ელზა პაპოშვილი
17.11.2024

8 ნოემბერს გადადებული განხილვის ნაცვლად, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხზე ორშაბათს, 18 ნოემბერს დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ. საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მას შემდეგ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იქნება. რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან და როგორ აისახება ეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? საქართველოს არჩევნებზე საუბრისას ცალკეული ევროპული ლიდერები აქამდე მხოლოდ იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ აუცილებელია აუცილებელია არჩვნებისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ არსებული ცნობების მიუკერძოებელი გამოძიება.

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი 7-8 ნოემბერს გაიმართა და წინასწარ დაანონსდა, რომ საქართველოს საკითხის განხილვაც მოხდებოდა. აღსანიშნავია, რომ 7 ნოემბერს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. 8 ნოემბერს კი ევროპელ ლიდერებს საქართველოზე უნდა ემსჯელათ, თუმცა დროის სიმცირის გამო ეს ვერ მოახერხეს. 

საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა არც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა.

ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ევროპელი ლიდერების საუბრის მთავარი თემა ორი დღით ადრე აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები დასში დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის ფონზე, საქართველოს საკითხმა დროებით უკანა პლანზე გადაიწია.

18 ნოემბრის შეხვედრაზე კი ასეთი რამ უკვე ნაკლებად მოსალოდნელია. წინასწარ ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება, საქართველო კი შეხვდრის დღის წესრიგში მეორე საკითხადა ჩასმული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრემიერს 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირის მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ - უნგრეთმა მიულოცა. აქედნ გამომდინარე, ქართულ ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ 18 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, გამსხვავებული მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ევროპაშიც გაჩნდა სხვადასხვა დამოკიდებულება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. 

განწყობები ევროპარლამენტში  

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გასულ კვირას დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა იმსჯელეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. სხდომაზე გაკეთდა როგორც კრიტიკული, ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებები. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას კი ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

ჯორჯო გორი, ევროპარლამენტარი: „სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ ჰქონდათ თავისუფლად საუბრის საშუალება და კენჭისყრის პროცედურის დროს დაფიქსირდა მრავალი დარღვევა. გარდა ამისა, იყო ძალადობრივი ყალბი ახალი ამბების კამპანია, რომელიც რუსეთის მიერ წარიმართა. ამ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული მოქალაქეობრივი მისწრაფებების თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდებში. ჩვენი მოვალეობაა, გამოვიყენოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ინსტრუმენტი ამ მისწრაფებების შესანარჩუნებლად და დასაცავად.“

რასა იუკნევიჩიანე, ევროპარლამენტარი: „საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. „ქართულ ოცნებას“ არ გაუმარჯვია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებაზეც. ამ ყველაფერს დიდი მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ევროკავშირი მხარს უჭერს მათ ამაში.“

ანდრიას ლასლო, ევროპარლამენტარი: „მე ვიყავი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოს არჩევნებზე . საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნების მთლიანობას. იგივე მითხრეს ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებმა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირე პროვოკაცია და ინციდენტები მოხდა, მაგრამ სხვაგან არაფერი მომხდარა. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმების სხვაობა 300 000 ხმაზე მეტია. თაღლითობის შესახებ პრეტენზიები ახლოსაც კი არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის მასიურ გამარჯვებას.

„შემდეგ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დესტაბილიზაციას და საპროტესტო აქციების გაღვივებას. ქართველებმა დემოკრატიული არჩევანი ჩაატარეს. მაშინაც კი, თუ ბევრს ეს ევროკავშირში არ მოსწონს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში ნათლად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრიანების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან.“

რაზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის პოზიცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს,რომ ევროკავშირში ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების ფონზე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ამიტომ ის ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლოა 18 ნოემბერს არ იყოს გადაწყვეტილება ისეთ მკაცრი, როგორც ამაზე საქართველოში ოპოზიცია პროგნოზირებს.

„ის, რაც ევროპარლამენტის სხდომაზე მოხდა და ვნახეთ როგორ გაიყო სრულიად ხმები საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებებში, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ევროპა საქართველოსთან მიმართებაში ორად არის გაყოფილი. 7 ნოემბერსაც სწორედ ამიტომ დასჭირდათ დამატებით დრო, რათა გარკვეული აზრთას ხვადასხვაობა არსებობს. 

