ნატალია ჯვარიძე
02.12.2024

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! - ამ განცხადებით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან", ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება „სხვანაირად გაიგო".

„სად გვიბარებს, სად უნდა მივიდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!

მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი, რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად.

მე, ადამიანი, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთის კაცთან, რომელიც თავის თავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება მოახერხა. და ბოლოს, ზუსტად იანუკოვიჩის დარად ქვეყანას ამცნო, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის „2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს".

„მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, აღარაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას", - სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში", - წერს თინა ხიდაშელი „ფეისბუქზე".

მანამდე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერ „გულწრფელ ადამიანთან" ჰქონდეს დისკუსია, თუმცა მას არ აქვვს იმედი, ვინმე სურვილს გამოთქვამს.

„მე მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

„დღეს ჩვენ ასევე გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ, მობრძანდნენ და გავმართოთ, გნებავთ, საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, მათ შორის, გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას, იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა ყურადღების გადასატანად დებატები შედგეს.

„ვფიქრობ, შესაძლებელია დებატები იყოს, რადგან, თუ ერთის მხრივ კობახიძე გამოხატავს მზადყოფნას, ეს ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის გარკვეულწილად უკან დახევას, ასევე, დროის მოგებას, რომ საპროტესტო ტალღა შეჩერდეს და ხალხი ამ დისკუსიების მოლოდინში იყოს.

„ამას პლუს, „ოცნება" ეცდება მოსახლეობა საზოგადოებრივ შეცდომაში შეიყვანოს, ანუ ვითომ მზად არიან დისკუსიებისთვის, მანამდე ამის არანაირ შესაძლებლობას არ განიხილავდა, თუმცა, ახლა კობახიძემ ხალხის ძალა დაინახა და ვითომ დებატებზე დაიწყო ლაპარაკი.

„საერთოდ არაა სწორი, როცა თქვა ხალხმა წაკითხული ტექსტი ვერ გაიაზრაო. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რამდენად შედეგიანი იქნება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები.

„სხვა მხრივ, კობახიძეს შეიძლება აწყობდეს სტატუსის შენარჩუნება, რომ „ოცნება" ძალაუფლებას ინარჩუნებს და განაცხადებს, ჩვენ კი არ ვიძახით უარს ევროკავშირზე, არამედ თვითონ ევროკავშირმა შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობები, ისინი გვაკრიტიკებენ და იძულებულები გავხდით საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგაო. ეს დაახლოებით იგივეა რუსეთი, რომ საქართველოს ბრალს სდებს, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, თინა ხიდაშელს არ აქვს იმხელა პოლიტიკური წონა, რომ ირაკლი კობახიძე დებატებისთვის დაუჯდეს.

„ვინ არის თინა ხიდაშელი? რას წარმოადგენს საერთოდ? ის ამჟამად არის ერთი „ტაივანჩიკი, რომელიც უცხოეთიდან ტაივანის გავლით იღებს გრანტებს. რატომ უნდა დაუჯდეს ირაკლი კობახიძე ხიდაშელს? მას უნდა დაუჯდეს მისი წონის პოლიტიკოსი და არა „ტაივანჩიკი".

„ტაივანჩიკი" არის ერთი უბრალო „პოლიტშარლატანი", რომელიც ფულისთვის ყველაფრის მკადრებელია. ახლა ეს დაავალეს და აკეთებს და რატომ აკეთებს? იმიტომ, რომ ეშინია არ დაკარგოს ის გრანტები, რომელიც მას და მის ოჯახს მთელი ცხოვრების მანძილზე ასაზრდოებს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×