ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. შედეგების გასაპროტესტებლად საკუთარ მხადამჭერებთან ერთად ქუჩაში გადიან და ამბობენ, რომ ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. „ქართული ოცნება" კი ფიქრობს, რომ რამდენიმე ხანში ოპოზიცია პარლამენტში შევა. ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.
„მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, „ოცნება" არ აპირებს აღიაროს არჩევნების გაყალბება და უკან გადადგას ნაბიჯი", - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. „ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. ახლა მაგათ დასავლეთიდან მიღებული ფულები აქვთ შეჭმული, ამიტომ რამენაირად უნდა ირბინონ ზემოთ-ქვემოთ".
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს.
„უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენ ერთამენთს მივეცით პირობა.
„ამის უკან დგას არა მხოლოდ პოლიტკური მიზანი, არამედ ადამიანური, მორალური ვალდებულება, რომ ივანიშილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ გავზარდოთ. იმიტომ, რომ ეს არის დეგრადაციის გზა, რომელზეც უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმაც კი.
„ამიტომ გამარჯვება გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავიბრუნოთ, თქვენი მეშვეობით. ჩვენ არ ვართ დამარცხებულები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ყოველდღე ერთმანეთს ეს უნდა ვუთხრათ. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში. თავდაჯერებულობა არ დაკარგოს არავინ!", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ მისივე თქმით, უკეთესიც იქნება თუ არ შევლენ.
„რა თქმა უნდა, სინამდვილეში მათ პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ამაზე ოცნებობენ კიდეც და ეს ჩვენ გვაჩვენა წინა არჩევნების შედეგმაც. რა თქმა უნდა, მათ იგივე წრეზე სიარული უნდათ, მაგრამ მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის შევლის საკითხი ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული.
„ახლა ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს და აქედან გამომდინარე, დათმობაზე არ წავა.
„თუკი „ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, არც ოპოზიცია შევა. თუმცაღა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მომავალ აქციებზე, პირველ რიგში თბილისში და საქართველოს სხვა რაგიონებში. ასევე, ბევრი რამეა დამოკიდებული დასავლეთის პოზიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკაზე.
„ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში 2 თვის განმავლობაში რჩება, მაგრამ საინტერესოა დონალდ ტრამპი რა პოლიტიკას გაატარებს. მისთვისაც მიუღებელია „ქართული ოცნების" პოლიტიკა, თუნდაც ჩინეთთან დაახლოების საკითხი, რადგან ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩინეთის გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური გავლენა მსოფლიოში შემცირდეს.
„ჯერ კიდევ მაშინ, ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივანმა ჩვენი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ ანაკლიის პორტს ჩინეთს დაუთმობდა, პრობლემები შეექმნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გამორიცხული არაა, ტრამპი „ოცნების" მიმართ კიდევ უფრო რადიკალური იყოს.
„თუ მმართველი პარტიის გავლენა დასუსტდა, თუნდაც სანქციების შედეგად, შესაბამისად, შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ამის შანსი შედარებით ნაკლებია. მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, „ოცნება" არ აპირებს აღიაროს არჩევნების გაყალბება და უკან გადადგას ნაბიჯი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ოპოზიცია ხელფასებზე უარს ვერ იტყვის და რამდენიმეხანში პარლამენტში შევა.
„ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. ახლა მაგათ დასავლეთიდან მიღებული ფულები აქვთ შეჭმული, ამიტომ რამენაირად უნდა ირბინონ ზემოთ-ქვემოთ.
„თუმცაღა ხალხს ვერანაირად შეკრებენ, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა და როგორ მოხდა. სულ მალე ნახავთ თქვენ, ახალ წლამდე, თუ როგორ შევლენ. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას, მაგათ ძალიან დიდი ხელფასები აქვთ და ვერანაირად შეელევიან.
„გახსოვთ ქართული ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა"? მანდ აგული, რომ ეუბნება მამამის, პიპინია ერისთავს, „შენ არ იყავი პიპინია პორტატურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო"? ისევე იქნებიან ესენიც. მაგათ ხელფასებს, რომ დაანახებენ ისე გამოვარდებიან, ცხენებს კი არა თვითმფრინავებს გაასწრებენ პარლამენტთან", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".