თამთა ჩაჩანიძე
17.11.2024

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონდმებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაზე 5 დღით ადრე მიიღო. ამ პროცესს თან ახლდა უპრეცედენტო ინციდენტი უშუალოდ ცესკოს სხდომაზე, საპროტესტო აქცია და შეტაკება პოლიციასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის დაჩქარებით ხელისუფლება არჩევნების ლეგიტიმაციის დაჩქარებას ცდილობს.

ყოველოივე ამის შედეგად შეიცვალა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის სავარაუდო თარიღიც. კანონმდებლობის თანახმად, პირველი სხდომა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ეს თარიღი 25 ნოემბერია.

შაბათს გამართულ ცესკოს სხდომაზე კომისიაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა" უწოდა და სახეში შავი საღებავი შეასხა. ამას შეხლა-შემოხლა და აურზაური მოჰყვა. სხდომა დაახლოებით 40 წუთით შეწყდა, რის შემდეგაც კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სხდომა განაგრძო. საბოლოოდ შემაჯამებელი ოქმი მაინც მიიღეს.

კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ საქმე აღძრა. პარალელურად ცესკოს შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, რის შედეგადაც 3 ადამიანია დაკავებული.

აქციის მონაწილეებს მცირე ხნით აღმაშენებლის გზატკეცილი ჰქონდათ გადაკეტილი, თუმცა მალევე დაიშალნენ. კვირას 7 საათზე კი პარლამენტთან მორი აქციაა დაგეგმილი.

ცესკოსთან მიმდინარე აცქიაზე ენმ-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებამ ყველა გამყალბებელს პასუხი უნდა გასცეს" მელნის შეხსმით.

„მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს, მან გაკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და სათქმელი. კალანდარიშვილი და მისი გვერდით მჯდომები ამ ქვეყნის სირცხვილი არიან და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. ყველამ მელანი ავიღოთ და ვინც სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! პროტესტი და აქციები გაგრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.

„შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს..." - წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში".

შემაჯამებელი ოქმი

საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ, რომ „ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს".

აქედან გამომდინარე, ცესკოს 21 ნოემბერამდე ჰქონდა დრო.

თავად ცესკოში გადაწყვეტილების დაჩქარებას იმით ხსნიან, რომ 21 ნოემბერი „არ არის ბეჭედდასმული" თარიღი და „საბოლოო ინსტანციის სასამართლომაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება".

შაბათს დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ გამართა. მისი თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.

„საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგენს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში ყველა შესაძლო საჩივრის განხილვის ვადა.

„გუშინ, საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. უკიდურესი ვადა - 21 ნოემბერი - არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა შეუძლია, თუ ყველა პროცედურა ამოწურულია, შემაჯამებელი ოქმი შეადგინოს. მაშინ მეორე კონტრკითხვა შეიძლება არსებობდეს - რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული? ცხადია, შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება - ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო", - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ოქმის მიღების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველმა მისცა ხმა. 34 974 ბიულეტენი გაბათილდა. 5%-იანი ბარიერი ხუთმა სუბიექტმა გადალახა. შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება" - 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა - 89;

„კოალიცია ცვლილებისთვის" - 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა - 19;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენოა - 16;

„ძლიერი საქართველო" - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა - 14;

„გახარია საქართველოსთვის" - 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა - 12.

რატომ დააჩქარა ცესკო-მ პროცესები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცესკოს კანონი არ დაურღვევია და ოპოზიციის დღის წესრიგის მიხედვით არ წავიდა.

„კანონით რამდენიმედღიანი ვადა იმიტომაა მიცემული, რომ ცესკო-ს მიეცეს საშუალება მშვიდ გარემოში იმუშაოს და რადგანაც ცესკომ ყველა მასალის შეგროვება, დათვლა და ის ყველაფერი მოსწრო, რაც შემაჯამებელი ოქმისთვის იყო საჭირო, ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა.

„გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება გაუჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთის მატჩს დაამთხვიეს, რათა საპროტესტო აქციაზე ხალხი ბევრი არ მისულიყო. ეჭვების და სპეკულაციების სივრცე ყოველთვის არის ხოლმე, მაგრამ მოდით იქედან ამოვიდეთ, რომ ცესკოს რეალურად კანონი არ დაურღვევია და ხუთი დღით ადრე გამოაქვეყნა თუ ხუთი დღით გვიან, ეს, ჩემი აზრით, უკვე ტექნიკური საკითხია.

„ცესკო ოპოზიციის დღის წესრიგის მიხედვით არ წავიდა. ძალადობრივი აქტი, რაც, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის ეფექტის ქვეშ ექცევა, მემგონი შეგნებულად მოხდა - თავდასხმა მოქალაქის ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით და ამას მტკიცებულებები და რაღაცეები არ სჭირდება, უამრავი მოწმე ჰყავს და ვნახეთ, რომ სრულიად მიზანიმართულად და წინასწარ გაზრახულად მოხდა.

„ჩემი აზრით, ცესკო სწორად მოიქცა, სხდომა რომ არ გადადო. სწორედ ეს იყო ოპოზიციის მიზანი, რომ როგორმე შემაჯამებელი სხდომა არ ჩატარებულიყო. ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმაც, ვფიქრობ, სწორედ ამას ემსახურებოდა და ადამიანმა თავის თავში ძალა მონახა, რომ სხდომა ბოლომდე ჩატარებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ბრიფინგის ჩატარება ვერ შეძლო. როგორც ვნახეთ, მუდმივად თვალზე იკიდებდა ხელს და როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზულია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ცესკო ცდილობს ისეთი განწყობის შექმნას, რომ შემაჯამებელი ოქმის მიღებით არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის მხრივ სამართლებრივად ყველა პრობლემა მოგვარებულია. პროცესის დაჩქარებაც, სავარაუდოდ, ამას უკავშირდება.

