ნატალია ჯვარიძე
25.11.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი 26 ნოემბერს ჩანიშნავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას - პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ჩვენ.

პრეზიდენტი 5 წლის ვადით უნდა ავირჩიოთ. კონსტიტუცია, რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაცია ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნოშნათ ხვალ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება, ან მისივე აზრით, მასთან ყველაზე დაახლოებული პირი.

„ამ ეტაპზე რთულია საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ, მე ასე მგონია, რომ შესაძლებელია თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს, რადგან მას არ გაუმართლა წინა ორმა პრეზიდენტმა და შესაძლოა თავის თავს ენდოს. მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და მაინცდამაინც დიდი საქმე მასზე არ იქნება გადასული. თან თანამდებობა ექნება, თან საფუძველი ექნებათ, რომ ვიღაცამ არ თქვას ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. აქედან გამომდინარე, მე ერთ-ერთ ვერსიად ეს მიმაჩნია.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი - ივანიშვილმა მასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი დაასახელოს კანდიდატად, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი, ან ირაკლი კობახიძე. ამ დროისთვის მე მიჭირს სხვა კანდიდატურაზე ლაპარაკი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ედიშერ გვენატაძის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ოპტიმალური არჩევანი იქნებოდა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი ღირსეული კანდიდატია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაა, რადგან მან არაერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და დიპლომატი, ამავე დროს, ის არის ქვეყნის დიდი პატრიოტი და ერთგული.

„ამიტომ, ჩემი აზრით, ის აუცილებლად უნდა იყოს პრეზიდენტი და არა ისეთი უსამშობლო, რომელიც მოხვდა დღევანდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ, ჩემი პროგნოზით, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესო კანდიდატი იქნება", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

დიახ შერჩეული გვყავს - სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების" გუნდი 99 %-ით არის ჩამოყალიბებული კანდიდატურაზე.

„ისეთი კითხვა დამისვით, ძალიან დიდი ხანი ბევრს რომ ვმსჯელობდით ჩვენს გუნდში. ლიდერებთან ეს დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების" რიგით ჯარისკაცამდე [ფიქრობს, რომ] პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს - უნდა იყოს ეროვნული, ქართველი. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. თუ ამას არ გადაუხვევს, შემდეგ ყველაფერი კარგად ლაგდება ხოლმე, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი.

ამის შემდეგ ბევრი თვისებაა საჭირო, მაგრამ პირველი ეს უნდა იყოს. ჩვენ ამის მიხედვით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს", - განაცხადა მდინარაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰყავთ თუ არა კანდიდატი შერჩეული მდინარაძემ აღნიშნა: „დიახ შერჩეული გვყავს. შეგვიძლია თქვათ, რომ 99%-ით ჩამოყალიბებულები ვართ."

კითხვაზე, „გამორიცხულია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მდინარაძემ უპასუხა, რომ „დიახ, გამორიცხულია".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×