
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უკვე ცნობილია. ახალი წესით - 300-კაციანი კოლეგიით - არჩევნები პარლამენტში 14 დეკემბერს ჩატარდება და თუ რომელიმე კანდიდატმა კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, იმავე დღეს არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება. ინაუგურაციის დღედ კი 29 დეკემბერი განისაზღვრა, პარლამენტმა აღნიშნული დადგენილების პროექტს 26 ნოემბერს უყარა კენჭი. თუმცა, ამ არჩევნებზე მმართველი პარტია, შესაძლოა, გარკვეული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს - ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ხმოსანთა კოლეგიაში, შესაძლოა, ვერ მოგროვდეს იმდენი წევრი, რაც ახალი პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევისთვისაა საჭირო.
„ქართული ოცნება" თავისი კანდიდატის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს. მანამდე მედიაში ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ინფორმაცია და ვარაუდი მმართველ პარტიაშ გადაჭრით უარყვეს.
ბოლოს იყო საუბარი იმაზე, რომ „ოცნება" პრეზიდენტობის პოსტსზე ორ კანდიდატს განიხილავდა - ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს კონსტანტინე გამსახურდიას. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათგან არცერთთან არ მიდის კონსულტაციები.
მანამდე იყო მსჯელობა მმართველი პარტისს საპატიო თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილზე, თუმცა, „ოცნებაში" ამასაც უარყოფენ.
ასევე მედიაში დასახელებული იყო კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის კანდიდატურაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც წულუკიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩიეს, ეს ვერისაც პრაქტიკულად გამოირიცხა.
ანალიტიკოსთა თქმით, „ოცნება" ახლა ორიენტირებულია იმაზე, რომ ის შეცდომა არ დაუშვას, რაც წინა ორი პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდა. კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი „ოცნებისა" და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებაა, თუმცა დასძენენ, რომ თავიდან სალომე ზურაბიშვილმაც და გიორგი მარგველაშვილმაც „ერთგულებით დაიწყეს".
„რეზონანსის" ინფორმაციით, ამჟამად ყველაზე რეალურია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა. ის არც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყო და ამასთან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 26 სექტემბერს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, არ აქვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, თუმცა მასში თალაკვაძე დასახელებული არაა.
კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება გახდეს მოქალაქე, პირი რომელსაც უკვე შეუსრულდა 40 წელი და 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.
ხმოსანთა კოლეგიის არითმეტიკა
2024 წლიდან პრეზიდენის პირდაპირი არჩევნები აღარ ჩატარდება. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
კოლეგიაში შედის, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი - 150 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 დეპუტატი. დანარჩენ 109 წევრს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.
დიდი ალბათობით, ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში მოხვედრილი 61 დეპუტატი.
გარდა ამისა, კოლეგიაში ალბათ ასევე არ იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვედრილი 8 ოპოზიციონერი დეპუტატიც.
უფრო მეტიც, რეგიონალური საკრებულოებიდანაც ოპოზიციის კვოტით ალბათ ამ არჩევნებში არავინ მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებით უკვე გამოვიდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია.
„პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად და ფაქტობრივად, ამ გზით, შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას.
„ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ამისთვის ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ოცნების" და „ნაცების" მერე, საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში", - განაცხადა გახარიამ.
თუ ეს ბოიკოტი მართლაც შედგა, სავარაუდოდ, ხმოსანთა კოლეგიაში მმართველ პარტიას გაუჭირდება როგორც მინიმუმ ახალი პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევისთვის საჭირო ხმების მოგროვება. ასეთ შემთხვევაში, ხმოსანთა კოლეგიაში გარანტირებულად იქნებიან პარლამენტიდან „ოცნების" 89 დეპუტატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი პარტიის 13 წარმომადგენელი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, რაც, საერთო ჯამში, 122 ადგილია. შესაბამისად, რეგიონალური საკრებულოებიდან შესაბამისი კვოტით მმართველ პარტიას ხმოსანთა კოლეგიაში კიდევ მინიმუმ 78 ადგილის მიღება დასჭირდება, რათა პრეზიდენტის პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო 200 ხმა შეგროვდეს.
