ნატალია ჯვარიძე
28.11.2024

„საქართველოში სიბნელეა, მზე ვეღარ ანათებს და ამ სიბნელის გარღვევას დრო სჭირდება, ასევე ადამიანი, რომელიც ხელში ჩირაღდანს დაიჭერს და შემოვა საქართველოში. იანვარში და თებერვალში ხალხი ეკონომიკური პრობლემის წინაშე რომ აღმოჩნდება, მერე გამოიღვიძებს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: საჭიროა ჩირაღდანიანი ადამიანი, რომელიც ეკლესიამდე კი არ მივა, არამედ შიგნით შევა და სანთელს დაანთებს. ოპოზიცია ეკლესიამდე მიდის და შიგნით ვერ შედის, ან თუ შედის, სანთელს ვერ ანთებს, ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

ამ თვეებში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნება. ლართან დაკავშირებით არის პროგნოზები, რომ იანვარში, თებერვალში ლარი ფაქტობრივად გაუფასურდება. მაშინ შეიძლება გამოიღვიძოს ქართულმა საზოგადოებამ და ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. მთლიანი სახალხო მოძრაობა იქნება, რომლსაც მხარს დაუჭერენ უცხოელები. ეს სახალხო მოძრაობა მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდეს. თუმცა ვინ მოვა, ვინც იქნება ავტორიტეტული და ჭვიანი, ესაა განსასაზღვრი. არაა გამორიცხული, ბიძინასთან ბრძოლაში გამოჩნდეს ახალი, ჩვენთვის უცნობი ძალა, რომელიც შეიძლება მოიყვანონ კიდეც, როგორც თავის დროზე შევარდნაძე მოიყვანა რუსეთმა, შემდეგ წაიყვანეს და ა.შ.ეს არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩია „ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი?

ი.კ: ეს არის ვაი ბიძინა და ვუი მიხეილი. როგორ შეიძლება ეს? პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში ზვიად გამსახურდიასთან არის დაკავშირებული და იცით, რომ ის განათლებული იყო. თუმცა სამწუხაროდ, მას დღეს არავინ ახსენებს, ზოგმა არც იცის მისი მოღვაწეობის ისტორია. ახალგაზრდებში ისე გაიჟღერებს-ხოლმე მერაბ კოსტავა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ კოსტავა არაფერი იქნებოდა გამსახურდიას გარეშე. ესენი ერთნი იყვნენ. რა თქმა უნდა, ზვიადი იყო ლიდერი, მაგრამ ისინი მეგობრები იყვნენ და დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა. შესაძლებელია სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ გარკვეულ თემებში, მაგრამ ეროვნულ საკითხებში ერთ აზრზე რჩებოდნენ. თუ ახსენებ ზვიადს, იქ მერაბიც უნდა ახსენო, ან პირიქით. დღეს რომ საქართველო გაეროს წევრია და ევროპულ ურთიერთობაშია, ეს ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. საუბედუროდ, ამ ყველაფერს ივიწყებენ, ან არ კითხულობენ და მარტო სტვენა-სტვენით ხალხს ეძახიან, ქუჩაში გამოდითო. ასე წარმატებები არ მიიღწევა.

ზვიადი განათლებული იყო და პოლიტიკის ცოდნაც ჰქონდა, მაგრამ გამოცდილება არ ჰქონდა, ამას თვითონაც იძახდა. არც შემდგომი პრეზიდენტები იყვნენ გაუნათლებლები. დღევანდელი პრეზიდენტი უაღრესად განათლებულია და მას ურთიერთობა აქვს ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ახლა ამ ახალმა კანდიდატმა არც ენა იცის და არც არანაირი განათლება აქვს. ეს კაცი ცნობილია ბილწსიტყვაობით და ასეთი ადამიანი პრეზიდენტად მოდის. ფაქტობრივად კი არ მოდის, ის დანიშნულია, რომელიც ბიძინამ დანიშნა. გამოდის, რომ თვითონ ბიძინაა პრეზიდენტი. ივანიშვილია პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამეტის თავმჯდომარეც.

ახლა ქვეყანას პარლამენტი კი არ მართავს, არამედ რასაც ბიძინა ივანიშვილი პარლამენტს უკარნახებს, ის მართავს. საქართველოს არაოფიციალური პრეზიდენტი ბიძინაა. პრეზიდენტი შენაცვლებული აქვს საპატიო თავმჯდომარედ. საპატიო თავმჯდომარე რატომ უნდა წარადგენდეს პრეზიდენტს და სხვებს?!

