ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სამიტის ფარგლებში საქართველოს შესახებ სამი მიმართულებით ისაუბრებენ. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ საბოლოოდ ევროპელ ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მაინც მოუწევთ.
„ფაქტი არის ერთი, საქართველოს სამართლიან არჩევნებში გამარჯვებულ ხელისუფლებასთან ჩვენ დასავლელ კრიტიკოსებს თანამშრომლობა მოუწევთ, მნიშვნელობა არ აქვს განცხადებები იქნება, თუ რევოლუციები, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ევროპა ორად არის გაყოფილი საქართველოს გამონათება/არ გამონათებაში," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას" „გაყალბებული არჩევნების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ." „ამასთან, ვიცით, რომ ევროპარლამენტართა ჯგუფმა განცხადება უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე გააკეთეს. ამიტომ, შესაძლებელია იმ შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ზეპირი გაფრთხილება მიიღოს. ასევე, ალბათ მინიშნება იქნება, რომ საქართველოს არჩევნებს არ აღიარებენ. ჩემი აზრით, ძირითადად ამ საკითხებზე იქნება ლაპარაკი", - უთხრა მან „რეზონანსს".
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში პარასკევს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
„ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ. აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ იგი გავაღრმავოთ. სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად ჩვენი პრიორიტეტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ, ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ აქტიურად ვიმუშაოთ", - აღნიშნავს შარლ მიშელი.
გია აბაშიძის აზრით, დასავლეთის ცალკეული ლიდერები სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების" პოლიტიკას.
„სხვადასხვა განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაყოფილი არიან საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ევროკავშირში 27 ქვეყანაა, თუმცა რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უარგუმენტოდ აკრიტიკებენ 12, ხან 13 ქვეყნის წარმომადგენლები. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ეს სამიტი ბუდაპეშტში იმართება, მაგრამ აქამდე ევროკავშირის ცალკეულ ლიდერებს რატომღაც არ სურდათ უნგრეთის დედაქალაქში პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, რამეთუ ე.წ. ბოიკოტს უცხადებდნენ ვიქტორ ორბანს. ესეც ტრაგიკომიკური ჟანრიდანაა, როდესაც არ სურთ ევროპის გარკვეულ პოლიტიკოსებს ორბანის იმ დამსახურების აღიარება, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.
„ანალოგიურად საქართველოშიც, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ბოლომდე იცავს და დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებებს გააკეთებენ მაკრონი, შოლცი და სხვები. ეს ბოლო განცხადება ფართო საზოგადოებისთვის კი კიდევ უფრო სასაცილოა. საფრანგეთის, პოლონეთის და გერმანიის ლიდერები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ თითქოს რეფორმების გზიდან გადაუხვია, საერთოდ არ ახსენებნ არჩევნებს და მოითხოვენ იმ ორი კანონის გაუქმებას, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია. აქაც ჩანს, თუ რა ინტერესები აქვთ ევროკრატებს საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ უფრო ტრაგიკომიკურია ისიც, რომ თუ მანამდე ეს ხსენებული ლიდერები აკრიტიკებდნენ დონალდ ტრამპს, ახლა მათთან თანამშრომლობა მოუწევთ. საერთაშორისო პოლიტიკა აბსურდებით სავსეა და არათანმიმდევრულობაც ახასიათებს - ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, რეალობა კი სულ სხვა არის," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".