ჭავჭავაძის გამზირზე გამართული 24-საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, ქართული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, გეგმა საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლაა იქამდე, მანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს.
ამის პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი საფრთხე რაც ქვეყანას ემუქრება, ეს დესტაბილიზაცია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დესტაბილიზაცია შესაძლოა მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას.
ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი კარს მოგვადგა - აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა და დასძინა, რომ საზოგადოებას ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა შესთავაზონ.
„26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს. არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახალ არჩევნებამდე იქნება, მაქსიმალურად სტაბილური იყოს. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მისი შეუგუებლობა, პროტესტი და მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან. მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება“,-ამბობს ზურაბიშვილი.
"ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება" - თქვა ნიკა მელიამ და იქვე აღნიშნა, რომ პროტესტის კერა არა მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი, არამედ თბილისის სხვა ქუჩებიც უნდა გახდეს.
„ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით მომავალზე, სადაც სახელმწიფოს ბედს საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება.
„მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი პროტესტით იყოს მოცული. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ", - ამბობს ნიკა მელია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია მართლა რთულად არის და ძალიან ძნელია წინასწარ იმის თქმა, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. როგორც ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ამბობს, ოპოზიცია ქუჩაშია, მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ყველაფერი მიდის იქით, რომ ამ პარლამენტს ნდობა არ ექნება არც ქვეყანაში და არც დასავლეთისგან ექნება ლეგიტიმაცია. ეს სურათი უკვე ჩანს და ევროპარლამენტარების ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებიდან ეს ნათლად ჩანს.
„სიტუაცია ძალიან რთულია და არ ვიცი ამ ვითარებიდან გამოსავალი როგორ შეიძლება მოინახოს. ფაქტი ერთია, რომ პრეზიდენტი, არ აპირებს პარლამენტის სხდომის მოწვევას, ოპოზიცია კი გეგმავს არ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რადგან უმრავლესობაა, რომ ახალარჩეული პარლამენტის სხდომა გახსნას და პარლამენტი უფლებამოსილად გამოაცხადოს.
„ის არ იქნება სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო - 2/3-ითა და უფრო მაღალი კვორუმით კანონებს ვერ მიიღებს, მაგრამ ეს მას საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. მოკლედ, გვეყოლება “კოჭლი” პარლამენტი, რომელაც ასევე არ ექნება ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ.
„ასევე, ბევრი რამ ოპოზიციის მოქმედებაზე და მის გეგმებზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულია, მე დღეს დიდად ვერ ვგრძნობ ამ პროტესტანტებში რადიკალურ განწყობას, საზოგადოებაში დაძაბულობა არ იგრძნობა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რადიკალური საპროტესტო აქციები არ იქნება.
„იმის გასაკეთებლად, რაც 2003 წელს მოხდა, ოპოზიციას რესურსი დღეს არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ საკმაოდ მძიმე პროტესტი შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისას ცესკოსთან. ფაქტია იგივე მოხდება პარლამენტის პირველი სხდომის დღესაც. თუმცა „ოცნება“ პარლამენტის სხდომას მაინც მოახეხებს და ეს ადრეც უქნია“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება, მას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვერ იქნება ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებისგან ცალკე განხილული. აშშ-ში ახალარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
ვიცით უკვე, წამყვან თანამდებობებზე ვის დანიშნავენ, მაგრამ ჯერ კვლავ უცნობია, ახალი ადმინისტრაცია რა პოლიტიკას წარმართავს, რადგან ერთია წინასაარჩევნო განცხადებები და მეორე, როდესაც უშუალოდ შეუდგებიან ქვეყნის მართვას რესპუბლიკელები.ამიტომ სრული სურათის დასანახად ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელია.
„სამწუხაროდ ჯერ ქართველების უმეტესობა, მითუმეტეს „ოცნების“ მხარდამჭერები ვერ ხედავენ იმ რეალობას, რასაც შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან მოჰყვეს. ასევე გადამწყვეტი იქნება ტრამპის და მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. უკრაინის ომის მოვლენები როგორ განვითარდება. რა პოზიციებს დაიკავებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„არ მინდა ამის თქმა, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია თუ ისე განვითარდა, რომ არ შევიდა ოპოზიცია, არ მოხდა პარლამენტის ქვეყნის შიგნიდან და მის გარედან ლეგიტიმაცია, „ოცნების“ წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციები იქნება. ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც საფრთხე ექმნება. ამიტომ სწორედ მანამდეა საჭირო ის პოზიციური ბრძოლა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, ხელისუფლება მშვიდად ვერ უნდა იყოს - პროტესტი უნდა შენარჩუნდეს, ეს ყოველდღიურად არა, მაგრამ გარკვეული გეგმითა და მიზანმიმართულად უნდა წარიმართოს“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა გაზაფხულზე დადგეს, სადღაც აპრილ-მაისში, იმ შემთხვევაში, თუ ახალი წლიდან მართლაც დაიწყო სანქციების გატარება.მისი აზრით, ამ ეტაპზე ხელისუფლება დათმობებზე წამსვლელი არ არის, მაგრამ თუ შეიქმნება მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ის იძულებული გახდება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და ერთ-ერთი ეს ახალი არჩევნების ჩატარებაა.