ვინაიდან ივანიშვილი თვითონ მართავს ყველაფერს, მას არ უნდა ადამიანი, რომელიც ოდნავ წინააღმდეგობას გაუწევს, სიტყვას შეუბრუნებს. ის დიქტატორია, რომელიც ამოფარებულია საპატიო თავმჯდომარეობას, მაგრამ ქვეყანას მართავს ყველა მიმართულებით. ამიტომ მოიყვანა მან სუსტი კი არა, ძალიან სუსტი პრემიერი და პრეზიდენტი. ასევე, ჰყავს მას სუსტი კი არა, ძალიან სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ის წარმოადგენს ყველაფერს და მართავს ყველაფერს, გარდა ოპოზიციისა.

როგორ შეიძლება ამ ადამიანის დანიშვნა პრეზიდენტად, რომელიც ფეხბურთშიც არ გამოირჩეოდა და პოლიტიკაში მხოლოდ ლანძღვა-გინებით გამოირჩევა. ევროპა მას არ დაუძახებს, მხოლოდ ბიძინასთვისაა მისაღები. მის პიროვნებას არ ვეხები, შეიძლება გქონდეს ბევრი კარგი თვისება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართულად აზროვნებ და შეგიძლია ამ თანამდებობაზე ყოფნა.

„რ": რა შედეგს მოიტანს ოპოზიციის ბოიკოტი?

ი.კ: მსოფლიოში იშვითად თუ მომხდარა მშვიდობიანი აქციებით ხელისუფლების შეცვლა. ჩვენთან მოხდა ეს, შევარდნაძის გაურკვეველი რეჟიმის ჩამოშორება, მაგრამ ეს აქციებით უფრო არ მომხდარა. საქართველოს მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამოსვლა იყო, ანუ სახალხო მოძრაობა. თუ აქციები სახალხო მოძრაობად გადაიქცევა, ეს მხოლოდ თბილისში კი არ იქნება, არამედ მთლიანი საქართველოს მასშტაბით. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ყველა გადაიბირა: ინტელიგეციის დიდი ნაწილი, ჯარი, პოლიცია. ოპოზიციას ამის შესაძლებლობა არა აქვს. ხალხს რომ მოუწოდებენ თბილისში აქციაზე ჩამოსვლას, ეს ასე მარტივი ხომ არაა? მეორეც, ის ხალხი, რომელიც დღეს აქ უნდა ყოფილიყო, უცხოეთშია წასული. საქართველოში დარჩენილ მცირე ნაწილს კი არ შეუძლია მთლიანი ქვეყნის ორგანიზება. თან ამას სჭირდება ერთი ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს. ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ გვყავს. ცალკეული პიროვნებები კარგები არიან, მაგრამ როცა საერთოზე მიდგება საქმე, რომელიც დროშას აწევს და ყველა მას გაჰყვება, ასეთი პიროვნება არაა. ისინი რაღაცაში თანხდებიან, რაღაცაში ვერა. ამ სიტუაციაში ოპოზიციამ გადაწყვიტა მთავარი დამჯახებელი აღმოჩნდეს ევროპა და ამერიკა. მათ ამ ხელისუფლებას წინააღმდგობა უნდა გაუწიონ სანქციებით, რითაც მათ დისკომფორტი შეექმნებათ.

ცნობილი ამბავია, რომ ფული პოლიტიკისთვის არტერიაა. ბიძინამ იცის, თუ როგორ უნდა იშოვოს ფული, ისიც ისწავლა, ეს როგორ უნდა წარმართოს და ხელთ ჰქონდეს ძალაუფლება. ამას მარტო ბიძინა კი არ აკეთებს, არამედ ძალიან ბევრი. დღეს ფული მართავს პოლიტიკას. ეკონომიკა ქვეყანაში არაა, მაგრამ ეროვნული ფულია, რისი საშუალებითაც ხდება მოსყიდვები, არამხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მის შემდეგაც. მოსყიდულები ყველა სფეროშია. ჩვენი ოპოზიცია კი ფინანსურად ღარიბია.

მარტო ის არაა, რომ ხალხს გარეთ გამოსვლას სთხოვდნენ. კარვების გაშლა ერთ-ერთი პატარა დეტალია, მაგრამ ეს არაა გადამწყვეტი. ან რა ჩაიზეა ლაპარაკი, თუ რამდენიმე დღე სიცივეს და შიმშილობას ვერ გაუძლებენ, ისინი როგორ წააქცევენ ბიძინას?

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×