თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ 31 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, რაც, შესაძლოა, მთლიანად 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობოები საუბრობენ, რომელთა სამართლებრივი დავის საკვანძო დეტალი ისაა, რომ არჩევნების დროს მასიურად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. სხვა ანალოგიური სარჩელებისა და ასევე, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა სააპელაციო სასამართლოში 6 ოქტომბერსაა დანიშნული და მის შედეგებს არჩევნების შედეგების აღიარების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ არჩევნებისას ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი 31 უბნის შედეგები გააბათილა.
როგორც მოსამართლე ხუჭუამ განაცხადა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარლამენტი შედგება თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან. შესაბამისად, საარჩევნო ფარულობა კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი. ცხადია, რომ თუ საარჩევნო ფარულობა არ არის დაცული, ამომრჩეველს ერთმევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ექცევა წნეხის ქვეშ, რითიც თავისუფალი ნების გამოვლენა ესპობა", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება ცესკომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და შესაბამისი სხდომა 5 ნოემბერს 3 საათზე იყო დანიშნული, თუმცა 6 ნოემბერს 12 საათისთვის გადაიდო.
ამასთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ასევე 6 ნოემბერს ჩაინიშნა. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.
აროგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, საია-ს საარჩევნო ყველა დავა ერთ საქმედ გაერთიანდა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე. ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს - დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას", - წერს ქურდოვანიძე.
ოპოზიციური გაერთიანებები კი ოთხშაბათს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
„სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, მათ ფაქტობრივად სასამართლო დახურეს, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკური შეფასებები
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, წინასწარ იცოდნენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა თეთრიწყაროს სასამართლო. ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ისაუბრა. მისი თქმით, „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, მოსამართლე დააკმაყოფილებდა სარჩელს და მსგავსი მინიშნება ასევე ჩანს თინა ხიდაშელის განცხადებაშიც. გორდულაძის თქმით, ცალკე შესწავლის საგანია, თუ საიდან იცოდა პოლიტიკოსმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.
„რა იცოდა პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ? რა იცოდა, რა ედო თავში მოსამართლეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო? ეს ცალკე შესწავლის საგანია. წარმოუდგენელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თურმე, მოსამართლემ თავის შინაგანი რწმენის და მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ, თურმე, პოლიტიკოსებმა და კონკრეტულად „ნაცკლასტერის" შემადგენელმა პოლიტიკოსებმა, წინასწარ იცოდნენ სასამართლოს მისაღები თუ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციისა თუ გადატრიალების მცდელობისთვის, რაც ასევე წამოსცდა თინა ხიდაშელს, რომელმაც პარალელი გაავლო 2003 წელს, ბოლნისში სასამართლო გადაწყვეტილებასთან და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა ე.წ. „ვარდების რევოლუციისთვის", - აღნიშნა გორდულაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი იმას უსვამს ხაზს, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია.
„წარმოიდგინეთ, რა ფენომენალური ნიჭის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ცარიელ ფურცელზე, წამიერად წერტილს მოჰკრავს თვალს, აღმოაჩენს, რომ ეს წერტილი ეკუთვნის პარტიას, რომლის სახელიც არ ჩანს და ფურცლის მეორე მხარესაა და იმ ადამიანის იდენტიფიცირებას მოახდენს, ვინც ეს ბიულეტენი შეავსო. ეს გულუბრყვილობაც აღარ არის - ეს იმდენად სულელური არგუმენტია, რომ არ მგონია, რომელიმე მხარეს მცირე ეჭვი მაინც ჰქონდეს, რომ აქ რაღაცა დარღვევას ჰქონდა ადგილი.
„თეთრიწყაროს სასამართლოში რა ექსპერიმენტი ჩატარდა ასეთი?! - ვერაფერი დაინახა ვერ მოსამართლემ და ვერც ვერავინ.
„მოსამართლის პოლიტიკური განწყობა, წარსული ვიცით - მისი ცოლი და მთელი ოჯახი „ნაცმოძრაობის" აქტივია. ისინი გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ტელევიზიის ეკრანების გამოყენებით ყივიან-წივიან - მათ შორის მოსამართლემ პოლიტიკურად ანგაჟირებული და თან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადება გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე.
„ბედნიერება არაა ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი?! საქმე ისაა, რომ ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ყველა წევრი ცესკოში, ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს შანსი მიბაძონ ამ ადამიანს, იმიტომ, რომ ყველა უბანი საქართველოში ჩვენს მიერ გასაჩივრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არავის და მათ შორის, არც იმ აუდიტორიულ კომპანიას, რომლის დასკვნასაც ცესკო იშველიებს თავისი თავის გასამართლებლად, დინამიკაში არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, კერძოდ, რამდენად დაცული იყო ხმის ფარულობა, თუმცა უწერიათ მათ დასკვნაში, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებდნენ და მასთან შესაბამისობას მიუძღოდნენ.
„საქმე ისაა, რომ ყველა ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფს ფარულობას, იმიტომ, რომ ხმა ყველას გაქვთ მიცემული და შეცურების მომენტში აუცილებლად ჩანს, ქაღალდის რაღაც ნაწილი, სადაც ჩანს ეს ლაქა, რითაც ფარულობა ირღვევა. მოსამართლეს არაფერი არ გამორჩენია", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ სხვა ანალოგიური საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება ხელისუფლების პანიკაზე მიუთითებს.
„დღეს „კლანმა"- სააპელაციო სასამართლომ, შიშით და პანიკით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეებისთვის საქმეების ჩამორთმევა არ შეიძლება. მოსამართლეებს აქვთ გარანტიები, ამას ჰქვია მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი. ესენი არიან პანიკაში, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გაერთიანეს - თბილისშიც და ქუთაისშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს ის, რაც თეთრიწყაროში მოხდა. მისცენ კონკრეტულ კონტროლირებად პალატას, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება. წინააღმდეგობა აუცილებელია!
