ნატალია ჯვარიძე
06.11.2024

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი" ავრცელებს. „რესპუბლიკელები" თვლიან, რომ ეს არის აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნება. რისი შეცვლა შეუძლია ტრამპს მსოფლიოსა და საქართველოში ანალიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.

„ფოქს ნიუსის" ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 266. სენატორი ჯეი დი ვენსი ამერიკის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი ფლორიდაში, საკუთარ მხადამჭერებთან უკვე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება.

„ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწევთ", - განაცხადა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია.

„მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.

ამავე შეკრებაზე აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოქმეები გავხდით".

„ვფიქრობ, ჩვენ ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეკონომიკურ დაბრუნებას უხელმძღვანელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნებაა.

„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა", - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება

კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკის მხრივ სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული.

„ჩემი აზრით, ტრამპი ისრაელის მხადაჭერას ჯერჯერობით გააგრძელებს და შესაძლოა მისი მხადაჭერა უფრო გაძლიერდეს. ალბათ, ის შემოიღებს ე.წ. შერჩევით საგარეო პოლიტიკას და შეეცდება შიდა პოლიტიკური პროცესების პირობების შექმნას, რათა გააუმჯობებსოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მოახდინოს სოციალური პრობლემების მოგვარება და გადაწყვვიტოს არალეგალური მიგრანტების საკითხი, რაც ასე მწვავედ დგას ამერიკის წინაშე.

ვფიქრობ, ის სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული: ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა, აღმოსავლეთ პრობლემა და რა თქმა უნდა, უკრაინის ომის თემა. ვერ გეტყვით ზუსტად რას გააკეთებს, ვინაიდან ის ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს და დროებითი ზავის თემას განსაზღვრავენ. ალბათ, ტრამპს ეს აქვს გადაწყვეტილი. მას წინასაარაჩევნოდ ძირითადად ქვეყნის შიდა საკითხებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ამიტომ რთულია განვსზღვროთ ზუსტად რას აპირებს პოლიტიკის საგარეო მიმართულებით", - აღნიშნა მაისაიამ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ტრამპი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე უკრაინაში მშიდობას უზრუნველყოფს.

„ტრამპმა თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მყისიერად დასრულდება უკრაინაში ომი და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ზელენსკისთან მას კონსულტაციები ჰქონდა და თუ მანამდე უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის გარკვეული პირადი გაუგებრობები იყო, ბოლოს უკვე დასტაბილურდა. შესაბამისად, 20 იანვარს, როდესაც ინაუგურაცია იქნება, მას მერე, იანვრის ბოლოსკენ საგრძნობ მშვიდობიან წინსვლას უნდა ველოდოთ ომით განადგურებულ მიწა-წყალზე. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რას დაკარგავს ორივე მხარე, ან რას მოიგებენ. ეს ყველაფერი მომლაპარაკებელთა პროფესიონალიზმზე და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება მეორე არანაკლებ ცხელ წერტილს პლანეტაზე, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, აქაც ტრამპის დაპირებებია, რომ ის დაასრულებს იმ ე.წ. ხანძარს, რადგან არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის კიდევ უფრო დაპირისპირება ირანთან. საერთაშორისო ურთიერობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ანუ ტრამპისეული ამეირიკისა და ჩინეთის ურთიერთობები. საჯარო განცხადებებიდან აქაც ვიცით, რომ სატარიფო-სავაჭრო ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რათა ამერიკის ინტერესები უწინარესად გათვალისწინებული იყოს სავაჭრო ხელშეკრულებებში. აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციას საკმაოდ კომპლექსური საგარეო პოლიტიკა ელის წინ", - თქვა აბაშიძემ.

როგორ აისახება საქართველოზე

ვახტანგ მაისაიას აზრით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა უცვლელი დარჩება.

„საქართველოსთან მიმართებაში მე არავითარი მოლოდინები არ მაქვს, რადგან „რესპუბლიკელებმა" მთლიანად დაიკავეს, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატა. ფაქტობრივად, იქ მონოპოლიაა და რაც მთავარია, ერთ-ერთი „რესპუბლიკელი" კონგრესმენი, რომელსაც ტრამპთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა რაიმე თანამდებობაც დაიკავოს, მას რომ მოუსმინოთ „ქართული ოცნების" მმართველობით აღფრთოვანებული არაა. ასე რომ, ჩემი აზრით, ის პოლიტიკა, რაც დღეს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს, უცვლელი დარჩება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გია აბაშიძე თვლის, რომ სავარაუდოდ, ამის შემდეგ საქართველოზე ზეწოლა შეწყდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას სამართლიანად გაუხარდა ტრამპის გამარჯვება, რადგან ტრამპი ფასეულობებზე გალაშრებას დაასრულებს და ე.წ. ვოუქიზმის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის ნაძალადევად თავს მოხვევას. ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების პატივისცემა, რომ „რესპუბლიკელების" მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამას „ქართული ოცნება" დაეთანხმება. რაც შეეხება ურთიერთობის გადატვირთვას, აქაც ბევრი რამეა პესპექტივაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა/გადატვირთვაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერობა ვაშინგტონიდან ცალკეულმა პირებმა დააზიანეს, მათ შორის ჰელსინკის კომისიიდან. შესაბამისად, ის ზეწოლა, რაც საქართველოზე ე.წ. რუსული კანონის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, გაქრება, რამეთუ კონგრესის ორივე პალატაში „რესპუბლიკელებმა" მოიპოვეს უმრავლესობა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×