ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„როგორც უკვე გითხარით, მომდევნო კვირას იქნება სამი მნიშვნელოვანი ღონისძიება ბრიუსელში. ორშაბათს იქნება საგარეო საქმეთა საბჭო, სადაც მინისტრები განიხილავენ საქართველოს, შემდეგ იქნება ზოგადი პირველი საბჭო, ევროპელი მინისტრები განიხილავენ საქართველოს და კვირის ბოლოს იქნება ევროპის საბჭოს მინისტერიალი და ევროპელი მინისტრები განიხილავენ საქართველოს.
"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული მდგომარეობით. ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე.
"სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ეს მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას. ახლა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრიუსელში, რათა შეთანხმდეს სხვადასხვა ზომები და მე იმედი მაქვს, რომ 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდება კონკრეტულ ზომებზე.
"ასე რომ დაველოდთ ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები. ეს ცოტა რთულია, იმიტომ, რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენბში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ევროკავშირის მიერ მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს. მისი აზრით, ძირითადად 2 მიმართულება იქნება.
„ჩემი აზრით, აქ საუბარი იქნება მაღალჩინოსნებისთვის და თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის სავიზო შეზღუდვებზე, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიპლომატიური პასპორტი გააჩნია და შესაძლებელია ფინასური სანქციებიც დაეკისროს ამ ადამიანებს, ანუ ევროკავშირის ქვეყნებში თუ ანგარიშები აქვთ გახსნილი, შეეზღუდოთ. ძირითადად, ეს ორი მიმართულება იქნება ალბათ.
„ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთსულოვნება სანქციების დაწესების მიმართ. ყოველ შემთხვევაში სავიზო შეზღუდვას არ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, 15 საკმარისია. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, ალბათ, ცალკეული ქვეყნები შეიმუშავებენ კონკრეტულ მექანიზმებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, სანქციებს უნგრეთი დაბლოკავს, თუმცა, მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იქნება რამე შეზღუდვა, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
„ევროპას საქართველო კოლონიად მიაჩნია. ამიტომ გამოაგზავნა დღეს საქართელოში მინისტრები, რომლებიც იმაზე ბევრად უარესად ექცევიან ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ცეკას ინსტრუქტორები თავის დროზე.
„რაც არ უნდა სანქციები დააწესონ ეს მოქმედებაში ვერ შევა, ვინაიდან ამას კონსენსუსი სჭირდება და უნგრეთის საგარეო საქამეთა მინისტრმა სიიარტომ განაცხადა, რომ რაც არ უნდა სანქციები იყოს საქართველოს მიმართ, უნგრეთი დაბლოკავს. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა იმ ადამიანებთან, ვისაც სანქციების დაწესება უნდა, წერონ და იკითხონ რაც შეიძლება მეტი, იქნება წერა-კითხვა მაინც ისწავლონ.
„20 იანვარამდე ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ იქამდე დაახლოებით 40 დღეა დარჩენილი. 40 დღე ჩვენ, ქრისტიანები ვმარხულობთ, ხშირად წყლის მეტს არაფერს ვიღებთ და ბიძინა ივანიშვილი, საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილი რამენაირად გაუძლებს. რა არის ახლა ეს? სამარცხვინოდ ჩაიწერება თვითონ ევროკავშირის ისტორიაში", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".