„არჩევნებმა ბევრი რამ შეცვალა. შესაბამისად, იქაც მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რას მისცემს მათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთან დაკავშირებით. ის, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეს ოპოზიცია, ევროპაშიც ბევრისთვის უკვე დამაფიქრებელია. მათ დაინახეს, რომ ოპოზიცია გარკველწილად იტყუება. უმრავლესობა მათგანი არჩევნების დღე აქ იყო დამკვირვებლად ჩამოსული. ბევრმა სიტყვით გამოსვლისაც ისიც კი აღნიშნა, რომ უშუალოდ ადევნებდნენ არჩევნებს თვალს და გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, ტერორის მსგავსი არაფერი უნახავთ. ამიტომ, თუკი აქამდე არ გადადგეს რადიკალური ნაბიჯები - არ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი და არ შეუჩერეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია - ახლა, როცა დაინახეს, რომ „ოცნება“ ხალხმა ისევ მეოთხე ვადით აირჩია, ხომ ხვდებიან, რომ მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გდადგმა უარეს გამოიწვევს და საზოგადოებაში ანტიევროპული დამოკიდებულება გაჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, ევროპელები ასევე უყურებენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, აკვირდებიან ოპოზიციის მოქმედებებს, ხალხის განწყობას ქვეყანაში და ხედავენ, რომ ხალხის პროტესტი არ არის. ასევე, მისი აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპის რიდიკალიზმი ნელ-ნელა იცვლება და შესაბამისად, ანალიტიკოსი არ ელის, რომ 18 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე რადიკალური სახის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.  

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნალი კაკაჩია კი არ ელის, რომ ორშაბათს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგადად ევროკავშირის პოზიცია კი, მისივე აზრით, დამოკიდებული იქნება თავად „ქართული ოცნების“ მოქმედებებზე. მაგალითად, დაიწყებს თუ არა „გამჭვირვალობის კანონის“ საფუძველზე არასამთავრობო სექტორსა და მედიაში რეპრესიებს, ან გამოიყენებს თუ არა ძალას მშვიდობიენი დემონსტრანტების წინააღმდეგ8

„ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ მოქმედებებზე. ვიცით, რომ ხელისუფლებას ახლა ლეგიტიმაციის პორბლემა აქვს, მას არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ აღიარებენ. თუ ვითარება დაიძაბა და „ოცნებამ“ ძალა გამოიყენა, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან პასუხიც კიდევ უფრო ხისტი იქნება. 

„ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით - დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს, თუ არა. ბევრ რამეს ეს მოქმედებებიც განსაზღვრავს.

„რა თქმა უნდა, არ ველი, რომ 18 ნოემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ  საკითხზე ჯერჯერობით შეთანხმება არაა, ამას კი გადაწყვეტს პირველ რიგში ლეგიტიმაციის ამბავი, რომ ჯერჯერობით ამ ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობა არ სცნობს და არავის არ მიულოცია, გარდა ხუთი ქვეყნისა“, - ამბობს კაკაჩია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს, მაგრამ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს. ეს ნათლად გამოჩნდა თუნდაც 7 ნოემბერს პრემიერის ვიზიტისას ბუდაპეშტში, სადაც ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად სევროპელი ლიდერების უმრავლესობისგან იზოლირებული იყო. 

„ვფიქრობ,რომ „ოცნებამ“ კანონები სავაჭროდ დაიტოვა. კობახიძემ განაცხადა კიდეც, რომ თუ რამეა, შეიძლება დისკუსია დავიწყოთო. ეს კანონები სულ რომც გაიწვიონ, ეს ხელისუფლება დემოკრატიული რომ ვერ გახდება, ყველამ ვიცით და არც ბიძინა ივანიშვილი იქნება დემოკრატი. ეს ევროკავშირშიც მშვენივრად იციან. ამიტომ ჩვენს მოსახლეობაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან, როცა ქვეყანაში პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება და რა მიმართულებით წავა სიტუაცია“, - ამბობს კაკაჩია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×