თამთა ჩაჩანიძე
18.11.2024

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოს შესახებ იმსჯელა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა და რომლის ინიციატივითაც 100 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაიყინება ევროკავშირისგან "იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს".

აღნიშნულს "ქართული ოცნებისგან" კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მათი თქმით, ეს იქნება "სპეკულაციური" ნაბიჯი. ოპოზიციისთვის კი ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, სადაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით შესაძლო ზომებზე საუბრობენ.

თავად ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ მისი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა.

„ცხადია, რომ საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება.

ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ანუ, ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

"მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ თანხას, რომელიც ამ დრომდე მიემართებოდა ხელისუფლებისკენ, ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბედისთვის", - განაცხადა ბორელმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ასეთი იდეები თავად ევროკავშირისთვის არ აღმოჩნდეს მომგებიანი.

"ბორელი თავის თანამდებობას მალე დატოვებს და მისი ახლა გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ შეფასებას ალბათ არ იმსახურებს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასევე სერიოზულ ანგარიშს არ გაუწევენ ის მყოფი ევროპელი თანამდებობის პირები. დასავლეთში ბევრი რამ იცვლება და აშშ-ში ტრამპის გამარჯვებით კიდევ უფრო შეიცვლება და შესაძლოა ასეთი იდეები მომგებიანი არ აღმოჩნდეს.

"ეს იდეა ევროპისთვისაც წამგებიანია, რადგან თუ საქართველოზე ძლიერი ზეწოლა გაგრძელდა, ეს ევროპისადმი ორიენტაციას აშკარად შეამცირებს, საქართველოში მოსახლეობაზე მაქვს საუბარი",- განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძემ ბორელის ინიციატივაზეც ისაუბრა.

"ეს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, ხალხმა აირჩია ხელისუფლება, იმათ ართმევ ფულს და აძლევ ენჯეოებს, რომლებიც არავის არ აურჩევია. პრაქტიკულად სახელმწიფოსთვის ფულის გამორთმევა გინდა იმისთვის, რომ შენ ვიღაცეები დაიქვემდებარო და მერე ამ დაქვემდებარებულ ადამიანებს უბრძანო დავუშვათ ქუჩაში გამოსვლა - ეს ხომ მოსყიდვაა საკუთარი მიზნებისთვის და სხვა არაფერი.

"არა მგონია, რომ ასეთი საქციელი დიდ სიმპატიას იწვევდეს. დღეს ბორელისმაგვარი პიროვნებები ისე იქცევიან, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ საქართველოს ათქმევინონ უარი ევროპაზე?"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრის დაწყემაბდე

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და რომლებსაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე გეტყვით, ჩვენ გვსურს ევროპული მომავლის ხილვა ქართველი ხალხისთვის. ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მე ვიცნობ, ვისაც სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და ამას სრულად ვუჭერ მხარს", - განაცხადა მინისტრმა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით შეშფოთებულია,

„შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ცხადია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა. ესეც ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში, რადგან არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ გვაქვს ეს ეჭვები", - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.

რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში"

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, განცხადება ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და გადამისამართებაზე არის სპეკულაციური.

„მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ! მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.

"გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის შეფასებით, არჩევნებზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

„ცესკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიციამ რაც გაიგო, რომ პირწმინდად დამარცხდნენ, დაიწყეს საუბარი გაყალბებაზე. გვეუბნებოდნენ უამრავი ფაქტი არსებობსო. თუმცა, დღემდე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება. პროკურატურამ კონკრეტული ადამიანებიც დაიბარა და რეალურად ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, აირჩია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 100 მილიონიანი დაფინანასების გაყინვით "საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაა".

„სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდია.

საქართველოს მთავრობა როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ 100 მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა. საინტერესოა, ბატონი ბარელი ფიქრობს, რომ არასამთავროებო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონი ისევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ, როგორც საქართველოს მთავრობა ხარჯავს, თუ „შავ ფულად" უნდა იქცეს?! ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი გვაინტერესებს!

"გასაგებია, რომ მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან არჩევნები შედგა და ძალიან კარგად იციან. უნდათ, რომ ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოვიდნენ. გამოძიება პროკურატურაშიც დასრულდება და მის შედეგებსაც იხილავენ. გამომდინარე აქედან, საქართველოს სამართლიან გზას ვერავინ გააჩერებს.

"ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები კანონის, ევროკავშირის, დემოკრატიის პრინციპების დარღვევით ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ასეთი ქმედება საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პრაქტიკაში იმიტომ არის აკრძალული, რომ შემდგომში მიღებული დამარცხება საკუთარ დამარცხებად აღიქმება, ხოლო საკუთარ დამარცხებას სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში თარგმნიან.

"ეს პრაქტიკა დაარღვიეს და ახლა საკუთარ თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ!", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რა წერილი მისწერა ოპოზიციამ ბორელს

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის" ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.

კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება" არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, წერილში წერია ის, რის შესახებაც ოპოზიცია დღის განმავლობაში უამრავჯერ საუბრობს.

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, [არჩევნებთან დაკავშირებით] გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას.

"კონკრეტულად წერილთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მინიმუმ, 6 დღის განმავლობაში და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ"?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ საჯარო სივრცეში მედიასთან, მათ შორის, თქვენთან.

არაფერი განსხვავებული არ წერია. აქ არაფერი არ იყო გასაკვირი და ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, დღეს „ქართული ოცნება" დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით რატომ ცდილობს, მით უფრო, როდესაც უშუალოდ წერილთან დაკავშირებით 5-6 დღის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია," - განაცხადა მელიამ "ინტერპრესნიუსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×