"როგორც ჩვენთან იყო მითი, რომ თუ “ოცნებამ” არ გაიმარჯვა, ომი იქნება, ახლა აფხაზეთში გააქტიურდება თემა , რომ თუ ბჟანია არ გაიმარჯვებს, ის ჩაბარდება საქართველოს"
თამთა ჩაჩანიძე
15.11.2024

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა უკან დაიხია, ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის გატანაზე. პროტესტის მონაწილეები არ ჩერდებიან და სოხუმის რეჟიმის ლიდერის გადადგომას ითხოვენ. სოხუმში ვითარება უკიდურესად 15 ნოემბრის დილიდან გამწვავდა, ძალოვნებსა და ოპოზიციონერებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო პარლამენტში საკითხის განხილვისთვის რეჟიმის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სოციალურ ქსელებში მიტინგის ამსახველი ვიდეოკადრები აქტიურად ვრცელდება, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, რომლებიც ძალოვნებს მოუწოდებენ მათ მხარეს გადავიდნენ და წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

პარასკევს დილით აქციის მონაწილეებმა სატვირთო მანქანით "პარლამენტის" ღობის ნაწილი შეანგრიეს და ბოთლების, კვერცხებისა და სხვა საგნების სროლა დაიწყეს, ძალოვნები კი მომიტინგეთა წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, მათ შორის ვრცელდება ცნობები ცრემლსადენი გაზის გაშვებაზე.

"რია ნოვოსტის" ცნობით, "შენობასთან ისმოდა სროლის ხმებიც". "ტასი" წერს, რომ სოხუმში დაპირისპირებისას სულ ცოტა ორი ადამიანი დაშავდა.

მანამდე სესია არ შედგა, რადგან საკითხს "დეპუტატების" არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ხმაურის ფონზე დაცვის თანხლებით დატოვეს შენობა როგორც ე.წ. კანონმდებლებმა, ისე "მინისტრებმა" და ასლან ბჟანიამ.

მომიტინგეები ე.წ. ხელისუფლებისგან საკითხის საბოლოოდ ჩაგდებასა და იმ "დეპუტატების" სიას ითხოვდნენ, რომლებიც სესიას არ ესწრებოდნენ.

მანამდე აფხაზურმა "ნუჟნაია გაზეტამ" დაწერა, რომ "დაპირისპირების საფრთხე მზარდია. არის რისკი, რომ პროცესებს შეუქცევადი სახე მიეცეს და სისხლისღვრაში გადაიზარდოს".

დღის ბოლოსკენ "სპუტნიკ აფხაზიამ" ბჟანიას პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ტელეგრამზე დაწერა, რომ მთავრობას კანონპროექტი უკან გააქვს.

"აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რეტიფიცირებაზე კანონპროექტის გატანის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით," - ნათქვამია რელიზში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტესტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. მანამდე რუსულმა სამთავრობო მედია "რიამ" დაწერა, რომ "აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება".

„მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია მთელი მმართველობის დროს ამ ურთიერთობების გამოყენებას საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის ცდილობდა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ასეთმა რიტორიკამ და აშკარა ტყუილებმა, რასაც ასლან ბჟანია ურცხვად მიმართავს, შესაძლოა იმოქმედოს არა ურთიერთობებზე რუსეთთან, არამედ აფხაზეთის შიდა სიტუაციაზე.

"ასეთ მანიპულაციებს მხოლოდ ნეგატიური შედეგი ჰქონდა, რაც დარტყმა იყო, პირველ რიგში, თავად ბჟანიაზე და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებზე. დღეს მომიტინგეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ არა იმისთვის, რომ გამოვიდნენ მოკავშირეების წინააღმდეგ, არამედ - აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების, ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციასაც ცდილობდა ბჟანია, თავისი პირადი სარგებლისთვის",- ნათქვამია აფხაზური ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, ახლა მთავარია მიტინგის მონაწილეები საბოლოოდ მიზანს რამდენად მიაღწევენ.

"რუსეთიდან ზეწოლაა, მაგრამ ამ ე.წ. პარლამენტსაც აწყობდა ეს შეთანხმება, უმრავლესობა კორუმპირებულები არიან, "დეპუტატებისა" და პოლიტიკოსების ნაწილს რუსეთმა ეკონომიკური შეღავათები მისცა კრედიტების აღებაში, რომლებსაც დიდი ბიზნესების წარმოება შეუძლიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამიტომ ადგილობრივი კორუფცია არანაკლებ დაინტერესებულია ამ ტიპის შეთანხმებისთვის.

"აფხაზური საზოგადოება შუაზეა გაყოფილი, ისე არაა, რომ მთლიანად საზოგადოებაა წინააღმდეგი. ახლა მთავარია მოწინააღმდეგეები მიზანს საბოლოოდ რამდენად მიაღწევენ. საქმე ისაა, რომ მაინც არის განცდა, არჩევნებამდე მივიდეთო, რომელიც სულ მალე, მარტში იქნება. თუმცა შეიძლება წინ გადმოსწიონ და იანვარში ჩანიშნონ. პრობლემა ისაა, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები იანვრის ბოლოს უნდა გაიზარდოს, ბჟანიას ეშინია, რომ თუ არჩევნები ტარიფების გაზრდის შემდეგ, მარტში იქნება, შეიძლება ხმა არ მისცენ. არჩევნების წინ გადმოწევა არა მხოლოდ არაღიარებულ, არამედ აღიარებულ, ძლიერ სახელმწიფოებშია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს რუსულ მედიაში გავრცელებული ფრაზა, რომ "აფხაზური ოპოზიცია საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება", კონფლიქტოლოგმა გვითხრა:

"ესაა ბლეფი, რომელიც არაფერს არ მეუბნება. ესაა აფხაზური საზოგადოების შეშინება და ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ესაა მინიშნება, ვისაც ჰგონია, რომ ბჟანია ანტიაფხაზურ საქმეს აკეთებს, მათთვისაა შეტყობინება, რომ ბჟანია იცავს აფხაზეთის სუვერენიტეტს და, თქვე რეგვენებო, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიხართ, ემზადებით საქართველოში დასაბრუნებლადო. როგორც ჩვენთან იყო მითი, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" არ გაიმარჯვა, ომი იქნება, რამაც სამწუხაროდ გარკვეულწილად იმუშავა, ახლა ეს თემა გაქტიურდება აფხაზეთში, რომ თუ ბჟანია არ გაიმარჯვებს, აფხაზეთი ჩაბარდება საქართველოს.

"თითქოს ის ხალხი, ვინც ბჟანიას ებრძვის, პროქართველები არიან, ბჟანიას დასამარცხებლად ემზადებიან, რათა შემდგომ საქართველოს დაუბრუნონ აფხაზეთი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×