
საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რომელშიც ეკლესია უნდა ჩაერთოს და თავისი სიტყვა თქვას იმისათვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაიწყოს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: პროცესი დაწყებულია და უარესი იქნება, რადგან ცეცხლზე ნავთს ასხამს ირაკლი კობახიძე. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პრემიერის მითითებითაა. პოლიტიკაში აქტიური და პასიური ლოდინის დრო არსებობს, ჩვენ ორივე გავიარეთ. ამ ლოდინის პოლიტიკამ ხალხს ვერაფერი მისცა, ვერც ხელისუფლებას ასწავლა ჭკუა. ამიტომ დადგა ეს პერიოდი, რომელიც ადრე იყო. შევარდნაძე იყო 11 წელი, დადგა ეს პერიოდი, წავიდა, მერე სააკაშვილი იყო 9 წელი, დადგა ეს პერიოდი, წავიდა და ახლა „ოცნება" არის 12 წელი, დაუდგათ ამათაც ეს პერიოდი და უნდა წავიდნენ. ბიძინა ივანიშვილი წითელი კვერცხია? თუ რა ხდება?
ამ ვითარებაში ეკლესია არ უნდა დუმდეს, ხმა უნდა ამოიღოს და თავისი სიტყვა თქვას. შუამავლად უნდა დადგეს და განაცხადოს, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი.
ამიტომ, მე ეკლესიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ ჩაერთოს ამ პროცესებში, შუამავალი იყოს ამ პროცესების, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, თორემ ეს მიიღებს გაუთვალისწინებელ შედეგებს. ფაქტობრივად, მიიღო და კიდევ გაძლიერდება და თუ არ დასრულდა, საქართველოსთვის ნგრევა იქნება.
33 წელია ქვეყანაში ცემა-ტყეპა მიდის, ქართველი ხალხი იღუპება. ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია დემოგრაფიული თვალსაზრისით და თუ ასე გაგრძელდება ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან. სწორედ ამისთვის იბრძვის ხალხი, რომ ევროპასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, რომელიც გვეხმარებოდა ეკონომიკურად. ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ არავის არაფერს ეკითხება. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან.
„რეზონანსი": თქვენი აზრით რა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი?
ი.კ: „ქართულ ოცნებას" ოპოზიციისთვის რომ დაეჯერებინა და კოალიციური მთავრობა შექმნილიყო, ეს მოძრაობა ახლა არ იქნებოდა. ეს არის გაუთვლელი პოლიტიკა, რომელმაც მიგვიყვანა ოპოზიციის კი არა, საზოგადოების ქუჩაში გამოსვლამდე. ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელშიც მთელი საქართველო მონაწილეობას ღებულობს. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ ეროვნულ მოძრაობას კოალიციური მთავრობა გადაარჩენს, რომელშიც ბევრი ადამიანები მონაწილეობს, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება ახალი არაა, მსოფლიოს ბევრ დიდ და პატარა ქვეყანაში ხორციელდებოდა რეჟიმების მიერ. ბუნებრივია, ყველა რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. ქართულ სინამდვილეშიც ასე ხდება. როგორ მოიპოვეს ეს ძალაუფლება, სხვა საკითხია, რომელიც შესწავლას საჭიროებს და ასევე, ჩარევას არამარტო შიდა, არამედ გარე პოლიტიკური ძალებისგან. აქ მთავარი საკითხია ამ ძალაუფლების შენარჩუნება რა ზომით მიმდინარეობს. ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი დგას ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ამან მასობრივი მოძრაობის ხასიათი. ეს ბრძოლა მიდის საზოგადოების დიდ ნაწილთან.
ეს მოძრაობა, რომელიც ოპოზიციის კი არაა, არამედ ქართველი ხალხისა, არ შეჩერდება, რადგან მას მთელმა მსოფლიომ დაუჭირა მხარი. ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ იცის საერთოდ რა არის დიპლომატია. ესეც ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრია და არა საქართველოსი იმიტომ, რომ მას არავისთან ექნება კავშირები, არავინ არსად მიიწვევს. ის სხვა ქვეყნების მინისტრი კი არა, საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მინისტრია. საერთოდ ბიძინას საკადრო პოლიტიკა ყოველთვის ნული იყო.
„რ": რატომ არ მიდის ხელისუფლება დათმობაზე?
ი.კ: თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ და მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა მისცა, მაშინ რა პრობლემაა, არჩევნები თავიდან დანიშნონ, როცა საზოგადოების ამხელა მოთხოვნაა? მოგებულები ხომ ხართ, ჩაატარეთ და დაუმტკიცეთ ოპოზიციას კიდევ ერთხელ, რომ გამარჯვებული ხართ. ამათ ხომ არ ეშინიათ? იმიტომ, რომ თუ დამაჯერებლად მოიგებდნენ, ამაზე წავიდოდნენ და საზოგადოებრივ მოძრაობას თავიდან აირიდებდნენ. თუ ასე არ არის, ხელისუფლებას შანსი ეძლევა მშვიდობიანად წავიდეს, როგორც მოიქცა მიხეილ სააკაშვილი, როცა ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა. ასე რომ, მე „ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ არადა ძალაუფლება დათმოს.
ასევე, მე ბატონ ბიძინას ვურჩევ, გააკეთოს განცხადება, რომ ის საპატიო თავმჯდომარე კი არ არის, არამედ პარტიის თავმჯდომარე, როგორც მიღებულია ყველგან. მე ირაკლი ღარიბაშვილი ბევრჯერ გამიკრიტიკებია, მაგრამ ახლა ის რომ ყოფილიყო პრემიერი, ეს ამბები არ მოხდებოდა. ასეთი მსგავსი რაღაცა მსოფლიოში დაახლოებით ბოლო 40 წელია არ მომხდარა. დაუნდობელი მოძრაობაა და შეიძლება ითქვას ორივე მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებით ხელისუფლების. „ქართული ოცნების" ქმედება იწვევს კონტრმოქმედებას. ახლა შეიძლება ხელისუფლებამ თქვას, რომ მათი ქმედებების გამო ვაკეთებთ ამასო, თუმცა მათ თმენის ვალდებულება აქვთ.
ამასთან, მე ივანიშვილს ვურჩევ, რომ დაუყონებლივ დღის წესრიგში დააყენოს საკადრო ცვლილებები. ჯერ ერთი, პრეზიდენტად ის კანდიდატი არ უნდა დაესახელებინა. სირცხვილია, ასეთი გაუნათლებელი პრეზიდენტად. ის პირადად ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი იქნება. ასევე, ვერ გაამართლა ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა მიზეზების გამო - ახალგაზრდობის, უცოდინარობის, ზედმეტი ამბიციურობის, არადიპლომატიურობის გამო და ა.შ. ამიტომ ჯობდა ვინც იყო ის დაებრუნებინა, ან ახალი წარედგინა, რითიც ასე თუ ისე, ამ სიტუაციას თავიდან აიცილებდა. კობახიძის თითოეული განცხადება საზოგადოების მკვეთრ გაღიზიანებას იწვევს, არამარტო ქართველების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების. სწორედ, მისმა გამოსვლებმა გამოიწვია ეს საზოგადოებრივი მოძრაობა და ასევე, ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან მწვავე განცხადებები. კობახიძეს თავი წარმოუდგენია საერთაშორისო პრემიერად, რეალურად კი პირადად ბიძინას პრემიერია.