სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარების უკიდურესად დაძაბვას პროგნოზირებს, რასაც, მათი ინფორმაციით, შესაძლოა უკვე მსხვერპლიც მოყვეს. რამდენად რეალურია ორკვირიანი უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მოვლენების ამ სცენარით განვითარება და რას უნდა ველოდოთ 14 დეკემბერს?
პრეზიდენტი სუს-ის ამ განცხადებას პროტესტის მონაწილეთა დაშინების მცდელობად აფასებს. ანალიტიკოსთა შეფასებები კი არაერთგავროვანია.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სუს-ის განცხადება პრევენციულია და ადრე გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა „გარკვეულწილად იმუშავა". ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ განცხადებაში აღწერილი ასეთი ნეგატიური სცენარისთვის არანაირი წინაპირობები არ არსებობს.
ამის პარალელურად კი სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მხარდამჭერები სულ უფრო აქტიურად განიხილავენ კონტრ-აქციის შესაძლებლობას. ანალიტიკოსებს „ოცნების" მომხრეთა ქუჩაში ორგანიზებულად გამოსვლა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ასეთი რამ მმართველ პარტიას „სათადარიგო ვარიანტად" ჰქონდეს შემონახული.
პრეზიდენტს სუს-ის არ სჯერა
სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური უახლოეს დღეებში სიტუაციის მაქსიმალურ დაძაბვას ელოდება.
„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას.
„აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის" დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას.
„აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და განაცხადა, რომ ეს გზავნილები მოქალაქეების ფსიქოლოგიური დატერორებაა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს". ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის არც „ტიტუშკები" და არც სხვები, აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რამდენად რეალურია ესკალაცია
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სუს-ის განცხადების მთავარი მიზანი მოქალაქეთა დაშინებაა, რომ მათ აქციებზე მისვლა გადაიფიქრონ.
„ამ „დესტრუქციულ ძალას", როგორც თავად ეძახიან, ეს გეგმა რომ ჰქონოდა, ამდენ ხანს გააკეთებდნენ ამას. მათ სურთ მხვერპლი იყოს, რომ მერე თქვან, რომ აი, ჩვენ ხომ ვამბობდით და გავაკეთეთ განცხადებაო. თუ ინფორმაცია აქვთ, მაშინ თქვან კონკრეტულად ვინ აპირებს ამას, სახელები და გვარები დადონ. თუ ხმამაღლა ვერ ამბობენ ვინ არიან, ჟურნალისტებს უთხრან.
„ეს ძალიან საშიში განცხადებაა. ამით საზოგადოების შეშინება უნდათ, რომ პროტესტის გამოსახატად არ მივიდეს დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნებისთვის. ამიტომ ეს სახიფათო განცხადებაა და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო... და მაინც მისვლა და ამ ყველაფრის გაპროტესტება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ სუს-ის განცხადება პირველ რიგში პრევენციული ხასიათისაა და სავარაუდოდ, კონკრეტულ ინფორმაციას ემყარება.
„სუს-ს ინფორმაციის მოპოვების საკუთარი საშუალებები აქვს და ეს განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, პრევენციული ხასიათისაა, ცარიელ ადგილზე არ გაკეთდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ასეთი განცხადებები ადრეც გაუკეთებია და ამან გარკვეულწილად იმუშავა იმ კუთხით, რომ იმ პირებმა, ვინც განცხადებებში იყვნენ მოხსენიებული, დესტრიუქციული ქმედებების დამგეგმავები, მათ ამისგან თავი შეიკავეს, რადგან საზოგადოება გაფრთხილებული იყო.
„ახლაც იგივე მიდგომასთან გვაქვს საქმე. საზოგადოება უკვე ინფორმირებული და გაფრთხილებულია და თუკი მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ ე.წ. მსხვერპლშეწირვის აქცია განახორციელონ, საზოგადოებას უკვე ეცოდინება, რომ ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ქმედებაა იმისთვის, რომ აშკარად მინავლებადი საპროტესტო მუხტი ასწიონ, სადაც ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, 3 ათას ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ.
„სუს-ის განცხადებით მოხდა არა მარტო ქართული, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რომლებიც დღეს ამ საპროტესტო აქციებს მხარს საკმაოდ აქტიურად უჭერენ, რაც ნამდვილად საგანგაშოა - ისინი რატომღაც მიიჩნევენ, რომ ამ აქციებზე ქართველი ხალხია წარმოდგენილი და სათვალავში არ თვლიან იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში მხარი ხელისუფლებას დაუჭირეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
გამოვლენ თუ არა „ოცნების" მხარდამჭერები ქუჩაში
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ხალხს ვერ კრებს და ამიტომაც ხელისუფლების მხარდამჭერთა მასობრივი შეკრება ნაკლებად მოსალოდნელია.
