თამთა ჩაჩანიძე
02.12.2024

ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ წყდება, ყოველდღიურად პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია იმართება, გარდა ამისა, პროტესტია სხვადასხვა რეგიონში. ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით, ხელისუფლება კი ჯერჯერობით ამ ვარიანტს არც განიხილავს და ამბობს, რომ "დამაჯერებლად გაიმარჯვა".

არსებობს თუ არა დიალოგისა და კომპრომისის რესურსი და რა შეიძლება იყოს ეს? ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა პროცესები არაპროგნოზირებადად ვითარდება და ჯერჯერობით ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არაა და ცდილობს შეჩეროს საპროტესტო ტალღა. მათი სფასებით, შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრება იმით თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი.

მათი შეფასებით, ერთადერთი კომპრომისული საკითხი ვადამდელი არჩევნებია, თუმცა, ის პრობები, რასაც ოპოზიცია ითხოვს, "ქართული ოცნებისთვის" დღეს მიუღებელია, აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტის პერსპექტივაც ამ მომენტისთვის ბუნდოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წინ პროტესტი 2 დეკემბრის ღამესაც განახლდა, გამოსვლები არ წყდება ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, დმანისსა და ხაშურში.

საგარეო უწყების თანამშრომლების გაფიცვების მერე, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროტესტის ნიშნად სწავლა შეწყვიტეს. სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ პროფესორები და პედაგოგები უერთდებიან.

მხარეთა პოზიციები

ენმ-ს ლიდერი გიროგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი მენეჯმენტით და საერთაშორისო ჩართულობით.

"უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ქართველების ქუჩაში დგომა არის გარანტია იმის, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება. ვიბრძვით ჩვენ? - ამ ბრძოლას მხარდაჭერა ექნება, ვჩერდებით? - რა თქმა უნდა, გაჩერდება მხარდაჭერაც, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.

"თვითმარქვია "ქართულ ოცნებას" ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოობა მოთხოვნაში.

"რა მოთხოვნები არსებობს - სრული პასუხისმგებლობა, რაც ხდება იმაზე, ეკისრება "ქართულ ოცნებას" და მის დეზინფორმატორ ტელეკომპანიებს, რომლებიც სიყალბეს სიყალბეზე ავრცელებენ აქციებთან დაკავშირებით; ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით და სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ სამართალდამცავი ორგანოების პირობებში რაიმე არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ ისინი მართავენ სპეცოპერაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

"მივმართავ "ქართული ოცნების" თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს - არაფერი სხვა, გარდა ამისა, არ დააწყნარებს სიტუაციას, ხალხი ითხოვს გამარჯვებას და გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე რომ გავიდეს, ახალი არჩევნებია საჭირო.

„როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი სტაბილური, მშვიდობიანი გზა, რაც არსებობს მსოფლიოში, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამე, ყველა სხვა გზა მიდის ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ჩვენ, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე მის მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა, ამით დაწყნარდეს და ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილ ნება გაყალბების გარეშე.

"ამისთვის ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ და დღეს, ესეც ითქვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და გაყალბების იგივე ბერკეტები არ მივცეთ. ანუ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის ეს გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი დასძენს, რომ "სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით". მისი თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ "არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც პრეზიდენტის ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა".

ხელისუფლება კი ვადამდელ არჩევნებზე არ მიდის და ამბობს, რომ "დიდი ანგარიშით გაიმარჯვა".

„ეუთო/ოდირი არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას ვუყურებთ, რომელიც ჯერ კიდევ რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი უცხოელი ბოსების დავალებით დაიწყეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და შეგახსენებთ ბატონი გვარამიას და ბატონი გახარიას განცხადებებს. მაგრამ ეს გაშავების კამპანია სამწუხაროდ, ახლა უკვე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებისგან და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გრძელდება.

"ამის მიზეზი ძალიან მარტივია, ამ ხალს, შიდა და გარე აქტორებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან, დიფ სთეითისგან, ვისზეც უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომ საქართველოში რამენაირად მოხდეს რევოლუცია და ხელისუფლებაში რადიკალური ძალები, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია დააბრუნონ.

