ტრამპის განცხადებით, ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ ჩაერთვებიან მისიაში, თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ევროპული კონტინგენტის მიმართ.
გამოცემის თქმით, ევროპული ჯარები უკრაინაში, შესაძლოა, სპეციალური სამშვიდობო მისიის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც არ იქნება ნატოს ოპერაცია. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ „ომს იგებს" და სავარაუდოდ მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს მისი დასრულების ნებისმიერ მცდელობას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის დეფიციტის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანა ნატო-ში გასაწევრიანებლად არ მიუწვევიათ და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები არ არსებობს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.
„დღეს ჯერ კიდევ არ ვართ მზად. გვაკლია იარაღი, გვაკლია ის სტატუსი, რაზეც ვსაუბრობთ, საუბარია ნატოში მიწვევაზე და მკაფიო გარანტიების გაგებაზე, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი არ დაბრუნდება ორ-სამ წელიწადში", - აღნიშნა ერმაკმა.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ აშშ-მ და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა . „პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს", - აღნიშნა ბრაჟემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ტრამპის კრიტიკას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ იმის გამო, რომ უკრაინის მიერ ამერიკული „ატაკამსის" რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმისთვის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები მოხსნა.
„ვფიქრობთ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას აღმოფხვრას კონკრეტული სამხედრო სამიზნეები - მაგალითად, სადაც რუსული თვითმფრინავების, ჯარების განლაგება ხდება, ლოჯისტიკური კერები, საწვავის ჰაბები და ა.შ. - მოიტანს მშვიდობას. სრულად ვუჭერთ მხარს ძალის საშუალებით მშვიდობის მიღწევის კონცეფციას, რომელიც ტრამპს აქვს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი პატივს სცემს. მას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ პატივი სცეს", - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, საჰაერო განგაში ქვეყნის ყველა რეგიონში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი დაფიქსირდა ხერსონის ოლქში, მიკოლაივის ოლქის აღმოსავლეთით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტებმა მიკოლაივის ოლქიდან კიროვოგრადისკენ განაგრძეს მოძრაობა. რაკეტები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და პოლტავას ოლქებშიც.
საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები მოძრაობდნენ უკრაინის დასავლეთით - ვინიცის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებისკენ.
საჰაერო ძალებმა ასევე დააფიქსირეს „კინჟალის" რაკეტები, რომელიც მოძრაობდა ჟიტომირისკენ, ხმელნიცკისკენ, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკისკენ.
მედიის ინფორმაციით, კიევში, ოდესაში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკში აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ თუ ლიდერებს ეშინიათ პასუხის გაცემის ან მიეჩვივნენ ტერორს, პუტინი ამას განიხილავს, როგორც გაგრძელების უფლებას.
„საჭიროა "პატრიოტები" ამ რაკეტების ჩამოსაგდებად და იმის დასამტკიცებლად, რომ ტერორი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა რეალურად იმოქმედოს რუსეთის სარაკეტო წარმოებაზე. პუტინს ცარიელი ლაპარაკი არ შეაჩერებს - მშვიდობის დასამყარებლად სიძლიერეა საჭირო. ძალა, რომელსაც არ ეშინია ბოროტებასთან დაპირისპირებისა და შეჩერების უნარის. მსოფლიოს შეუძლია შეაჩეროს ეს სიგიჟე და ამისათვის მან ჯერ უნდა შეაჩეროს სიგიჟე მოსკოვში, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ტერორის ბრძანებას გასცემს. საჭიროა ძალა. უკრაინა მადლიერია ყველასი, ვინც ეხმარება", - წერს ზელენსკი.
ვახტანგ მაიასაიას შეფასებით, ამ ეტაპზე საეჭვოა მოლაპარაკება იყოს. როგორც მაისაია აღნიშნავს, პუტინმა უკრაინის დღევანდელი სარაკეტო დარტყმით ტრამპს გაუგზავნა შეტყობინება.
„რუსეთმა დღეს უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. დღეს უკრაინის ერთ-ერთ გავლენიან არხთან პირდაპირი ჩართვა მქონდა, სწორედ იმ დროს დაიწყო დაბომბვა და ჩვენ მოგვიწია ინტერვიუს გაწყვეტა. ახლა კიევის საშინელი დაბობვა მიდის, რითაც პუტინი ტრამპს პირდაპირ მესიჯს უგზავნის, რომ ის არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავა. როგორც ჩანს, ტრამპს სხვანაირად წარმოუდგენია და ჰგონია, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. ის დიდი ხნის განმავლობაში შიდა პრობლემებით იყო დაკავებული და საგარეო მიმართულებით გადართული არ იყო. თუმცა ალბათ, მწარე რეალობა მასაც დაანახებს, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკება არ შეიძლება. სავარაუდოდ, შემდეგ გადავა ხისტ ზომებზე უკრაინის ომის შესაჩერებლად უკვე იმ კუთხით, რომ პუტინის რეჟიმს გარკვეული ძალა დაანახოს. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალა, ნავთობის ფასების ჩამოშლა და სხვები. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის პოზიციები შეიცვალოს და მან პირიქით, უფრო მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას, ვიდრე ბაიდენის მმართველობის დროს იყოს. ჯერჯერობით ალბათ, რთულია რამის ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ რუსეთი ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე არ აპირებს არავითარ მოლაპარაკებაზე წასვლას. რასაკვირველია, ზელენსკისაც თავისი პოზიციები აქვს. თუ რუსეთი ასეთ აგრესიულ ქმედებებს ახორციელბს, ასეთ ქვეყანასთან ამ პერიოდში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ცოტა უცნაურია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".