ელზა პაპოშვილი
15.11.2024

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან უკვე მესამე კვირა გავიდა, ოპოზიცია მაინც დარწმუნებულია, რომ ბრძოლის მთავარი ფრონტის ხაზი ქუჩაზე გადის. ამიტომ ოპოზიციის ლიდერები ისევ აანონსებენ აქციებს და საყოველთაო დაუმორჩილებლობას. ასევე ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ საპარლამენტო სიები ჩახსნან, რათა პარლამენტი არალეგიტიმურად გამოცხადდეს.

"ძლიერი საქართველო" მანდატების დატოვებას და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურის ჩატარებას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს, პრეზიდენტთან ერთად, სთავაზობს, თუმცა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და სადაც უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შეიძლება. 

გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძემ ახსენა როგორც "საარჩევნო კოდექსის" 120-ე, ასევე კონსტიტუციის 39-ე მუხლი და განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება მხოლოდ პირველი სხდომის, ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭომ სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. 

“ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!“, - აცახდებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.  

“მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები.

„გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით - ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა!

"ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“, - წერს ხაზარაძე.  

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და გადავალთ ტოტალიტარიზმში, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ, „დაიტოვეს“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუხედავად სასამართლოში წარმოებული დავებისა, ამ უწყების იმედი არ აქვს და ბრძოლის იარაღად საზოგადოების ქუჩაში გამოსვლას ასახელებს.

“დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და ტოტალიტარიზმში გადავალთ. ამიტომ მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელ სტუდენტებს, რომლებმაც საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყეს ეს პროტესტი, ახლა მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს გამოვა ქუჩაში, რა თქმა უნდა, ვისაც გვაწუხებს ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება და ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის უფლება, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რადგან სხვა რესურსი არ ჩანს. ჩვენ ვაგრძელებთ დავებს სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ამიტომ საკუთარი თავის იმედად ვართ დარჩენილები ამ ქვეყანაში და თუ გვაქვს საკუთარი თავის იმედი, გამოვიდეთ გარეთ და ვიბრძოლოთ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველა “ობერქოცი“, ივანიშვილით დაწყებული დადის ამ შენობაში[პარლამენტში], სვავების ბუნაგი არის აქ - მის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის ველი სწორედ რუსთაველის გამზირია, სადაც გიჭირს თუ გილხინს, აუცილებლად უნდა მიხვიდე.

"საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აღარაფერი აღარ ხდება, ამ ერთი თვის განმავლობაში, ყველა “ობერქოცი“, ივანიშვილით დაწყებული დადის ამ შენობაში[პარლამენტში], სვავების ბუნაგი არის აქ.  ყველაფერი გეოგრაფიულად რუსთაველზე წყდება, აღარც ცესკო, არც იუსტიცია, არც პეტრე და პავლე იქნება. რუსთაველის 7-ში, სადაც უნდა გააპრავონ მიტაცებული არჩევნები, შექმნან რუსული პარლამენტი, მთავრობა და დანიშნონ რუსის პრეზიდენტი, ესაა მომდევნო ერთი თვის გრაფიკი.

"იმის იქეთ, რასაც მივაღწევთ ის უნდა დაიგეგმოს. ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, ახლა მოდის ის 1 თვე, პირველი სხდომიდან, პირველი არის ცესკო, მაგრამ ცესკო უკვე ქაჯეთის ციხეა, ხომ ნახეთ რა გააკეთეს იქ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური გული არის ეს ადგილი, სხვაგან არსად არაფერი აღარ წყდება, ამიტომ გიჭირს, გილხინს, უნდა მოხვიდე აქ“, - განაცხადა უგულავამ.  

 "მათი არჩართვით პარლამენტის მუშაობა არ შეფერხდება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ქუჩის ოპოზიციად უნდა დარჩნენ, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტებას ხელი ვერანაირად ვერ შეეშლება.

"მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, პარლამენტი შედგება, პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას და დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს, თებერვალში კი უკვე მოხდება საგაზაფხულო სესიის გახსნა. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს თუ არა ოპოზიცია, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ერთი რამ მინდა დაჯერებულად ვთქვა, მათი არჩართვით პარლამენტის მუშაობა არ შეფერხდება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ქუჩის ოპოზიციად უნდა დარჩნენ, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.     

ანალიტკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია "მამაძაღლობას არ ეშვება" და ისევ საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით არის დაკავებული. გვენეტაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საქმე ისეა, ეხლა „გინდა შაიტანე და გინდა გამოიტანე“, ყველა მხრივ წაგებულები არიან. იქნება ეს სამართლებრივად თუ პოლიტიკურად.

„ოპოზიცია ამ სიტუაციით, რაც არჩევნების შემდეგ მის თავს ხდება, იმდენად გაკოტრდა, რომ აღარ იციან რას მიედ - მოედონ. თავიანთივე კონსტიტუციონალისტები უხსნიან გასაგებად, რომ გინდა ის ქნან, გინდა ეს ქნან, სამართლებრივად ეს პარლამენტი შემდგარია. ქართველმა ხალხმა „ოცნებას“ მისცა ლეგიტიმაცია. თუ არ უნდათ ნუ შევლენ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. „ოცნებას“ იქ მარტო ყოფნის კი არ ეშინია. იგივე არ ხდებოდა 2020 წელსაც? რა მოხდა მერე? ერთმანეთს ასწრებდნენ შევარდნაზე და რომ შევიდნენ, მერე ჩხუბი იმაზე ატეხეს, ხელფასები ჩაგვირიცხეთ იმისაც, როცა არ დავდიოდითო. ახლა ეს ორი სიტუაცია ისევ ჰგავს ერთმანეთს.

"უბრალოდ ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილია მათ მხარეს, რომელიც ერთ თვეში უკვე აღარც მაგათ მხარეს იქნება და ალბათ ქვეყნიდანაც წავა. მიშელიც კი აღარ აპირებს ამათ გამო ნერვების მოშლას. არც „ოცნება“ იქნება მაინც და მაინც მარტო ყოფნით შეშინებული. ამიტომ ვის ატყუებენ, რას ატყუებენ, არ ვიცი. თუ თავისი ამომრჩევლისთვის და პატრონებისთვის თამაშობენ ამ მაიმუნობას, ის ხალხიც ხომ გაიგებს, იციან კითხვა და გაიგებენ რასაც მაიმუნობს გვარამია და ნაციოანლები. თუმცა ორივე ერთიდაიგივეა. ამიტომ მოკლედ ეხლა ამათ ერთი გამოსავალი აქვთ საძიებო, როგორ მოხვდნენ ისევ პარლამენტში“,-ამბობს გვენეტაძე.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×