"შეგახსენებთ ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს, სადაც ეუთო/ოდირმა მხოლოდ ერთადერთი პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა და ეს იყო პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს და ამას რა თქმა უნდა აღვივებს და ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი რადიკალური ენჯეოების და თავიანთი პრეზიდენტის მეშვეობით. მეტი პრობლემის იდენტიფიცირება შუალედურ ანგარიშში არ მომხდარა. როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც მათ თქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ამ არჩევნების პერიოდში აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო იმისათვის, რომ ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია.

"მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად ეს დასკვნა რა თქმა უნდა, არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას. იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო დახურული შეხვედრა ევროკავშირის ელჩებისა და ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებს შორის, საქართველოს თემასთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ საჯარო კომენტარები ამასთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არ მოგვისმენია იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებმა იმ შეხვედრაზე ზუსტად ის გააჟღერეს, რაზეც ისაუბრეს მათ საქართველოში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. ამის შემდეგ უკვე საჯაროდ მოვისმინეთ განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, რომელმაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

"შესაბამისად ეს კიდევ მეტ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენს საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამით ევროკავშირი და მისი სტრუქტურები კიდევ უფრო აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

არსებობს თუ არა მხარეებს შორის დიალოგის და კომპრომისის რესურსი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ხელისუფლება დიალოგისთვის და კომპრომისისთვის მზად არაა და ჯერჯერობით ცდილობს საპროტესტო ტალღა შეაჩეროს, თუმცა როცა მიხვდება, რომ ამას ვერ შეძლებს, თანახმა იქნება რაღაც კომპრომისზე, თუმცა ოპოზიციისთვის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნებია.

"ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად იყოს. ჯერჯერობით ცდილობს და ფიქრობს, რომ ასეთი დარბევებით, დაშლით ძალმომრეობით და სისასტიკით შეძლებს, რომ ეს საპროტესტო ტალღა შეაჩეროს. სხვა რა არის მიტინგის დარბევა, ვაკის პარკთან რომ ადამიანს იჭერ და იქამდე სდევ, ხომ წარმოგიდგენიათ ეს რა არის. ამიტომაც ახლა ხელისუფლება არანაირ დიალოგზე არ ფიქრობს.

"შემდეგი ეტაპი, როცა ხელისუფლება იმაში დარწმუნდება, რომ ამ პროტესტის ჩახშობა შეუძლებელი იქნება, მაშინ შეიძლება რაიმე დიალოგზე წამოვიდეს. ოპოზიციასთან ყველაზე რეალური კომპრომისია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ამ პროტესტის შეჩერება. ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით არ მგონია, რომ ხელისუფლება ამაზე თანახმა იყოს.

"ჯერჯერობით მუხტი ძლიერდება და არა მხოლოდ აქციის ხარჯზე, არამედ, იმის ხარჯზე, რომ უკვე სკოლები და მოსწავლეები ჩაერთვნენ. ახლა ჩვენ ზღვარზე ვდგავართ და იქითკენ მივდივართ, შესაძლოა ამ მიმართულებით ისეთი გარღვევა მოხდეს, რომ ექვსი და შვიდი კი არა, ყველა სკოლა გაიფიცოს, შესაძლოა ეს რეალობა მივიღოთ, ისევე, როგორც უმაღლესი სასწავლებლები. აი მაშინ უკვე პრობლემა ძალიან ძალიან რთულად იქნება.

"ჯერჯერობით ასე ვართ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც საზოგადოების ყველა ფენასა და სფეროში შეაღწია ამ პროტესტმა და არა მხოლოდ შეაღწია, ხალხი გადადგა. თითქმის ყველა სამინისტროში გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი გამოხატა, იგივე, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში - როდესაც პროტესტში სამინისტროს აპარატი და თანამშრომლები, ასევე საელჩოები ერთვებიან, ეს უკვე სერიოზულია. ვფიქრობ ამ მიმართულებით პროტესტი ნელ-ნელა უფრო მძლავრი გახდება.

