თამთა ჩაჩანიძე
06.12.2024

"იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი ამ თემას პრობლემურს არ გახდის, რადგან მერე უკვე უნდა დაიწყოს ოდიოზური ნაწილი, დავუშვათ შევიდეს პოლიცია, მოკიდოს ხელ-ფეხში ხელი და გამოიყვანონ და მერე ამან უნდა იკივლოს და თმა გაიშალოს, ასეთი სურათისთვის მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი მენანება - საქართველოს პრეზიდენტია და მემგონი თავისი თავი თვითონაც უნდა შეიცოდოს",- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პროცესებზე საუბრისას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და შესაბამისად, 14 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურად მიაჩნია. რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ თუ ზურაბიშვილი ამ თემას პრობლემურს გახდის, არაა გამორიცხული, რომ მერე უკვე გამწვავდეს პროცესი.

"დღეს პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დაგეგმილი. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი ამ თემას პრობლემურს არ გახდის. მხოლოდ იმედი მაქვს და ეს ვარაუდი არაა, რადგან მერე უკვე უნდა დაიწყოს ოდიოზური ნაწილი, დავუშვათ შევიდეს პოლიცია, მოკიდოს ხელ-ფეხში ხელი და გამოიყვანონ და მერე ამან უნდა იკივლოს და თმა გაშალოს, ასეთი სურათისთვის მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი მენანება - საქართველოს პრეზიდენტი და მემგონი თავისი თავი თვითონაც უნდა შეიცოდოს.

"თუმცაღა, რა თქმა უნდა, ადამიანების დიდი ჯგუფი იქნება, რომლებიც სასახლესთან მივლენ და მოთხოვნები და სურვილი ექნებათ, რომ დაიცვან, რადგან ახლა ამათ საპროტესტო თემა სჭირდებათ და ესეც საპროტესტო თემაა, რომ ზურაბიშვილი დაიცვან. მიუხედავად იმისა, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები მისაღებია, ზუსტად ამ არჩევნებიდან იწყება სალომეს პროტესტი - თვლის, რომ გაყალბებული იყო და ამიტომ თავად აქვს უფლება დარჩეს და ხელმეორე არჩევნები მოითხოვოს.

"პრინციპში, დაპირისპირების საფუძველი გამოდის ის, რომ ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეუთო/ოდირი მინიმუმ ტყუის. მგონი თემის ასეთ გაშლას მოერიდება, ოღონდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ მას გარედან რას უკარნახებენ. გარედან ბოლომდე პრობლემები გადაწყვეტილი არაა, რადგან როცა მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ სიტყვა თქვა, ცოტა ხნის მერე დარბაზში ლავროვი შევიდა, მინისტრების რაღაც ჯგუფი წამოდგა და დარბაზიდან გავიდა, მათ შორის წამოდგა და გავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციაში ჩამოთვლილი იყო ვინ გავიდა ლავროვის შემოსვლაზე და დასახელებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო. ესე იგი, უცხოეთი ისევ ცდილობს, რომ საქართველო წარმოაჩინოს რუსულ პოლიტიკაზე მყოფ ქვეყნად, უცხოელ პოლიტიკაში მყოფი ჯგუფები ისევ ცდილობენ აურიონ საქართველოში საქმე და იმის იმედი, რომ უცხოეთი აღარ ჩაერევა, მემგონი არ უნდა გვქონდეს და თუ ჩერევა, როგორც უცხოეთი იტყვის ზურაბიშვილიც ისე მოიქცევა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×