ნატალია ჯვარიძე
18.11.2024

25 ნოემბერს პარლამენტის ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხდომაზე განაცხადა.

„მომავალ ორშაბათს, საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ სამთავრობო 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავრია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ ევროკავშირსგან მოითხოვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და საქართველოს ხელისიფლებასთან კომუნიკაციის შეწყვეტა.

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე და მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები - მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, მათ მოითხოვეს, კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის, მათ მოითხოვეს 120 მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე, მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს - ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.

ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა არ რადიკალურ ძალას, გადააფასებს საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისთვის, რომ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა რასაკვირველია, მნიშნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა კობახიძემ.

ასევე, კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მოხდეს.

„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მნიშნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდეს, ეს არ არის მნიშნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება გაგრძელდეს.

ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როცა რადიკალური ოპოზიცია ძლიერდებოდა, სახელმწიფოს პოზიციები სუსტდებოდა ხოლმე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია დასუსტებული იყო, ამ დროს ყოველთვის სახელმწიფო უფრო ძლიერი იყო ხოლმე, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით უზრუნველვყოთ. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ძალებთან გვაქვს საქმე, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე უსამშობლო ადამიანებთან გვაქვს, რომელთა დასუსტება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ნდობის გამოცხადებას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. მისივე აზრით, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს არა 25 ნოემბერს, არამედ 26-ში.

„ნდობის გამოცხადებას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. ეს ხდება მას შემდეგ, როცა აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და შეიქმნება კომიტეტები, რადგან ეს მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა ჯერ კომიტეტებმა უნდა განიხილონ და მერე უნდა წარედგინოს პარლამენტს.

„ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო. პრეზიდენტს ცესკოს სხდომიდან 10 დღე აქვს იმისათვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომა განიხილოს. ამ ათი დღის ათვლა იწყება ცესკოს სხდომის, ანუ 16 ნოემბრის შემდეგი დღიდან, 17 დან. შესაბამისად, 25-ში კი არ უნდა მოხდეს ეს, არამედ 26-ში.

„უფრო ადრე, სანამ ამოიწურება პრეზიდენტის მიერ სხდომის დანიშვნის ვადა, მე ასე მიმაჩნია, რომ პარლამენტის შეკრება არ შეიძლება. თუ პრეზიდენტმა 9 დღის განმავლობაში არ დანიშნა სხდომა და არც მეათე დღეს არ თქვა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს პირობითად, 26 ნოემბერს 12 საათზე, მაშინ პარლამენტს შეუძლია შეიკრიბოს იმ მეათე დღის განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს 26-ში უნდა მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×