ნატალია ჯვარიძე
24.11.2024

25 ნოემბერს დაგეგმილი პარლამენტის პირველი სხდომისთვის ოპოზიცია საგანგებოდ ემზადება. წინასწარ ცნობილია, რომ სხდომას დაესწრებიან მთავრობის წევრები, მმართველი პარტიის 89 დეპუტატი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტის შენობასთან ისევ მოსალოდნელია მასშტაბური აქცია და შეტაკება პოლიციასთან, რაც, ანალიტიკოსების აზრით, მნიშნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი კვირეების განმავლობაში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა კულმინაციას სწორედ 25 ნოემბერს მიაღწევს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროტესტს, მიიჩნევს, რომ ეს დღე არ იქნება გადამწყვეტი.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, წინასწარ ცნობილია, რომ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატის რანგში გახსნის ლადო კახაძე. პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ წარდგენილი იქნება შალვა პაპუაშვილი, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ისევ ირაკლი კობახიძე დასახელდება.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 23 ნოემბერს გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე გამოცხადდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები კვირას 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ გამართავენ მსვლელობას. მათ რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან მოქალაქეები. პარლამენტთან გაიშლება კარვები, სადაც აქციის მონაწილეები ღამეს გაათევენ. 25 ნოემბერს დილიდან კი დაიწყება მთავარი აქცია.

ოპოზიციის ლიდერები ღიად არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად რას გეგმავენ უშუალოდ ორშაბათს, თუმცა, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით იქნება მმართველი პარტიის დეპუტატებისათვის სირცხვილის კორიდორის მოწყობისა და პარლამენტის შენობის ბლოკირების მცდელობა.

ამას, ბუნებრივია, მოჰყვება შეტაკება პოლიციასთან. მითუმეტეს, რომ შსს-მ უკვე გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც იმაზეა საუბარი, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება კანონითაა აკრძალული და ასეთ შემთხვევაში პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

„კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

„ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

„ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები.

„შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, - ნათქვამია შსს-ს მიერ 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ელჩების გარეშე

პარლამენტის პირველ სხდომას, როგორც წესი, საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან. წელს კი ეს ტრადიცია პირველად დაირღვევა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ელჩები იმის ნიშნად, რომ არ სცნობენ არჩევნების ლეგიტიმურობას, ისედაც არ აპირებდნენ ორშაბათს პარლამენტში მისვლას და მმართველმა პარტიამაც სწორედ ამიტომ თქვა უარი მატ მიწვევაზე, რომ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო.

შალვა პაპუაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ხელმეორედ იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარედ, აცხადებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე უცხოელ დიპლომატებს მიზანმიმართულად არ გაუგზავნა მოსაწვევები, რადგან ეს „შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია“.

„რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტს ჰქონდეს. საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან კონსტიტუციური ორგანოების, პარლამენტის წევრები, მთავრობა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ელჩების არმიწვევა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო.

„ვფიქრობ, რომ ელჩების არმოწვევა უფრო რბილი და ოპტიმალური გამოსავალია იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ელჩები აშკარად უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რაც მათ ფუნქციებში არაა. ისინი არც ანტიპოზიციურ და არც ანტისახელისუფლებო განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. თუმცაღა ბოლო პერიოდში გერმანიის, ევროკავშირის ელჩები და კიდევ სხვა დიპლომატები ისე საუბრობენ, რომ ტოტალურად შეუფერებელია მათი მანდატისა და საქმიანობისთვის. 

„შესაბამისად, როდესაც ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ამ ლეგიტიმურ ახალ პარლამენტს და ქართველი ხალხის ნებას აბუჩად იგდებენ, ცხადია, იქ შერჩევითად ვერ მოხდებოდა რომელიმეს დაპატიჟება, ან არდაპატიჟება. ამიტომ მიიღოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება. 

„არც ერთ კანონში არ წერია, რომ აუცილებელია ელჩების დასწრება. ეს არის უბრალოდ კეთილი ნების გამოხატულება. დასავლეთის ცალკეულმა დიპლომატებმა თავიანთ განცხადებებს რომ გადახედონ, უკეთესი იქნება“, - აღნიშნა აბაძიშემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ „თავი დაიზღვია ყოველგვარი მოულოდნელობისგან“.