"რაც შეეხება რუსთაველზე პროტესტს - აქ ხალხი არ აკლია, საკმაოდ დიდი რაოდენობაა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს სიტუაცია არაპროგნოზირებადია. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა კომპრომისული საკითხი ვადამდელი არჩევნები იყოს, თუმცა რასაც ოპოზიცია ითხოვს ახალი არჩევნების თვალსაზრისით, მიუღებელია "ოცნებისთვის" და რაც ოცნებას სურს, მიუღებელია ოპოზიციისთვის, ამ პირობებში კი, შეთანხმება დღეს ფაქტიურად შეუძლებელია.

"ახლა რამის თქმა მიჭირს, ძალიან არაპროგნოზირებადი პროცესებია, მაგრამ თუ საორიენტაციოდ ზურაბიშვილის განცხადებებს თუ ავიღებთ, რომელიც იძახის, რომ ჩვენ რევოლუცია არ გვინდა, გვინდა განმეორებითი არჩევნებიო, რადგან ის ამას ამბობს და ოპოზიციის ლიდერობის პრეტენზია აქვს, შეიძლება განმეორებითი არჩევნები მხარეებს შორის სასაუბრო თემა იყოს.

"დღეს ხელისუფლება მემგონი ამ კომპრომისზე წამსვლელი არაა, რომ განმეორებითი არჩევნების დანიშვნას დათანხმდეს. თუმცაღა, არის კიდევ მაგალითები და ნიუანსები. მაგალითად თავის დროზე სააკაშვილმა "იმედი" რომ დაარბია, მერე ხელახალი არჩევნები გამოაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მედიასტრუქტურის დარბევაზე დასავლეთს მძაფრი რეაქცია ჰქონდა. საერთოდ რომელიმე სხვა პერიოდთან რა შედარებაა, დასავლეთს ახლა ჩვენს მიმართ ისეთი მკაცრია.

"მმართველი პარტიისთვის შეიძლება უფრო ნაკლები რისკი იყოს, სიმართლე გითხრათ, ოპოზიციისა უფრო არ მესმის, როცა განმეორებით არჩევნებს ითხოვს, რადგან წინა მთელ რიგ სოცილოგიურ ტენდენციებში, მაინც ხელისუფლება იყო გამარჯვებული. ამიტომ ოპოზიციის მოთხოვნა კითხვებს აჩენს - რა გარანტია აქვთ, რომ ხელახალი არჩევნები ისევ ხელისუფლების გამარჯვებით არ დამთავრდება?!

"განვითარებულმა პროცესებმა მოსახლეობოს ზოგიერთ ნაწილში ოპოზიციისთვის მეტი მხარდაჭერის სურვილი გააჩინა, მაგრამ მეორე ნაწილში გააჩინა იმის შიში, რომ შეიძლება აგრესიული პროცესები დაიწყოს, თუკი ხელისუფლებას ოპოზიციური ძალა მიუახლოვდება, რადგან დღევანდელ სიტუაციაში აგრესიას ვხედავთ. შესაბამისა, ამ აზრის ფონზე, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს. ერთ მხარესაცაა შესაძლებლობები და მეორე მხარესაც.

"ამ დროს, ასეთ საკითხზე გამოკვლევებს ატარებენ ხოლმე, რომ ასეთი ნიუანსების გათვალისწინება მოხერხდეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ეს მიღებული ფორმა არაა. ოპოზიცია ამბობს არჩევნები მოგვპარესო, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს თუ რა უნდა მოხდეს საიმისოდ? ადმინისტრაციაში საკმაოდ დიდი ოპოზიციური კორპუსი იყო და უბნებზეც მეთვალყურეები რამდენიმე ათასი და სხვა რა უნდა მოხდეს, ამის თქმა მიჭირს.

"ოპოზიცუას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ უცხოელებმა ჩაატარონ არჩევნებიო, ეს ცოტა მძიმე პრეცედენტია და ნაკლებადმიღებულიცაა. ოპოზიცია იძახის ხელისუფლებას არ ვენდობიო, "ოცნებას" შეუძლია თქვას, რომ უცხოეთს არ ვენდობიო. ფაქტია, რომ დასავლეთი "ოცნების" მიმართ დაუნდობლად მკაცრია და ნეიტრალური მსაჯული კი არაა, არამედ კრიტიკული მხარეა. ამ პირობებში, რა უნდა მოიფქრონ იმისთვის, რომ ორივე მხარეს ნდობა ჰქონდეს, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×