ოპოზიციაში სჯერათ, რომ ხელისუფლება „პუტინის, ფიცოს, ორბანის და მადუროს იმედზე დარჩება”
რეზონანსი
05.12.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იანუგურაცია შედეგება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. თბილისში შეერთებული შტატების საელჩო კი კვლავ ე.წ. ქარდებით აქტიურობს ფეისბუქზე. ერთ-ერთ ბოლო პოსტში წერს, რომ მათი ერთგულება „საქართველოს ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდთან არაპირდაპირი კომუნიკაცია იყო, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაციის გაჟღერება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუ კონკრეტულად ვისთან იყო კომუნიკაცია.

„პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ არაპირდაპირი კომუნიკაცია იყო დონალდ ტრამპის გუნდთან. უახლოეს მომავალში პირდაპირი კომუნიკაცია იქნება. ამ ეტაპზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულია ურთიერთობა თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ და ტრამპი ჯერ კიდევ არ გაპრეზიდენტებულა, ამაზე მეტის თქმა საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია.

„გარდა იმისა, რომ ეს კომუნიკაცია შედგა და მიმდინარეობს გარკვეული ურთიერთობა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის კონსერვატორი პოლიტიკური მიმომხლიველები არა მხოლოდ პირდაპირ საქართველოზე ლაპარაკობენ, არამედ ლაპარაკობენ იმ ჩავარდნილ ურთიერთობაზე აშშ-ს პარტნიორებთან, რაც სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიაღწია, ესაა გამოსასწორებელი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

„ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი დაიკავებენ, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სახელმწიფო ხარჯების ერთი ტრილიონი დოლარით შემცირებაზე, მათ შორის, მათი შეფასებით, იმ უყაირათო გრანტების გაუქმებასა და შემცირებაზე, რომელსაც ამერიკა უცხო ქვეყნებში ხარჯავს, მათ შორის უკრაინაში, სირიასა და საქართველოში.

„ეს იძებნება სოციალურ ქსელში. ამ ორმა პიროვნებამ განაცხადა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია არამიზნობრივ დიდძალ თანხებს ამ სამ ქვეყანაში გაურკვეველი მიზნებისთვის იყენებს, რომლებიც არ ემსახურება უწინარესად ამერიკის გადასხადის გადამხდელთა ინტერესებს. ერთია, რომ აშშ-ს ამჟამინდელი ხელისუფლება ისტორიულ მეგობართან ურთიერთობას აფუჭებს და მეორე, სახელმწიფო სახსრებს უყაირათოდ ხარჯავს",- განაცხადა გია აბაშიძემ.

კითხვაზე, ირიბი კომუნიკაცია აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციასთან კონკრეტულად ვისთან შედგა, აბაშიძემ გვითხრა:

„თუ პრემიერ-მინისტრი ამას ძალიან მოზომილად ამბობს, პოლიტიკური ანალიტიკოსი უპასუხისმგებლო იქნება, რომც იცოდეს და ეს საჯაროდ თქვას. ინფორმაცია შეიძლება ვიცოდე, მაგრამ არ ვიკადრებ იმას, რასაც ზოგიერთი „ნაცმოძრაობის" წიაღში ანალიტიკური მჩხიბავი კადრულობს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით, რომ 20 იანვრიდან ყველაფერი შეიცვლება, „ოცნების" ლიდერები უბრალოდ თავს იწყნარებენ.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" ამით დროებით იწყნარებენ თავს, რომ თითქოს ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული და აწყნარებენ თავის ამომრჩეველს და სისტემას, რათა არ ჩამოეშალოს, რომ, აი, ცოტა ხანი მოითმინეთ, ტრამპი მოვა და დაგვეხმარებაო. კობახიძემაც თქვა, რომ რაღაცა კონტაქტების მცდელობა იყო ჩვენი მხრიდანო. მაგათი ტაქტიკაა, დროს წელავენ და მომავლის იმედს უნერგავენ.

„ახლა ბუნებრივია ბევრი მათგანი ანერვიულებულია, რომ მომხრეები აღარ დარჩათ და არ იციან, როგორ და რა უნდა ქნან. ერთი პარლამენტარის არ იყოს, ტრამპთან არ დამარეკინოთო, თითქოს ყოველ დღე ერთად ქეიფობდნენ. 20 იანვრამდე დიდი დროა და ხომ ხედავთ, რა გაავრცელეს, რომ თითქოს ტრამპის წარმომადგენელი ევროკავშირის საკითხებში ურთიერთობის აღდგენას გვპირდებოდა. ეს სპეციალურად გააკეთეს და „ოცნების" მომხრეებსაც დავალებული ჰქონდათ, გაევრცელებინათ, რომ თითქოს ამერიკა დაგვეხმარება და მარტოები არ ვართო. არადა დარჩებიან პუტინის, ფიცოს, ორბანის და მადუროს იმედზე", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ დასავლეთიდან, კონკრეტულად კი აშშ-დან ზეწოლა 20 იანვრის შემდეგ ისეთი აღარ იქნება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს, მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ასევე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და, შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირველი, ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში ვგულისხმობ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით", - განაცხადა პრემიერმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერები, 20 იანვართან დაკავშირებული განცხადებებით თავის მომხრეებს და სისტემას აიმედებენ, რათა არ დაეშალოთ.

„ივანიშვილი ამ ხელის ბიჭებს ამით აკავებს, ეუბნება, რომ 20 იანვრამდე უნდა გავძლოთ და მერე ყველაფერი ძველ რეჟიმში დაბრუნდება, ნუ გეშინიათ, ოღონდ მთავარია 20 იანვრამდე გავძლოთო. თანდათან რაც უფრო მძიმდება სიტუაცია, ამ ადამიანებს ხომ უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ და მეტი ეჭვები ეპარებათ. ამიტომ სჭირდებათ მუდმივად „საკვების" მიგდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა „ფორმულასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×