პროცედურა
თავად პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს, თითოეულ დელეგატს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი წევრი და ხმაც ერთს მისცეს. პრეზიდენტის ასარჩევად 200 ხმა არის საჭირო და თუ პირველ ჯერზე ამ რაოდენობის ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, სადაც გადავლენ ორი საუკეთესო შედეგის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატები. აქ კი პრეზიდენტის ასარჩევად 150 ხმაც საკმარისი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეტალურად განმარტავს პრეზიდენტის არჩევნების პროცედურას.
„პრეზიდენტის არჩევა ხდება ხუთი წლის ვადით. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 14 დეკემბერს. იგივე საკანონმდებლო დანაწესებით, ინაუგურაცია ტარდება მესამე კვირას ანუ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 2024 წლის 29 დეკემბერს. ამით სრულად ჩავეტევით იმ საკონსტიტუციო დანაწესში, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევას 5 წლის ვადით.
„ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ სამასი წევრიდან 150 არის პარლამენტის წევრი. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით ანუ 21 წევრი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
„კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური.
„არჩევნებთან დაკავშირებით კანონში არის ასევე განსაზღვრული დრო და ის დაიწყება 09:00 საათიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების მეორე ტურიც დაინიშნება იმავე დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის. და ბოლოს, ამ დადგენილების პროექტის შესაბამისად 14 დეკემბერს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხალხმა აირჩია 2018 წლის 28 ნოემბერს, მეორე ტურით. ინაუგურაცია ამავე წლის 16 დეკემბერს თელავში გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა „ქართული ოცნება" უჭერდა მხარს.
ვისკენ მიდის კვალი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამსახურდიასა და ღარიბაშვილის შესაძლო კანდიდატურებზე ინფორმაცია არ დაადასტურა.
„(ირაკლი ღარიბაშვილი) კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება. მაგრამ არ იქნება, იმიტომ, რომ გუნდი სხვაზე ჯერდება," - განაცხადა მდინარაძემ და დაამატა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია განიხილება.
მანამდე „რეზონანსს" „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომ იმ მომენტისთვის სამი კანდიდატი განიხილებოდა - თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი და არჩილ თალაკვაძე. აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტმა თეა წულუკიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩია, ღარიბაშვილის კანდიდატურა არ დაადასტურა „ოცნებამ".
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ის „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ყოფილა. სიის წარდგენიდან მალევე, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თალაკვაძესთან „ძალიან სერიოზულ თემაზე" მიმდინარეობს კონსულტაცია.
„არჩილ თალაკვაძე სიაში არ არის. ყველამ იცით, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია, არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანებიც. მაგალითად, ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და პრემიერის შეთავაზებაც - ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, დიპლომატიურ სამსახურში", - განაცხადა 26 სექტემბერს მდინარაძემ „ოცნების" იმ დეპუტატებზე საუბრისას, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ.
ერთგულება, პოლიტიკური წონა და ნაკლები ამბიციები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან"ამბობს, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი „ქართული ოცნების" ერთგულება იქნება, ოღონდ, მისი შეფასებით, ეს ბოლომდე სანდო კრიტერიუმი არაა, რადგან წინა ორმა პრეზიდენტმაც „ერთგულებით დაიწყეს". მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კი, საყვარელიძის აზრით, ნაკლები ამბიციურობაა.
„სანამ კანდიდატურა ოფიციალურად არ დასახელდება, იქამდე მიჭირს ვინმეს შეფასება. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება „ოცნების" ერთგულება, ოღონდ ეს მთლად სანდო კრიტერიუმი არაა. ასეთი ორი პრეზიდენტი უკვე იყო, ვინც ერთგულებით დაიწყო, ოღონდ სხვანაირად გააგრძელეს.