„აქ ბევრი საფიქრალი და გასაანალიზებელი არაფერია - „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ თავი დაიზღვია ყოველგვარი მოულოდნელობისგან. შესაძლოა მათ ჰქონდათ კულუარული ინფორმაცია, რომ თუ ელჩებს მიიწვევდნენ, გამორიცხული არ იყო არ მისულიყვნენ, რასაც ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. ამიტომ ამჯობინეს, რომ არ გაერისკათ და სანამ რამე მოხდებოდა, გამოაცხადეს, რომ ელჩებს არ ეპატიჟებოდნენ“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ვინ შედის პარლამენტში და ვინ - არა

სამი ოპოზიციური გაერთიანება: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ აცხადებენ, რომ დასწრებას არ აპირებენ და პარლამენტის მანდატებზეც უარს იტყვიან. განსხვავებული მოსაზრება აქვს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, „როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე“.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ორშაბათს პირველ სხდომაზე არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა. თუმცა, მისივე თქმით, სიების ჩახსნისა და განცხადებების დაწერის შემდეგ ნათლად გამოჩნდება, ვინ იტყვის უარს პარლამენტში მუშაობაზე.

„ჩემი აზრით, პირველ სხდომაზე ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება. როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და შედიხარ იმ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურად მიგაჩნია, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის და ალბათ ამომრჩევლისთვისაც. 

„სანამ ოპოზიცია იურიდულად არ ჩახსნის სიებს და არ დაწერენ განცხადებებს, ყველა მათგანი იურიდიული თვალსაზრისით ითვლება პარლამენტის წევრები. განცხადებები ერთია, მაგრამ ვნახავთ ვინ იტყვის საბოლოოდ უარს და ვინ ჩახსნის სიებს. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც პარლამენტი აღიარებს უფლებამოსილებას და დაიწყებს საქმიანობას, ანუ შესაძლოა ორშაბათვე  გარკვეულმა ნაწილმა შეიტანოს განცხადებები. ალბათ თანმიმდევრულად უნდა მოხდეს - ჯერ სიები უნდა ჩაიხსნას და შემდეგ განცხადებები დაიწეროს, მერე კი შეიძლება თქმა ვინ დარჩა და ვინ - არა“, - ამბობს ძაბირაძე.

გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ოპოზიციისგან არჩეულმა ცალკეულმა დეპუტატებმა შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. 

„ძალიან დიდი ალბათობით, ორშაბათს პირველ სხდომაზე ოპოზიციიდან არცერთი არ იქნება, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ 4 ოპოზიციური პარტიიდან ლიდერები არა, თუმცა ცალკეული არჩეული დეპუტატები შევიდნენ. ეს უკვე გამოიწვევს გარკვეულ დისონანსს შიგნით, თვითონ ოპოზიციურ ველზე. 

„ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს 2020 წლის გამოცდილება, როდესაც საჯაროდ ვნახეთ რაღაც თეთრ დაფაზე როგორ აწერდნენ ხელს და იფიცებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა და შევიდნენ. ახლაც ზუსტად იგივე ხდება.

„გახარიას პარტიამ „ესტაფეტა“ გახსნა. ზვიად ძიძიგურის განცხადება ზუსტად ამის მიმანიშნებელი იყო, რომ თურმე სადებუტატო მანდატი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული ბერკეტი გამოიყენონ და ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახინონ. ამიტომ, თუ გახარიას პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ, მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც შევიდნენ, რადგან პოლიტიკურ წრეებში არსებობს ასეთი ინფორმაცია, თვითონ ამ ბარიერგადალახულ პარტიებში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე. 

„ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფრის პიარულად გამართლებაც შეიძლება, თუ მაგალითად მათ ღიად, ან კულუარულად ეტყვიან დასავლელი პარტნიორები - სხვა გზა არაა, უნდა აღიაროთ ეს პარლამენტი, პარლამენტის შიგნიდან იბრძოლოთ და მოემზადოთ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის“, - თქვა აბაშიძემ.

რამდენად მასშტაბური იქნება აქცია და რა შედეგი ექნება მას

რამდენიმე დღეა ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ 25 ნოემბერი გადამწყვეტი დღე იქნება და პარლამეტთან დიდ საპროტესტო აქციას აანონსებენ.

„მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ სამსახურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვისაც შეგიძლიათ, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და ეს ერთი დღე დავუთმოთ ჩვენ სამშობლოს. არ ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისი იყოს პროტესტის კერა. ძალიან სერიოზული პროტესტის კერა გვინდა იყოს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც“, - განაცხადა „ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივა, თუმცა აცხადებს, რომ 25 ნოემბერი და პარლმენტის პირველი სხდომა „არ არის გადამწყვეტი მომენტი“.

„აქციები უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება პარლამენტთან. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევლენ პარლამენტში და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ შევლენ და შევეგუოთ, რომ შევლენ და ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შაბათს „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ორშაბათის აქცია გადამწყვეტი არა, მაგრამ ოპოზიციის შემდეგი ქმედებების განმსაზღვრელი ნამდვილად იქნება.

„რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა გამოვიდეს, ამ აქციას მყისიერი შედეგი არ ექნება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ორშაბათს აქცია რომ დაიწყება, საღამოს ხელისუფლება არ გადადგება. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გაუკეთებს ორგანიზნებას ოპოზიცია ამ ორშაბათის აქციას. ასევე თუ რა რაოდენობის ხალხი მივა. ეს იმისთვის, რომ განისაზღვროს მომავალში ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს და რა უნდა გააკეთოს მათ შორის ხელისუფლებამაც.

„ოპოზიცია როცა იძახის, 25 ნოემბერი გადამწყვეტი დღე იქნებაო, ვფიქრობ გულისხმობს იმას, რომ ძალიან დიდი ხალხმრავლობა იქნება. არ მგონია ამაში გულისხმობდეს, რომ ორშაბათს ყველაფერი გადაწყდება და დასრულდება.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს. მეც ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება არა გადამწყვეტი, არამედ განმსაზღვრელი დღე იმის, თუ როგორ უნდა განვითარდება მოვლენები შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

გია აბაშიძე კი ვარაუდობს, რომ ორშაბათის აქციაზე პარლამენტთან რამდენიმე ასული კაცი იქნება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება კი, მისივე თქმით, მის არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს.

„მორიგ აქციას და იაფფასიან თეატრალურ სცენებს არავითარი აზრი არ ექნება. ხალხმა ერთხელ კი არა, ათეულჯერზე ნახა, რასაც ჰქვია ხმაური, ყვირილი, პოლიციასთან დაპირისპირებები და ა.შ. ოპოზიციის ვითომ პრინციპულ აქციებთან დაკავშირებით დიდი იმედგაცრუებაა თავად ოპოზიციის მომხრეებშიც, რადგან გვახსოვს, „ნონ-სტოპ“ აქციები ვაშაძემ და ჯაფარიძემ დაშალეს და აქტივისტები გაურკვეველი ვადით სახლში გაუშვეს. 

„კი, ბატონო, შესაძლოა მაქსიმუმ რამდენიმე ასეული კაცი იყოს. თან იმის გათვალისწინებით, რომ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ეცდებიან გარკვეული დისკომფორტის შექმნას, თუმცა ეს დისკომფორტი უფრო ოპოზიციის აქტივისტებისთვის იქნება, რადგან უსუსურები არიან. პრობლემა ისაა, რომ თუნდაც ოპოზიციის მხარდამჭერები გონივრულად მოქმედებენ - ისინი დემოკრატიულად მიდიან არჩევნებზე, ხმას აძლევენ ოპოზიციას, მაგრამ ქუჩის აქციებზე უარს ამბობენ, მითუმეტეს, თუ იქ არის ხულიგნური ელემენტები.

„აქაც ჩანს სალომე ზურაბიშვილის არათანმიმდევრულობა და პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებულობა. ჩვენ ასევე რამდენიმე დღის წინაც ვნახეთ, რომ მისი განცხადება ნინო ლომჯარიამ გააკრიტიკა, რაც შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს ეხებოდა. არ შეიძლება ერთი მხარე ერთს ამბობდეს და მეორე - მეორეს. რასაკვირველია, ეს მხადამჭერებს აბნევს. თუ 25 ნოემბერი ე.წ. პოლიტიკურ აპოკალიპტურ დღედ გამოცხადდება, რატომ ცვლის ამის შინაარსს სალომე ზურაბიშვილი, თუ ის დგას რადიკალური ოპოზიციური ძალების მხარეს, რომლებსაც სურთ 25 ნოემბერი იყოს მწავავე დაპირისპირების დღე?“ - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×