თამთა ჩაჩანიძე
18.11.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოებერს 20:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა 26 ოქტომბრის არჩევნების თავისივე შეჯამება, მისი თქმით, "ეს არჩევნები არ შედგა" და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, მანამდე კი პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით მივიდეთ.

"არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე მესამე კვირა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვიდგას, რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არ დაუშვებს". ამბობს, რომ ოპოზიციასთან შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს.

ზურაბიშვილი 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს "სასამართლოს იმედი", თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ "ყველა გზა" უნდა სცადოს.

ბრიფინგს წინ უძღვოდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში, მიზეზი კი "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებული ხუთპუნქტიანი გეგმაა, სადაც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც "ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა". ხაზარაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე პერმანენტული აქციებისა და მანდატების ჩახსნის პარალელურად, საჭიროა ე.წ. სახალხო პარლამენტის ფორმირება და "საპატიო თავმჯდომარედ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევა.

"ქართულ ოცნებაში" ხაზარაძის გეგმას "სახლობანას თამაში" უწოდეს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კონსულტაციები პლატორმებს შორის გრძელდება, მათ შორის "სახალხო პარლამენტის" საკითხს "კარგი დამუშავება სჭირდება".

რაც შეეხება გეგმის შინაარსს, მამუკა ხაზარაძის თქმით, ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:

„1.ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

"2.პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

"3.ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ "სახალხო პარლამენტის" ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა "სახალხო პარლამენტის" საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;

"4."სახალხო პარლამენტის"მოქმედების გეგმის შემუშავება;

"5."სახალხო პარლამენტის" დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება", - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე".

გეგმის პერსპექტივა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გეგმა ანტიკონსტიტუციურია, მათ შორის "სახალხო პარლამენტის" შექმნის იდეაც და მის "საპატიო თავმჯდომარედ" პრეზიდენტის მიწვევაც.

"ქართულმა საზოგადოებამ, მამუკა ხაზარაძისა და სხვა ნაცპოლიტიკანების ასეთი განცხადებები არაერთხელ მოისმინა. ისინი თავის დროზე რაღაც ტექნიკურ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს აყალიბებდნენ, მაგრამ ეს გეგმები ჩაუფლავდათ იმის გამო,რომ საერთო სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

ახლა, როცა პარლამენტის დელეგიტიმაციაზე საუბრობს, საინტერესოა ტექნიკურად თუ ფიზიკურად როგორ უნდა გააკეთონ? ისევ პარლამენტთან უნდა დადგნენ სასტვენებით, ბოქლომებით, ჯაჭვებით, რამდენიმე ასეული კაცით, თუ როგორ? ეს ხომ მორიგი ბლეფია? მანდატების ჩახსნაზე ისევ უტიფრად იმეორებენ. მათი მანდატები ჯერ პარლამენტმა უნდა სცნოს, ვიცნც შევიდა და შემდეგ, თავად ამ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ჩახნსნან შეუსვლელთა სიები და თავად დაწერონ განცხადება პარლამენტის დატოვებაზე - ამას ჰქვია მანდატების ჩახსნა და არა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები ტელეკამერებთან თუ ქუჩაში.

"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიწვევას ე.წ. სახალხო პარლამენტის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ, აქ უკვე კომედიური ჯანრი შემოდის. სალომე ზურაბიშვილიც დიდი ხანია ბოლომდე ჩაეფლო ამ ნაცჭაობში, რასაც ჰქვია ტყუილი, მანიპულაცია ანტისახელმწიფოებრივობა, ანტიკონსტიტუციურობა და ა.შ. თუ ის ის აპირებს, რომ ანა დოლიძესავით ასე ქუჩა-ქუჩა ირბინოს, მისი გადასაწყვეტია.

"25 ნოემბერს ლეგიტიმური პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი მთლიანი პარლამენტის უფლებამოსილებას სცნობს და შემდეგ ვნახავთ როგორ იქნება ამ სიების ე.წ. ჩახსნა. გვახსოვს, რომ რაღაც უკანონო განცხადებები დაწერეს, რომელსაც ძალა არ ჰქონდა, თუმცა საპარლამენტო მანდატები მაინც შეუნარჩუნდათ, საკუთარ თავებს "პუფები" დაარქვეს და 2020 წელს არჩეულ პარლამენტში მაინც შევიდნენ.

"ეს პოლიტიკური ტაკიმასახარაობა სიახლე არაა, თავს მასხრად იგდებენ საკუთარ მიმდევრებში, თორემ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას უყურებს, როგორც კომედიურ ჯანრს. დასანანია, რომ ქუჩებს კეტავენ, მარგინალი ექსტრემისტები მეტწილად ვაკელებს და ვაკეში მიმავალ მგზავრებს აწუხებენ, ეს ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, რადგან საზოგადოებასთან დაპირისპირება მათ რეიტინგებს კიდევ უფრო დაუგდებს, თუნდაც საკუთარ მხარდამჭერებში, რომლებიც ასევე ვერაზე და ვაკეში ცხოვრობენ",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ამ პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ, გეგმა პერსპექტიულია.

"თუ ამ გეგმის შესრულებას მოახერხებენ, ძალიან კარგია. ნამდვილად საჭიროა, რომ აქტიურობა იყოს, მაგრამ ქუჩის აქციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უნდა იყოს დამხმარე და არა წამყვანი. აშკარად მასობრივი არაა, რომ წამყვანი იყოს. ოპოზიციამ, ვინც პარლამენტში გავიდა 900 ათასი ხმა მიიღო,რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან ერთი 100 ათასი რომ გავიდეს, რომელიც პერმანენტულად გარეთ იქნებიან, მაშინ ქუჩის აქციები ძალიან სერიოზული მიმართულება იქნება.