„მეორე კრიტერიუმად უნდა იყოს ნაკლები ამბიციურობა - ანუ ამ ჯგუფს ეს ადამიანი უნდა ეგულებოდეს ისეთი, რომელსაც არ ექნება უფრო „მაღლა ახტომის" ამბიცია. მთელ რიგ ქვეყნებში ასეთ უფუნქციო პრეზიდენტის თანამდებობაზე ისეთ პოლიტიკოსებს ირჩევენ, რომლებსაც თავის პოლიტიკურ კარიერაში რაღაც უკვე მიღწეული აქვთ და ამიტომაც დიდი ამბიციები არ აქვთ ხოლმე, ან ასაკით არ ეკუთვნით დიდი ამბიციები და ა.შ.", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, საგარეო კავშირები რამდენად მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, საყვარელიძემ გვითხრა:
„ხომ შეიძლება ისიც, რომ ეს საგარეო კავშირები სათავისოდ გამოიყენოს? ასეთი არჩევანი იყო სალომე ზურაბიშვილი, მისი არჩევა ზუსტად მაგ როლში ჯდება, თან ფიქრობდნენ, რომ „ოცნების" ერთგული იყო, დასვეს და ხომ ვნახეთ, რომ ამ საგარეო კავშირების გამოყენება სწორედ „ოცნების" წინააღმდეგ მოხდა. ამიტომ შეიძლება ეს მხარე არ იყოს მომგებიანი. პირიქით, რადგან ეძებენ ადამიანს, ვისაც ძალაუფლება არ აქვს, სასურველია, რომ ეს ძალაუფლებაც (დასავლეთთან კავშირები) არ ჰქონდეს. ეგეც ხომ ძალა არის, როცა კავშირები გაქვს...", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისადმი პირადი ერთგულება.
„პრეზიდენტობის კანდიდატის ერთადერთი და განუმეორებელი კრიტერიუმია, რომ უნდა იყოს ბიძინას ერთგული და ყველაფრის უსიტყვოდ შემსრულებელი, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი. მით უმეტეს, წინა ორმა პრეზიდენტმა არ გაუმართლათ.
„კონკრეტულად ვინ იქნება, არ ვიცი და მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობაც არ მგონია ჰქონდეს, თუ ასეთი პიროვნება შეირჩევა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვზე, რატომ არ შეირჩა ღარიბაშვილი, ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ივანიშვილის თვალში ღარიბაშვილს გარკვეული „მინუსები აქვს".
„ერთგულება და უსიტყვოდ მორჩილება ერთია, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებიცაა. ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოში ლეგიტიმაცია სჭირდება და აქედან გამომდინარე, მე ასე მგონია, რომ პრეზიდენტის ფიგურას რაღაც წარმომადგენლობითობა, ცოტა წონა უნდა ჰქონდეს და უცხოელებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს ნორმალურად და არ ჩანდეს მაინცდამაინც, როგორც ბიძინას მორჩილი.
„ღარიბაშვილი ამ მხრივ არ დაიწუნებოდა, თუმცა ღარიბაშვილს აქვს მინუსი ბიძინას თვალში. ბიძინას აქვს ეჭვი, რომ ღარიბაშვილზე მისი ნათესავები ახდენენ უფრო დიდ გავლენას, ვიდრე თვითონ, რადგან ის გარკვეულწილად კლანის წევრია და მას სულ ნეპოტოზმსა და თავისი ახლობლების დაწინაურებაზე აქვს პრობლემები. ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრად და ორჯერვე ასეთი პრობლემები ჰქონდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ამ კრიტერიუმებს რამდენად აკმაყოფილებს თალაკვაძე და რამდენად შეიძლება სწრედ ის წარადგინოს „ოცნებამ" ზურაბიშვილმა, განგვიცხადა:
„ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს. მთავარი კრიტერიუმია, რომ მუდმივად მონა-მორჩილი იყოს. თუმცა, რა ვიცი, ასე ეგონათ წინა პრეზიდენტებზეც, რომ მონა-მორჩილები იქნებოდნენ და არცერთი არ აღმოიჩნდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.