ოპოზიცია 4 ნოემბერს დაანონსებულ გეგმას მიჰყვება და უკვე მეორე დღეა მათმა პროტესტმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლო დავები მიმდინარეობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები ყოველდღიური სახის იქნება და მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ისინი პარალელურად დავას სასმართლოებში აგრძელებენ. ხოლო თეთრი წყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებამ დამატებით იმედი მისცათ, რომ დავების გაგრძელებას აზრი აქვს და არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო.
თუმცა, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ერთი ფეხი ქუჩაში აქვს, მეორე კი პარლამენტში. ხოლო ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ადვილი გამოსაცნობია საბოლოოდ ქუჩაზე რომ უარს იტყვიან. მათივე თქმით, ოპოზიციის აქციები იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ერთი დაკრძალვის ხალხის მოგროვებასაც ვერ ახერხებენ.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ბრძოლის მიზანი არჩევნების ნამდვილობის დადასტურებაა.
"პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ბრძოლის კერა დღეს არის სასამართლო. ბრძოლა გრძელდება, ის იქნება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას, ამოცანაა, არჩევნების ნამდვილობა დადასტურდეს", - აცხადებს ანა დოლიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე, პროტესტი იქნება სასამართლოსთან, თუმცა შემდგომ როგორი იქნება ნაბიჯები, ამას სხვა ლიდერებთან ერთად გადაწყვეტენ.
"არავის არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინები, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს და სამართლიანი განაჩენი დადგება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, არანაირი ფასი არ აქვს.
ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატებს გადაინაწილებენ.
"არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით. ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველს ანახონ, თითქოს იბრძვიან. არადა, ხვალ-ზეგ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ყველა "შემოლაგდება" პარლამენტში", - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი გი აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის გეგმა ეს არის იაფფასიანი პერფომანსები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არაერთხელ უნახავს. შესაბამისად, პარლამენტის ე.წ. ბლოკირება, პიკეტირება, ალტერნატიული მთავრობები და ა.შ. ოპოზიციას არაერთხელ წარმოუდგენია, თუმცა რაც გამოუვიდათ ფაქტია, ხოლო იგივე მოხდება ახლაც.
„არ ვიცი ამას თუ გეგმა ჰქვია და ამით აპირებენ რაღაცას, ფაქტი ერთია, რომ ამ სიცივეში ხალხს აღმა-დაღმა დაატარებენ. რუსთაველზე ორჯერ დაიბარეს ხალხი და წესიერად არ გააგებინეს რეალურად რა გეგმა აქვთ. ფაქტია, დაბნეულობა თავად ოპოზიციურ ლიდერებშიც არის. უფორ მეტიც, დაპირისპირებაც კი, რადგან ვნახეთ, რომ სცენაზე არ ავიდა ნიკა გვარამია, რომელსაც კარვების იდეა დაუწუნეს.
„გვარამიაც ხვდება, რომ ოპოზიციის გეგმა არის სისულელე და მათთან ადაპტირება აღარ უნდა. იგვეს ხვდება გახარია, რომლიც საერთოდ ამ ლიდერებთან ერთად არსად არ ჩნდება. მათგან მაქსიმალურ დისტანციას ინარჩუნებს.
„ახლა აქვთ ბოლო ფაზა, რომ რაიმეში მაინც დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩევლები, რომ სერიოზული ლიდერები არიან. არადა, ამ დროს ლუზერები, უნიათო პოლიტიკანები არიან. უამრავი მაგალითია იმის თუ როგორ ჩაფლავდნენ, თან არა ერთხელ. ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი არასდროს გასვლიათ, ახლაც ასე მოხდება. ივლიან ასე ქუჩა-ქუჩა და ის ხალხიც შემოეძარცვებათ, რომლებიც ახლაც თითოოროლა გამოდის გარეთ“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, უახლოვეს დღეებში ევროკავშირის ლიდერთა მორიგი შეხვედრა იქნება, სადაც ასევე თითქმის ორად არის მოსაზრებები გაყოფილი. აბაშიძე ამბობს, რომ დასავლეთში არ არის ერთიანი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ აქაც ოპოზიციის იმედები ფუჭია.
„როგორც ჩანს მაინც პარლამენტის შეკრების დღეს უმიზნებენ და ალბათ იქაც რაღაცა საბოტაჟის და დესტრუქციის მცდელობა ექნებათ. ე.წ. ბლოკირებას, დაბოქლომებას, ეცდებიან ხმაურის გამოწვევას, ეს კი მაინც არ ასახავს საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს.
„ეს იქნება მხოლოდ რაღაცა სურათის შესაქმნელად, რომ აი პარლამენტს შეკრების უფლებას არ აძლევენ. ასეთი მცდელობები არაერთხელ გვინახია, მაგრამ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა, შესაბამისად, არაფერი ისეთი არ იქნება, რაც არ გვინახია. პარლამენტის სხოდმა ჩვეულებრივად ჩატარდება და ესენი ვერაფერს გააკეთებენ. ბოლოს კი თავადაც კარგად შევლენ“,-ამბობს აბაშიძე.