
რამდენიმე დღეა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც პოლიტიკური პარტიების ოფისები და ცალკეული ადამიანების სახლები გაიჩხრიკა, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლი თბილისში. პარტია „დროას" ოფისიდან ამოღებულია პიროტექნიკა, ლაზერები და ა.შ. დაკავებულია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი და სხვები.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ძალადობის აღსაკვეთად ამ ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო. ოპოზიცია კი რეპრესიებზე ალაპარაკდა.
საკუთარი სახლის ჩხრეკას კეზერაშვილი გამოეხმაურა და „ფეისბუქზე" დაწერა: „ისე „გადაფსიხდა" ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!"
მანამდე დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება .
„სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს, ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე.
დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რაც წარმოადგენდა კიდეც ჩემი სარჩელის მთავარ მიზანს. მიუკერძოებლობის დარღვევა ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მოხდა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით, რაც ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი მოტივირებულია არა ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ სხვა არალეგიტიმური ინტერესებით", - განაცხადა კეზერაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ პოლიტიკური პარტიების ოფისები გაჩხრიკა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი და „ახალის". პოლიცია „დროას " ოფისშიც შევიდა, სადაც სამართალდამცავებმა გარკვეული ნივთები დალუქეს- საპროტესტო აქციისთვის პიროტექნიკა, ჩაფხუტები, კვერცხები და ა.შ.
„კოალიციას ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პოლიციას უთხრა, რომ ხალხი ბოლომდე იბრძოლებს და მსგავსი ტიპის ნივთებს ყოველდღე იყიდიან.
„წესრიგს კი არ იცავთ, ადამიანებს ურტყამთ, დევნით, იტაცებთ. ყველაფერი, რაც აქ არის თქვენ შესაწუხებლად არის, პირდაპირ გეუბნებით! აღწერეთ და შეგიძლიათ დაიზეპიროთ. პიროტექნიკა, საღებავები ყველაფერი არის პროტესტისთვის. ბენზინი არის გენერატორისთვის. პიროტექნიკა არის იმისთვის, რომ ვისროლოთ", - განუცხადა ხოშტარიამ პოლიციას.
თავად პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხოშტარიას ასე უპასუხა:„პასუხს მიიღებთ შესაბამისს, როგორსაც დაიმსახურებთ!"
„დროას" ოფისის ჩრეკისას ხმაური იყო. სამართალდამცველებმა გუშინ „კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეეშვათ, რათა ჩხრეკას დააკვირვებოდა, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ".
ამასთან, „დროას" ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, „კოალიცია ცვლილების" კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია დააკავეს, რომელიც შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამართალდამცავებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ასევე, ჯგუფ „დაიტოვეს" დამფუძნებლების, აქტივისტების ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის სახლებში, და მოძრაობა „დაფიონის" წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ექვსი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა - ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ჩხრეკების პარალელურად, პოლიციამ პარტია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი დააკავა. პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნნავია ისიც, რომ სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს" წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე" გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი", - წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
საუბარია „იმედის" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.
ოპოზიციონერებისა და მოქალაქეების დაკავებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
„არაერთხელ განვმარტე და ახლაც გავიმეორებ, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებშიც",- განაცხადა სახალხო დამცველმა.
ამასთან, ცალკე მინდა გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად, ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი",- განაცხადა იოსელიანმა.
პოლიტიკური შეფასებები
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევიდნენ და ამოიღეს შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა".
„საბოლოოდ დადასტურდა, გუშინდელ დღეს(4 დეკემბერი), რომ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის" უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები. იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით. როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე, დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოქმედებდნენ.
ასევე, იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი „დაიტოვე". აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი", რომელიც სააკაშვილს უკრაინაშიც კი სტუმრობდა. აქაც არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის" მცდელობაში, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩავარდა", - განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციაში კი საუბრობენ, რომ ჩხრეკები და დაკავებები რეპრესიებზე მიუთითებს. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „რეიდები" და დაჭერები შიშის დანერგვას ემსახურებოდა.
„რა თქმა უნდა, არავინ უშინდება ივანიშვილის რეპრესიებს. რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ემსახურებოდა სწორედ შიშის დანერგვას, ისევე, როგორც ეს დაჭერები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ „ოცნებას" არანაირი მორალური უფლება არ აქვს იმისი, რომ შეედაროს „ნაციონალურ მოძრაობას", მითუმეტეს დადებით კონტექსტში.
„ეს არის რეპრესიები - ძალიან ცალსახა და აშკარა. ივანიშვილმა თავზე ხელი აიღო. ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში. ივანიშვილი გადაიქცა ზონდერად - ის მთავარი ზონდერია, რომელიც ახალგაზრდებზე ძალადობს. რასაც ჩვენ ვხედავთ, სამართლებრივად ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. დღევანდელ „ოცნებას" არანაირი მორალური უფლება არ აქვს იმისი, რომ შეედაროს „ნაციონალურ მოძრაობას", მითუმეტეს დადებით კონტექსტში, რომ მე თქვენზე უკეთესები ვართო" , - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.