„პროცესის დაჩქარება რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული - შესაძლოა „ქართული ოცნება" ცესკო-ს მეშვეობოთ, რომელიც, ბუნებრივია, ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ცდილობს როგორმე ფაქტის წინაშე დააყენოს ოპოზიცია, რომ თითქოს საკუთარი ქმედებას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს. თან იმის ჩვენება სურთ, რომ თითქოს ხელისუფლება უკან არ იხევს და გააკეთებს იმას, რაც სურს.

„შესაძლოა დაამთხვიეს საფეხბურთო მატჩს, რომ ხალხი არ შეიკრიბოს. აქციის ორგანიზება ძირითადად საღამოს ხდება.

„ოცნებას" სურს ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენოს, რომ რადგან ცესკომ ოქმს ბეჭედი დაარტყა, თითქოს სამართლებრივად ყველა პრობლემა მოგვარებულია. თუმცა, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ მოგვარდება. მასე თავის დროზე შევარდნაძის დროინდელ ცესკო-მაც დაასვა ბეჭედი.

„რომ შეიკრიბონ და ე.წ. სესია ჩაატარონ, სამართლებრივად საკუთარ ქმედებას ვერ გაამყარებენ, რადგან არჩევნებს არ აღიარებს, არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო საზოგადოება. ხელისუფლება ცდილობს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა რაც შეიძლება მალე ჩაატაროს, რომ თითქმის თუ ეს ჩატარდა, უკვე ყველა ფაქტის წინაშე დადგება. თუმცა, რამდენი სესიაც არ უნდა ატარონ, ხალხი მაინც შეიკრიბება და თავის სათქმელს იტყვის.

„რაც შეეხება ინციდენტს, პირველ რიგში თავად ბატონი კალანდარიშვილია სისხლის სამართლის დამანაშავე, ის მთავარი გამყალბებელი და ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია. ამასთან, მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. გაყალბის ამდენი ფაქტია და კალანდარიშვილი ამ ყველაფერს ხელს აფარებს, ესე იგი დანაშაულს აფარებს ხელს. არისტოტელეს აქვს კარგად ნათქვამი - „თუ გინდა, რომ უსინდისოს სინდისი გაუღვიძო, მას სილა უნდა გააწნაო".

სამართლებდივად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა აქაც უკანონობასთან გვაქვს საქმე, რადგან, რამდენიმე თვის წინ, როცა თუნდაც დავით ქაცარავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მძიმედ დაზიანდნენ, ამაზე რეაგირება არაა. მაშინ კანონი უნდა კანონობდეს და ყველაზე ერთნაირად გავრცელდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

როგორ განვითარდება პროცესები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსსთან" ამბობს, რომ თუკი საბოლოო ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, მას თანდათანობით მარგინალიზაციე ელის.

„ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნა, რომელიც თანაბრად ეხება როგორც „ოცნებას", ისე პარლამენტში გასულ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ოპოზიციას კი იგივე პრობლემას უქმნის, რაც ადრე ჰქონდათ - რომ მათ მიიღეს, ის შედეგი, რაც არ აძლევთ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას, რაზედაც მათ ჰქონდათ გათვლა და აქედან გამომდინარე, ისინი ისევ ოპოზიციად დარჩებიან.

„თუ პარლამენტში არ შევიდნენ, მაშინ მათი სამოქმედო არენა ქუჩა იქნება, ხოლო ქუჩაში დიდხანს დარჩენა კი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას იწვევს, თუკი ის ფორმალურ პოლიტიკაში ჩართული არაა, პარლამენტის ტრიბუნას არ იყენებს და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ თანდათანობითი (არა ზეგ და მაზეგ) მარგინალიზება მოხდეს, დაკარგონ ამომრჩეველი და შესაძლოა მათ ადგილზე ახალი პოლიტიკური პარტიები წამოვიდნენ და ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე გარკვეული გადაადგილებები და ცვლილებები დაიწყოს", - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე აზრით, ცესკოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების დუმილი გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ცესკოს ისტორიაში არ მომხდარა, რომ თავმჯომარეზე პირდაპირი თავდასხმა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ამაზე არავითარი რეაგირება არ გვესმის არც უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან, არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირველბლებისა და საელჩოებისგან. ეს უპრეცედენტო ფაქტია და თუკი ისინი ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, ამით ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ, რომ არ არიან მიუკერძოვებელი და ობიექტურები და მხარეს წარმოადგენენ. ასევე პრეზიდენტის რეაგირებასაც ველოდები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მმართველ პარტიას რეალური, ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს და ამ მოცემულობას ფორმალური ლეგიტიმაცია ვერ შეცვლის.

„ამ ე.წ. პარლამენტმა რა კანონებიც არ უნდა მიიღოს, ვერ ჩაითვლება კანონად. მათ სურთ, რომ დე ფაქტოდ გაიმყარონ ხელისუფლება, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ენიჭება, საზოგადოება რამდენად გამოხატავს მზადყოფნას, რომ დაიცვას საკუთარი ხმა და ეროვნული ინტერესები, გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს.

„ეს ვითარება ოპოზიციისთვის პრობლემა ნაწილობრივ არის, თუმცა საერთო ჯამში დე ფაქტო ვითარებაა მთავარი, ოპოზოცია არ თვლის, რომ ისინი პარლამენტის წევრები არიან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×