არჩევნების შემდეგ ერთგვარად მინავლებული საპროტესტო მუხტი წუხელ მოულოდნელად ისევ გაღვივდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. გააქტიურდა პრეზიდენტი, რომელმაც საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციასთან ერთად გამართა, სადაც თქვა, რომ „ბოლომდე დარჩება". მანამდე კი დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებს შეხვდა. მან მთავრობა, არც მეტი არც ნაკლები, საკონსტიტუციო გადატრიალებაში დაადანაშაულა.
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ამატებს, რომ „მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადეთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით. მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები აქ, ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად."
საპროტესტო აქცია თბილისში „ქართული ოცნების" ოფისიდან დაიწყო, სადაც აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ. „ოცნების" ოფისთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ. ამის პარალელურად ხალხი პარლამენტთანაც შეიკრიბა. შემდეგ „ოცნების" ოფისიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და სხვებს შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულ ოცნებას" არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „მონებო"; „რუსებო"; „წადით".
განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია იყო ქუთაისში, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც ხდებოდა. პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშიკო მუმლაძე დააკავა. მსვლელობა მოეწყო ზუგდიდსა და ბათუმშიც.
პრეზიდენტის ბრიფინგი
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დასავლეთის ქვეყნების ელჩებს სთხოვა, რომ მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები.
„დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის რისთვისაც ვიბრძვით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
„მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა".
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ბოლომდე პრეზიდენტი იქნება.
„დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინირებულად მიღებული, ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადეთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით. მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები აქ, ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რა თქვა კობახიძემ
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, სადაც მანამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართა კობახიძემ განაცხადა, რომ მათი მიზანია საქართველო ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს, თუმცა, მისივე თქმით, 2028 წლამდე ყველა პროცესს აჩერებენ.
„ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს.
ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა. სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან.
დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული.
ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია", - განაცხადა კობახიძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კობახიძემ ღიად და ცალსახად თქვა უარი ევროკავშირსა და ნატოზე.
„ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია", - წერს ნიკა გვარამია.
ასევე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ქართველი ხალხის მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
„თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს. სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის!" - წერს გიორგი ვაშაძე.