თამთა ჩაჩანიძე
22.11.2024

ჰააგის სასამართლომ ისრაელის მოქმედი პრემიერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ჰამასის ლიდერის დაპატიმრების ორდერი გასცა, რასაც დასავლეთის ქვეყნებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, აშშ შეშფოთებულია და არ იზიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც იყოფა აზრი, თუმცა ბლოკის მაღალჩინოსნების ნაწილი აცხადებს, რომ "გადაწყვეტილება დროულია".

ისრეალის მედია წერს, რომ ამ ორდერების გამო ნეთანიაჰუ და გალანტი ვერ ჩავლენ იმ 120 ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იქ დააკავებენ.

საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 2003 წლის 5 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ წესით, გალანტი და ნეტანიაჰუ საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში დაპატიმრებას უნდა დაექვემდებაროს, თუმცა, ეს უფრო დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელზეც ასევე ჰააგის სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდენი უკრაინასთან ომში ჩადენილი დანაშაულის გამო, სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სამხრეთ აფრიკამ კი მის წინააღმდეგ ზომები არ მიიღო, ამ დრომდე კი ჰააგის სასამართლოს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს ქვეყნის ხელისუფლების მისამართით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის" ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცა.

სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ამა წლის 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხთან.

ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. ის უარყოფს ღაზაში ომის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იბრაჰიმ ალ-მასრის ლიკვიდაცია განახორციელეს, თუმცა ამას „ჰამასი" არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აცხადებს, რომ "ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სასამართლოსთვის", რადგან ეს გადაწყვეტილება არის "თავდასხმა ისრაელის უფლებაზე დაიცვას საკუთარი თავი" და „არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას".

ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას თავად ბენიამინ ნეთანიაჰუც ეხმიანება.

„ისრაელი არ ცნობს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეგვიზღუდოს ბუნებრივი უფლება, დავიცვათ თავი მტრებისგან, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა. ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს, როცა „ჰამასს" 101 ადამიანი მძევლად ჰყავს. ბოდიში, დღეს მათ გამოსცეს დაკავების ორდერი მუჰამედ დეიფის ცხედრის მიმართ",- აცხადებს ისრეალის პრემიერი.

საერთაშორისო გამოხმაურება

თეთრი სახლი არ იზიარებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ შემდგომ ნაბიჯებს პარტნიორებთან განიხილავს.

„აშშ პრინციპულად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე. ჩვენ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, დაკავების ორდერის მოთხოვნასთან დაკავშირებით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომების ფონზე წარმართვით, რამაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვია", - აცხადებენ თეთრ სახლში.

იტალიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათ ტერიტორიაზე შევლენ.

„მოგვიწევს მათი დაპატიმრება", - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების მიხედვით იმოქმედოს.

ნიდერლანდების მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ დაკავების ორდერების შესაბამისად იმოქმედებენ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი გამოეხმაურა და დაეთანხმა. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დროულია.

"ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და უნდა აღსრულდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის და "ჰამასის" ლიდერის დეიფის დაპატიმრების გადაწყვეტილება დროულია, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, სტატუტის ხელმომწერმა ყველა სახელმწიფომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოიყვანოს," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით თავხედური და ცინიკურია, - ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაქსი სოციალურ პლატფორმა იქს-ზე ავრცელებს.

„ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.

ზოლტან კოვაქსის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია და ვიზიტის დროს ხელშეუხებლობაში დაარწმუნა.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩვენ შემთხვევაში ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

"საქართველო სტატუტს შეუერთდა და წესით, თუ ისრაელის პრემიერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჩამოვლენ, ხელისუფლებამ უნდა დააპატიმროს და ჰააგას გადასცეს, მაგრამ ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც მიერთებულია, პუტინი ჩავიდა და არაფერი არ გააკეთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

"მე ახლა ბრიუსელში ვარ და ბელგიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუ ბელგიაში ჩავლენ ისრაელის პრემიერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მათ დააპატიმრებენ და ჰააგის ტრიბუნალს გადასცემენ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თავად ქვეყნის პოლიტიკურ ნებაზე. წესით ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ დააპატიმრონ, რადგან ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მიერ, სანქცია უკვე გაცემულია.

"თუმცაღა, მეორეს მხრივ საქართველო და ისრაელი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები არიან. ისრაელს ასევე სტრატეგიული მეგობრობა აშშ-სთან აქვს, ამერიკამ ეს ამბავი კატეგორიულად დაგმო, ის სტატუტზე ისედაც არაა მიერთებული და მეტად თავისუფალია.

"ეს ამბავი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ევროკავშირის ქვეყნები ამას ავითარებდნენ და საკითხი ჯერ კიდევ მაისში წამოაყენეს, ღაზას სექტორში იმ საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელიც აწარმოებდა ცახალი ჰამასის წინააღმდეგ, შესაბამისად, იქ იყო დარღვევები, რომლის გამოც გაიცა ორდერები. სხვათა შორის, ამ დარღვევებს ისრაელის ხელისუფლებაც იძიებდა, პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცახალის რამდენიმე მებრძოლზე და შიდა გამოძიება მიდიოდა.

"ტრამპიც საკმაოდ რადიკალური იქნება და ალბათ მოსვლისთანავე დააყენებს საკითხს, რომ ჰააგის პროკურორის წინააღმდეგ ამერიკამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. ისრაელმა ეს პროცედურები უკვე დაიწყო, მაგრამ სიტუაცია როგორ განვითარდება, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება ძნელია. ნეთანიაჰუ და გალანტი ალბათ აშშ-ში ჩვეულებრივად ჩავლენ, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლაზე პრობლემები ექნებათ.

"არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის ტრიბუნალმა ჩვენ ხელისუფლებას მოსთხოვოს ეს ორდერი აღასრულოს, თუ არ შესრულდა, ამის მერე არ ვიცი რა სანქციები შეიძლება გაატარონ ჩვენი მისამართით, რადგან მაგალითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიმართ ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, მას შემდეგ, რაც პუტინი ჩავიდა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×