
მოსკოვი აფხაზეთს ბოლო დროს მომხდარის გამო სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდის. უბრალოდ ახლა თავს იკავებს, რადგან პასუხისმგებელი არავინაა, მაგრამ დაელოდება და გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან" განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსებს აფხაზების მიმართ წყენა აქვთ. გამოდის, მთელი ეს ამბავი მოხდა იმის გამო, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება აფხაზებმა არ მიიღეს. დღეს აფხაზური ოპოზიცია საუბრობს იმის თაობაზე, რომ ეს რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულება იყო, ვიღაც მითიური ოლიგარქების ინიციატივა, სინამდვილეში კი ასე არ არის. ოპოზიციონერები არ ასახელებენ კონკრეტულად ვისზეა ლაპარაკი, ერთადერთი ისმის ხოლმე ტკაჩოვის გვარი. ასევე, რამდენიმე ქართველის, რუსეთის მოქალაქის სახელები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, მაგრამ დაუსაბუთებელია. მხოლოდ ტკაჩოვის გვარი აქვთ დასაბუთებული.
"სინამდვილეში ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან თვითონ იმ დოკუმენტს, რომელიც ამ კანონის რეალიზაციას გულისხმობდა, ხელი მოაწერეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა. პრინციპში, ეს ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, დღეს მოსკოვი განსაკუთრებულ ზეწოლას აფხაზების მიმართ არ ცდილობს, რადგან ალბათ ფიქრობს, ამის დროც დადგება. პრინციპში, ასეთ არეულ სიტუაციაში, როცა ე.წ. ხელისუფლება პრაქტიკულად არც არის, ვის უნდა მოსთხოვონ. თუმცა მე ასე მგონია, რომ მომავალში რუსეთი აფხაზებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, მათ შორის იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს. პირველ რიგში აქ იგულისხმება ადგურ არძინბა და კან კვარჩია, რომლებიც ამ გადატრიალებას ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ დღეს არ მოხდება. მითუმეტეს, რომ საბოლოო ჯამში ეს კანონი არ დაამტკიცეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა პასუხისმგებელი არავინაა და შესაბამისად, ასე თვალსაჩინო აქტივობა არ იქნება.
"თუმცაღა მოსკოვი ჩაერია იმაში, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება, ასლან ბჟანია მშვიდობიანად წასულიყო და ოპოზიციას თავისი მოთხოვნები მთლიანად ვერ გაეტანა. ოპოზიციას უნდოდა, რომ მთელი მთავრობა წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, დარჩა ვიცე-პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ ის მარიონეტულ ფიგურად იქცა, მაგრამ ოფიციალურად ვიცე-პრეზიდენტია. მოსკოვი აფხაზებს სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდის და მერე როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".