ნატალია ჯვარიძე
09.12.2024

„ოცნების" მიერ დაანონსებული ახალი რეგულაცია თვის ბოლომდე ამოქმედდება. ახალი კანონის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე აკრძალული იქნება სახის დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი ამ კვირაშივე იქნება მზად. რამდენად რელევანტურია ამ კანონის მიღება ახლა და რა რეალური ეფექტი ექნება ამას?

მმართველი გუნდი ასეთი შეზღუდვების აუცილებლობაზე 7 დეკემბრის ცნობილი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ნიღბიანი ადამიანები პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს. „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ აქციების და ასევე კონტრ-აქციების მონაწილეთათვის ნიღბის ტარების ან სახის რაიმე სხვა ფორმით დაფარვის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იქნება.

რაც შეეხება პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვას, ამის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საპროტექტო გამოსვლების მონაწილეთა ნაწილი ფეიერვერკებს პერიოდულად იყენებდა ძალოვანების წინააღმდეგ.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანაშ დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის შემცირებას პოლიტიკური კომპრომისის ნაცვლად ახალი შეზღუდვების შემოღებით ცდილობს. მეორე ნაწილის აზრით კი, ამგვარი შეზღუდვები სავსებით ლოგიკურია და ისინი აქამდე რომ დაწესებულიყო, ქუჩაში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

„ეს რეგულაციები აბსოლუტური სისულელეა. ისინი ცდილობენ ასეთი აკრძალვებით და შეზღუდვებით მოუარონ ამ სიტუაციას", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, „ეს შეზღუდვები არამხოლოდ რელევანტური, არამედ დაგვიანებული ინიციატივაც კი არის".

ოფიციალური განცხადებები

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეკრებებზე აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ძალადობის პრევენციისთვის ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ყველაფრის ისე ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იმას უსვამს ხაზს, რომ ამგვარი რეგულაციები დასავლეთის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, მისივე ცნობით, ქართველ პარლამენტარებს უფრო მსუბუქი რეგულაციების შემოღება აქვთ განზრახული.

„ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი გვინახავს, როდესაც დემონსტრანტები შენიღბული იყვნენ. ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაციაა ამ ადამიანების უკან. ასეთი რეგულაციები როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ასევე აშშ-ში მოქმედებს. იდეა მარტივია - ერთი მხრივ, შესაძლებელი უნდა იყოს ადამიანების იდენტიფიცირება, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი შენიღბულია და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ევროპაში არსებობს. ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს.

„ამ მხრივ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არის რეგულაციები, როდესაც სახის დაფარვა მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია. ჩვენ უფრო მსუბუქ რეგულაციას მივყვები, როდესაც ასეთი შეზღუდვები მხოლოდ შეკრებების დროს მოქმედებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პიროტექნიკას, პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გასულ წლებში სხვადასხვა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

„ამაზე გასულ წლებში საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრინველებსა თუ ცხოველებზე სწუხდნენ და ახალ წელს მოგვიწოდებდნენ, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა იმისთვის, რომ ფრინველებს გაფრთხილებოდნენ. ბოლო ერთი კვირაა ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ცხოველთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებისთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავისი წარმოდგენით.

„ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პიროტექნიკის კანონპროქტი

პიროტექნიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მას ამ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.

შემოდის მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება და ნაწილი 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში.

დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი - პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

პროექტის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, 2025 წლის 1-ლ თებერვლამდე მთავრობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს მიიღებს. ასევე, დაამტკიცებენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესს და პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. კერძოდ, მათ განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ 2025 წლის 1-ლ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ლ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში - 1 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება კანონის დარღვევაზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, ამ მიმართულებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" და „სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი მუხლები დაემატება.

პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.

ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევისთვის. კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც.

დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით - ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

რაც შეეხება აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვას, ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია - როგორ მოხდება პრაქტიკაში, უშუალოდ აქციებზე ამ კანონის აღსრულება, რა სანქციები იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული, რა ჩაითვლება სახის დაფარვად და ა.შ.

„რეზონანსი" შეეცადა ამ და სხვა დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია თავად „ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მოუცლელობის გამო „რეზონანსთან" კომენტარი ვერ გააკეთა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ანალიტიკოსთა შეფასება

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია და იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ კომპრომისებზე იფიქრონ, ასეთი შეზღუდვები შემოაქვთ.

„ეს რეგულაციები აბსოლუტური სისულელეა და თან გასაგებიც, რადგან ხელისუფლებას უნდა ამ აქციების გაჩერება, ვერ აჩერებს და იმის ნაცვლად, რომ რაღაც პოლიტიკური კომპრომისები მოძებნოს, ცდილობს ასეთი აკრძალვებით და შეზღუდვებით მოუაროს ამ სიტუაციას. სასაცილოც არ არის. უბრალოდ, ეს იმის დასტურია, რომ ამ ყველაფერს არ ელოდნენ და აღარ იციან აქედან როგორ გამოვიდნენ. დათმობასა და პოლიტიკურ კომპრომისებზე არ ფიქრობენ. ამ საკითზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მეტი არაფრის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

გია აბაშიძის თქმით კი, ეს შეზღუდვები გამართლებულია, რადგან, თუ დასავლური სტანდარტები გვსურს, ეს უნდა იყოს ყველა სფეროში, მათ შორის პროტესტის მართვის მიმართულებითაც.

„ეს შეზღუდვები არა მხოლოდ რელევანტური, არამედ დაგვიანებული ინიციატივაც კი არის. ხელისუფლებას აქამდე უნდა გაეკეთებინა. იგივე დაგვიანებით მოხდა ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც დააკვირდნენ, რომ პროტესტები წლიდან წლამდე აგრესიული ხდებოდა და ამის დაუშვებლობა ნახა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ასევე, ოფიციალურმა დუბლინმა და შეიტანეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.

„ასეთი შეზღუდვები ამერიკის ბევრ შტატშიცაა, ასევე, ევროპის ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, თუ დასავლური სტანდარტები გვსურს, ეს უნდა იყოს ყველა სფეროში, მათ შორის პროტესტის მართვის მიმართულებითაც. ამიტომ, მე ხაზგასმით ვამბობ, ეს ინიციატივა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×