„კი, ბატონო, ფული გადაუხადონ და ჩამოიყვანონ პენსიონერები. ამას აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ეს ხალხი რეგურალურად ქუჩაში ვერ გამოვა, რადგან ასეთი ხალხი არ ჰყავთ.
„მათ დასაპირისპირებელი ხალხი არ ჰყავთ, მაგრამ „ტიტუშკები" ჰყავთ - 10-15 კაცი, მეტი არა. თუ ეს ხალხი მოვიდა, ნახავენ, რომ მათი საპროტესტო ადგილი დაკავებული იქნება. მაშინ სხვა დროს გააკეთონ, როგორც ადრე აკეთებდნენ ხოლმე. თუმცაღა არ მგონია მათი აქცია იყოს რეგურალური და ეფექტური. სულ სასაცილოდ იგდებენ თავს, ძლივს გამოჰყავთ ხოლმე და მერე ხალხი წუხდება, რომ საჭმელი დროზე არ მიუტანეს და საკმარისი ფული არ გადაუხადეს.
„ზოგადად, 14 დეკემბერს მასობრივ გამოსვლას ველოდები და ხალხიც ალბათ უფრო მეტი მოვა. არალეგიტიმური პარლამენტი ჩაატარებს არალეგიტიმურ არჩევნებს და ეს საზოგადოებაში გააძლიერებს განცდას, რომ სრული დაუმორჩილებლობა იყოს და ამ ხელისუფლებასთან არ ჰქონდეთ თანამშრომლობა.
„ამის მერე უკვე შემდეგი ეტაპი იწყება. ერთადერთი კანონიერი ფიგურა სალომე ზურაბიშვილი რჩება, რადგან ის ხალხის მიერ არჩეულია და დასავლეთში მის სიტყვას უფრო მეტი წონა ექნება, ვიდრე დე ფაქტო პრეზიდენტ ყაველაშვილს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ დაძაბულ მომეტში კონტრაქციის გამართვა ძალიან სენსიტიური საკითხია და მამუკა მდონარაძემაც მოუწოდა „ოცნების" მომხრეებს, რომ ამ ნაბიჯზე არ წავიდნენ, თუმცა, შესაძლოა „ოცნებას" ეს „სარეზერვო ვარიანტად ჰქონდეს გათვალისწინებული".
„ძალიან სენსიტიური საკითხია. მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ ბრიფინზე „ქართული ოცნების" ამომრჩეველს მოუწოდა, რომ ამ ნაბიჯზე არ წასულიყვნენ, ანუ გარეთ არ გამოსულიყვნენ და ამ პროცესებისადმი თავიანთი დამოკიდებულება არ გამოეხატათ, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანდა. თუ „ოცნების" ამომრჩევლები კონტრაქციაზე გამოვლენ, მერე ძალიან რთულია იმის გაკონტროლება ეს აქცია რაში გადაიზრდება. შეიძლება კონფრონტაცია მოხდეს და ამის მერე მივუახლოვდებით იმ „წითელ ხაზს", რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია. ეს კი სწორედ ისაა, რაც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს უნდათ - რომ ქვეყანა კიდევ ათი წლით უკან გადაისროლონ, თუ მეტით არა.
„ქართულ ოცნებას" შესაძლოა საკუთარი მომხრეების ქუჩაში გამოყვანა სარეზერვო ვარიანტად ჰქონდეს გათვალისწინებული, თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სახელმწიფო სტრუქტურები სიტუაციას აკონტროლებენ, ეს საჭირო არ არის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურდიდან იმ განცხადების პასაჟს აბსოლუტურად ვიზიარებ - რომ ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების კოორდინაციით კეთდება. კონკრეტულად დასახელებული არაა რომელი სამსახურების, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს რთულად გასაგები თუ ამაში რა იგულისხმება.
„ოპოზიცია 14 დეკემბერს შეეცდება, რომ მთელი თავისი რესურსი და მთელი აქტივი გამოიყვანოს, მოახდინოს პარლამენტის შენობის ბლოკირება, მათთვის ჩვეული მეთოდებით ხმაური გამოიწვიონ, რომ ხელი შეეშალოს პროცესს. თუმცა, ვნახოთ ამას რამდენად მოახერხებენ. იმედი მაქვს, ამის განეიტრალებას სამართალდამცავები შეძლებენ, რადგან არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ასეთ რეჟიმში ცხოვრობდეს, რაშიც ბოლო 14 დღეა ვცხოვრობთ. 14 დეკემბერს სერიოზული არეულობებია მოსალოდნელი. იმედია, რომ ეს არეულობები არ გამოიწვევს იმას, რაც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".