„სიტყვა უკვე ნათქვამია, ერთმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება თქვა. გადაწყვეტილება, რომელიც ბიულეტენის ხარისხს ეხება. არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი!", - განაცხადა დოლიძემ.
რას ნიშნავს თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძე ორ სავარაუდო ვერსიას ასახელებს, თუ რატომ იქნა მიღებული თეთრიწყაროში ასეთი გადაწყვეტილება:
„გამორიცხული არაა, თეთრიწყაროს მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იმდენად დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა, რომ სასამართლომ ეს ვერ უარყო. მეორე ვარიანტია, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებამ დაავალა, როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" არჩევნებზე დაშვების საქმეზე. შეიძლება მსგავსი რაღაც აქაც იყოს".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ჯერ გასარკვევია კონკრეტული დეტალები, თუ რის საფუძელზე დააკმაყოფილა სარჩელი თეთრიწყაროს სასამართლომ.
„ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ რის საფუძველზე მიიღო, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, თუ რა ექსპერიმენტი ჩაატარა სასამართლოში. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც დამსწრეებმა თქვეს, (ცესკოს წარმომადგენელმა) ვერ დადგინდა ხმის ფარულობა დარღვეული თუ იყო. შესაბამისად, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად იმ სასამართლო სხდომაზე, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ამ კონკრეტული მოსამართლის მიერ ეს გადაწყვეტილება. ვნახოთ, რას იტყვის სააპელაციო სასამართლო", - თქვა ანჯაფარიძემ.
როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია
ნიკა ჩიტაძეს აზრით, თეთრიწყაროს პრეცედენტმა შესაძლოა სხვა მოსამართლეებზეც მოახდინოს გავლენა და ოპოზიცია კი თავის მხრივ ეცდება მოვლენების სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას შეუწყოს ხელი.
„ოპოზიცია თეთრიწყაროს შემთხვევას პოლიტიკური ბრძოლისთვის დადებითად გამოიყენებს. სავარაუდოდ, სხვადასხვა განცხადებებს გააკეთებენ და მიმართავენ სხვა სასამართლოებსაც, რომ არ შეუშინდნენ „ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლებს. ასევე, იტყვიან, რომ ეს ჩვენი ბრძოლის შედეგიაო და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებას ოპოზიცია უკვე აქტიურად იყენებს, როგორც ერთგვარ „მაშელ რგოლს".
„ამას ოპოზიცია უკვე იყენებს, როგორც ერთგვარ პრეცედენტს. ვინაიდან ერთმა მოსამართლემ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება, ანუ ისეთი, როგორიც ოპოზიციას სურდა, ეს მათთვის რაღაც მაშველი რგოლივითა. საკუთარ განცხადებებში არც მალავენ, რომ ამას გამოიყენებენ პრეცედენტად და თავიანთ ანგარიშში, რასაც უცხოეთში ხშირად აგზავნიან, ალბათ ამასაც დაურთავენ. მათ განცხადებებში სხვა რამ არ იკითხება. აღფრთოვანებულები არიან, რომ ერთ ადგილას მაინც შეძლეს პატარა, მყისიერი და მოკლევადიანი წარმატების მიღწევა", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.
მისივე აზრით, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლო წარადგენს დასაბუთებას, რის საფუძველზეც მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ხვალ განხილულ იქნება საქმე, ყველა არგუმენტს მოისმენენ და მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. აქვე მინდა მოვიშველიო პატარა კონტრ არგუმენტი, თუ შეიძლება ასე ვუწოდო - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთი მოსამართლის პირით ღაღადებს ჭეშმარიტება და ამ დროს ხელისუფლება საუბრობს 22 მოსამართლეზე, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ფარულობის პრინციპი დარღვეული არ ყოფილა და შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები არ დააკმაყოფილეს. სააპელაციო სასამართლოც წარმოადგენს ალბათ თავის დასაბუთებას, რომელიც იმედია გასაჯარევდება და მეტ-ნაკლებად გავერკვევით, ვის მხარეს იყო სიმართლე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძე კი მოვლენათა განვითარების ორ სავარაუდო ვარიანტზე საუბრობს.
„მოვლენეთა განვითარების ორი სავარაუდო ვარიანტი განიხილება. ერთი პესიმისტური ვარიანტია, რომლის მიხედვითაც, კი, ბატონო, თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შეიძლება სხვა სასამართლოებმა უარყოფითი დასკვნა გამოიტანონ - ალბათ ისინი იტყვიან, რომ არჩევნების დროს რაღაც პროცედურები დარღვეული არ იყო და შემდეგ „ქართული ოცნებიდან" ისაუბრონ, რომ ჩვენთან სასამართლო თავისუფალია.
„მეორე შედარებით ოპტიმისტურია - ერთმა რაიონულმა სასამართლომ რადგან გაბედა, ხომ შესაძლებელია სხვებმაც მიბაძონ, ვინაიდან სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შესაძლოა მოსამართლეებსაც შეეხოს? ამიტომ გამორიცხული არაა „ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდეს. შესაძლოა, სასამართლომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადონ, რომ სასამართლომ მიიღო კონკრეტული დადგენილება, რომ საარჩევნო პროცედურა არ შეესაბამებოდა კონკრეტულ სტანდარტებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელისუფლებამ ხელი შეაწმინდოს. თვითონ რაღაცნაირად არ სურთ, რომ დათმონ და უკან დაიხიონ. შესაძლოა აქციებმა და ამ სამართლებრივმა პროცედურამ „ოცნებას" აიძულოს უკან დაიხიოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".