
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი. კობახიძის თქმით, ყოფილი მინისტრები - ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია "საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ".
ოპოზიცია, კობახიძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეფასებისას, ამბობს, რომ არაფერი არ შეიცვლება, არც საგარეო და არც საშინაო თვალსაზრისით. "ოცნება" კი ახალ შემადგენლობას მიესალმება.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის პირველ სხდომამდე, 25 ნოემბერს დილით წარადგინა. კობახიძის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი; იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი; ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი; კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე.
რატომ სცვლის სამ მინისტრს კობახიძე
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს "წმინდა შიდაპარტიული გარჩევების" შედეგია და არა იმის, რომ ახალი პოლიტიკა დაიწყება.
"მემგონი რომ აქ წმინდა შიდაპარტიული გარჩევებია. აშკარად ჩანს, რომ საბოლოო ჯამში კობახიძის ჯგუფმა და მათმა კონცეფციამ გაიმარჯვა - ხელისუფლების ძალით მითვისება და არავითარ დათმობებზე წასვლა. შარშანდელი მარტის მოვლენებიდან გამომდინარე, ივანიშვილი იძულებული იყო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, ღარიბაშვილი მაშინვე, ერთი ხელის მოსმით შეცვალა, დანიშნა კობახიძე, რუსული კანონი ხელახლა შემოიტანეს და შესაბამისად, მიიღეს ის, რაც უნდოდათ ხელების ამოგრეხვით, კანონის და კონსტიტუციის დარღვევით და ა.შ.
"დღეს "ქართულ ოცნებაში" ცალსახად და მკაფიოდ წარმატებულია მხოლოდ და მხოლოდ კობახიძე და ის ახლა ღარიბაშვილის ხალხს ცვლის. აშკარაა, რომ ასეთი ხალხი და განსაკუთრებით დარჩიაშვილი, ღარიბაშვილის დანიშნული იყო, ამიტომ არა მხოლოდ ახლა, არამედ მთავრობის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაშიც ვნახავთ, რომ მთელი ეს შემადგენლობა მხოლოდ კობახიძის ხალხით შეივსება.
"ეს ამის ნაწილია და არავითარი საგარეო პოლიტიკის და იმის, რომ ახალი პოლიტიკა დაიწყება. დარჩიაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე მუშაობდა და არ მგონია, რომ პრინციპულად არსებითად რაიმე შეიცვალოს. არაფერი არ შეიცვლება, ევროპასთან ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, გაუარესდება, მაგრამ ეს ბოჭორიშვილის ბრალი არ იქნება და ამდენ ხანს არც დარჩიაშვილის დამსახურება იყო. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა და ეს გაგრძელდება ვინც არუნდა დასვან - აგრესიული, რადიკალური და ევროპიდან წამოსვლის პოლიტიკა იქნება.
"გამარჯვებული იღებს ყველაფერს - ღარიბაშვილი იყო და მას თავისი ხალხი ჰყავდა. კობახიძეს რომ დაემტკიცებინა, რომ ის უკეთესია ივანიშვილის თვალში და მან დაამტკიცა, მომიტინგეების აზრი არ გაითვალისწინა. ღარიბაშვილს შეეშინდა და უკან დაიხია, მერე ივანიშვილმა ან კობახიძესთან დაიწყო კონსულტაციები, ან თავად კობახიძე მივიდა და უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ასე დაეთმოთ ახალგაზრდებისთვის. ამის მერე, ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ერთი ხელის მოსმით ყველაფერი შეცვალა, თვითინ გახდა პარტიაში მმართველი ფიგურა და ა.შ"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონასთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ პრემიერმა კობახიძემ გადაწყვიტა ის, რაც "ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება".
"ნებისმიერ სფეროში, ეს სახელმწიფო სამსახური იქნება თუ კერძო სექტორი, მუდმივი გაუმჯობესებაა საჭირო, ეს არის შეუჩერებელი და ასე ხდება ყველგან, ყველა დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ ქვეყანაში. თუ პრემიერმა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ამ სამ კონკრეტულ სფეროში უფრო მეტი ფორსირებული რეფორმებია საჭირო, ბუნებრივია მან ამისთვის შესაბამისი კანდიდატურები შეარჩია.
"თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დარჩიაშვილი, ბრეგაძე თუ შამუგია წარუმატებლები იყვნენ - ეს ასე არაა, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აცხადებს, პირიქით, საჭიროა გარკვეული დარგების უფრო დახვეწა და რეფორმების უფრო სწრაფად და ეფექტიანად ჩატარება. რასაკვირველია აწ უკვე ყოფილი მინისტრები, სახელმწიფო სამსახურში დარჩებიან, მათ სამი კონკრეტული უწყების განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.
"პოლიტიკურ გუნდში გადანაწილდებიან ხოლმე სხვადასხვა სფეროების მიხედვით, ზოგი მინისტრი ხდება, ზოგი დიპლომატი, ზოგი პარლამენტში ხვდება. ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესია და პირიქით კარგია, რომ არა სტაგნაციაზე, არაემედ იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი მუდმივ, სწრაფ, ეტაპობრივ განვითარებაზეა ორიენტირებული",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყოფიულ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს, ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის.
"სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ", - განაცხადა პრემიერმა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.
„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის", - აღნიშნა მელიამ.