"ხალხმა ხმა ევროპას მისცა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, მაგრამ ქუჩაში არ გამოდის, ამიტომ ბუნებრივია სხვა ღონისძიებებია საჭირო. ის, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი დელეგიტიმაცია მოხდება, ეს ყოველგვარი პრობლემის გარეშეც ჩანს. მთავარია ევროპამ არ მოახდინოს მათი ლეგიტიმაცია, თუ არ აღიარებენ პირველ რიგში გამოხატავენ იმით, რომ არ მიულოცონ და მეორეც, თუ დელეგაციებს მიიღებენ და ეს მიღებები თუ გაგრძელდა, მაშინ აღიარებული იქნება.

"არალეგიტიმურ მთავრობას არ ადარდებს, რომ ის არალეგიტიმურია, ძალაუფლება მის ხელშია და რაც გინდა ის უძახე გარედან, მით უმეტეს ქუჩიდან. ევროპამ არ უნდა აღიაროს. დასავლეთთანაა სამუშაო და ხალხის ქუჩაში ყოფნა ამიტომაა საჭირო,დასავლეთმა დაინახოს. ყველაფერს ლოგიკური ბმა აქვს და თუ ევროპამ დაიჯერა, სანქციები უნდა დაუწესოს იმ ხალხს, რომელსაც წესით უნდა დალაპარაკებოდნენ, ლეგიტიმური რომ ყოფილიყო.

"თუ სანქციები არ დაიწყო, არც ქუჩის აქციებს, არც აღიარება-არაღიარებას არ ექნება აზრი, თუ "ქართული ოცნების" მმართველობა არ დაზიანდა. თუ ისევ განაგრძეს სეირნობა და შვილების სწავლება ევროპაში და ა.შ. მაშინ ნებისმიერი აფრიკული სახელწიფოები ასე ცხოვრობენ და არავითარი პრობლემა არაა.

"რა ელემენტებიც გეგმაშია ჩამოთვლილი, ყველაფერი ერთმანეთთან უნდა იყოს ბმაში, ცალკ-ცალკე არცერთი იქნება ეფექტური. სახალხო პარლამენტი არ მესმის როგორი შეიძლება იყოს, ალბათ სანამ სახალხო პარლამენტს დაასახელებენ, პრეზიდენტიც პოსტზე აღარ იქნება.

"ჩემი საქმე არაა, მაგრამ სჯობს სალომე ზურაბიშვილი მოამზადონ ისეთი ლეგიტიმური მმართველობისთვის, როგორიცაა მაგალითად ქალაქის მერი",- განაცხადა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

რას ამბობს ოპოზიცია

ენმ-ს ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გეგმას კარგი დამუშავება სჭირდება.

"ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ფაქტია, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, თვითმარქვიაა „ქართული ოცნება". ჩვენ გვჭირდება ორგანიზაციული ფორმა, რომელიც გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე. ასე რომ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი. ამას კარგი გააზრება, კარგი დამუშავება სჭირდება. ჩვენ ამაზე გვაქვს საუბრები, შიდა დისკუსიები. ეს არ არის ჩემთვის ახალი, რაც გავიგე. ჯერ, უბრალოდ, ვფიქრობ, პროტესტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვართ. შემდგომში აუცილებლად იქნება სხვა ნაბიჯებიც, - ამბობს "ერთიანობა ნაციოანლური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"გახარია საქართველოსთვის ლიდერი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ გეგმას ახლახანს გაეცნო და მეტი ანალიზი სჭირდება.

"იდეასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ გვაქვს და ახლახანს გავეცანი ამ განცხადებას და აქ ნახსენები იყო პრეზიდენტი და მათ შორის, პრეზიდენტის პოზიციაც არ არის ცნობილი, ისევე, როგორც ჩვენც ახლა ვნახეთ. მე მახსენდება, გარკვეულწილად, წარსულში ასეთი იდეა და მეტი მსჯელობა და მეტი ანალიზი სჭირდება იმისთვის, რომ სწორად მივიდეთ იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნები, - ამბობს აქუბარდია.

რას ამბობს "ქართული ოცნება"

მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს - რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს! - ასე ეხმაურება „ლელოს" ლიდერის ინიციატივას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

აქვე, ქადაგიშვილმა დასძინა, რომ „სასაცილოა, ხაზარაძე ამ დონეზე რომ დავიდა".

„ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის - ეს არის სახლობანა!

"სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმად არის - მას გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც მან საკუთარ თავს შეუქმნა. როდესაც ადამიანი ქვეყანას საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას ახვევ თავს, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ოცნების" დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, ოპოზიციაში არაფერზე ერთიანობა არ არის, მათ შორის არც აქციებზე.

„მამუკა ხაზარაძეს უნდა ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთოს - თავად არაფერში მონაწილეობს, უთქვამს: - კარვებში შემსვლელი არა ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო. ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა!

"შეგვიძლია, რაღაც ადგილი გამოვუყოთ და სათამაშო პარლამენტი შევუქმნათ - უნდათ სენატი დაარქვან, უნდათ - კონგრესი. ალბათ, ხაზარაძეს რაიმე თანამდებობას მისცემენ, ვაშაძე კი პრემიერობას არავის დაუთმობს. „ახალი წლები" მოდის და მათზე ხალხი გაერთობა.

"კი ბატონო, შექმნან პარალელური მთავრობა, პარალელური პარლამენტი, პარალელური ბრიუსელი - ეს არის ამ ხალხის ტრაგიკომედია! ტრაგი იმიტომ, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და კომედია იმიტომ, რომ თუ ამ სიტუაციას კომიკურად არ შეხედე, ამ ხალხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×