თამთა ჩაჩანიძე
11.12.2024

მიმდინარე მოვლენების მიუხედავად "ქართული ოცნება" 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს, 29 დეკემბერს კი პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება ორბელიანების სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლის საკითხი. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლეგიტიმურია მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. "ოცნება" კი ამბობს, რომ „საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ზურაბიშვილის მომხრეებმა ორბელიანების სასახლე გარედან დაბლოკონ, თუმცა თუ შენობა გახდა პრობლემური, ისიც არაა გამორიცხული, რომ ორბელიანების სასახლე საერთოდაც დაკეტონ და"ახალ პრეზიდენტს რაიმე ახალი მოუფიქრონ".

"არაა გამორიცხული ორბელიანების სასახლე გარედან ჩაკეტონ. აშშ-ში წინა არჩევნებზე ტრამპის მომხრეები იქაურ პარლამეტში შევარდნენ, რადგან ხალხში ეჭვი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა. ადამიანებს იქაც აქვთ ემოციები, მაგრამ მერე ეს პროცესი თვითონ ტრამპმა მოთოკა, მეტოქის გამარჯვება აღიარა, არ დაიწყო დავა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა იქ გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენთან. ამის შემდეგ სიტუაცია სხვა რეჟიმში გადავიდა და დღეს უკვე ტრამპის ტრიუმფალური დაბრუნება მივიღეთ.

"როცა ქვეყანას უფრთხილდებიან, აღარ იწყებენ რყევას მაშინაც კი, როცა მიაჩნიათ, რომ ამის უფლება აქვთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზურაბიშვილი თავის ნებით არ იქნება იქ (ორბელიანების სასახლეში) და ამ პროცესებში და მით უფრო პრეზიდენტის ბრძოლაში ბევრი რამ დამოკიდებულია გარედან შეძახილზე. "შეძახილმა ხე გაახმოო" და პოლიტიკაში შეძახილმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს, მით უმეტეს, როცა შემძახებლები დიდი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ვხედავთ, რომ ეს ხალხი არჩევნების შედეგების აღიარებას არ ჩქარობს, მაინც ელოდებიან დესტაბილიზაციის გაღვივებას.

"გახარიამაც თქვა, რომ სანამ ტრამპის უნაუგურაცია იქნება, უნდა მოვასწროთო, ახლა ყველაფერი იმისკენ მიდის და შეიძლება ისე არიონ სიტუაცია, რომ მერე ტრამპი უმწეო აღმოჩნდეს მის დასტაბილურებაში. ერთ-ერთ ასეთ ასარევ რეგიონად საქართველოა არჩეული.

"ჩვენი სახელმწიფოც შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ დიდი ქვეყნების ნაკლები რისხვა გამოიწვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებაც სჭირდება. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ რადგან ორბელიანების სასახლე საკვანძო თემა გახდა, შეიძლება ზურაბიშვილი შენობაში დატოვონ. მოგეხსენებათ მარგველაშვილთანაც პრობლემები შენობასთან დაკავშირებით გაჩნდა. დღეს შენობის თემა აქტუალურია ზურაბიშვილისთვის და შეიძლება საერთოდაც ჩაკეტონ ეგ შენობა და ახალ პრეზიდენტს რაიმე ახალი მოუფიქრონ.

"მე მგონი 14 დეკემბერს არაფერი განსაკუთრებული არ იქნება იმ მხრივ, რომ რაც აქამდე გვინახავს დაახლოებით იგივე მდგომარეობა იქნება. ქუჩის ესტეთიკით გაკეთებული პოლიტიკური პროცესები",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „სკამს ებღაუჭება და მომსახურების ზონიდან გასულია".

„რაღაც პოსტებს დებს უკვე. როგორც ჩანს, ეს მძიმე ემოციური ფონი მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. შესაბამისად, მოდით, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ. როგორც ჩანს, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. აღარ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს, ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. გასაგებია, ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, პრაქტიკულად, თვითონ ამბობს, რომ სკამს ვებღაუჭებიო. დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო. მერე თქვა, რომ არსად მივდივარო. წარმოუდგენელია. კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო. მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი, რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი. იქ ახერხებს ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი საერთოდ მომსახურების ზონიდან გასულია", - განაცხადა მდინარაძემ.

"საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი.

„ამის დრო მოვა... არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. გაიგებთ დროულად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×