აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია, რაზეც მმართველი პარტიიდან ცინიკური კომენტარები მოდის. ბევრისთვის ეს ოპოზიციის მორიგ დამარცხებად აღიქმება. გარდა ამისა, თავად ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს აკრიტიკებენ.
ოპოზიიციის უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატი კამალა ჰარისი იყო. ტრამპის გამარჯვებამ და „ოცნების" სიხარულმა მათი ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვია.
„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი". ხოლო მმართველი გუნდი თვლის, რომ ტრამპი ის ადამიანია, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დაალაგებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!" - აღნიშნავს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
ტრამპის გაპრეზიდენტებამ თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კრიტიკა გამოიწვია. მაგალითად პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისიბუკში" „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ვიდეოს აზიარებს, სადაც გვარამია დონალდ ტრამპს ლანძღავს, ჩერგოლეიშვილი მასზე წერს: „ამას რომ მოუსმენ და ამის პარტიაში ჩაეწერები, რამხელა მომავალი გაქვს პოლიტიკაში უბრალოდ, გრანდიოზულობის მეშინია".
ამასთან, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციას ტრამპის გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ „მისი კამპანია მთლიანად აგებული იყო მშიდობის, კეთილდღეობის და ტრადიციული ღირებულებების ნარატივზე".
აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნებიდან" ტრამპის გაპრეზიდენტებას მნიშვნელოვან მიღწევად თვლიან.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა. მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით იდგება. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დონალდ ტრამპს თინა ბოკუჩავა და მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს და „რუსეთუმეს" უწოდებდნენ და ახლა რა შეიცვალა, ვაშაძემ განაცხადა, რომ „ამერიკას პარტიებით არ არჩევენ".
„დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. სხვათა შორის, ბიულეტენები იქ არ ჟონავდა, ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომლის წარმომადგენლებიც ვიყავით მიწვეული დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. სანამ აქ მოვიდოდი, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე. დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება... ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვაშაძემ.
„თინა ბოკუჩავა პირადად იყო მიწვეული იყო ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს, მე იქ არ მინახავს არცერთი „ქოც" წარმომადგენელი, რომელიც იქ იქნებოდა, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. ზალკანიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, „ოცნებას" არ წარმოადგენდა, ის საქართველოს წარმოადგენდა, რადგან ჯერჯერობით, ელჩია. ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ როცა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში იყო ჩასული, ის ტრამპთან, მის გუნდთან შეხვედრას შეეცადა, მას უარი უთხრეს. ჩვენ ამერიკას პარტიებით არ ვარჩევთ, ამერიკისგან ჩვენს ხალხს სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება", - განაცხადა ვაშაძემ.