ელზა პაპოშვილი
05.11.2024

ოპოზიციამ საპროტესტო აქტოვობები უკვე დაიწყო და ამ პროცესის კულმინაცია, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე იქნება. მანამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება და ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ოპოზიცია მის მხარდამჭერთა ნაწილშ გაჩენილი ნიჰილიზმის დაძლევას და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და რა შეიძლება დაუპირისპიროს ამას „ქართულმა ოცნებამ“.

კანონმდებლობის შესაბამისად, 26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1-ლი დეკემბერია, თუმცა, შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა,  ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. აქედან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

ახალი პარლამენტის პირველის სხდომა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. თუმცა, თუკი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს პარლამენტს დამოუკიდებლად შეკრების უფლება ექნება.

ოპოზიციამ კი გაწერილი გეგმით მოქმედება უკვე 5 ნოემბერს დაიწყო. მართალია 4 ნოემბერს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მეორე დღეს სპორტის სასახლესთან შეიკრიბებოდნენ, მაგრამ გეგმები შეცვალეს. მიზეზი კი თეთრი წყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება იყო და სააპელაციო სასამართლოში მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება. ოპოზიციამ აქცია 5 ნოემბერს 3 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გამართა. 

რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ საპროტესტო მუხტის შესანარჩუნებლად

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ოპოზიციამ რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ააგოროს და შემდეგ ეს გააგრძელოს, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. მისივე თქმით, ოპოზიციას 800 ათასი მომხრე და ეს არჩევნების შედეგით გამოჩნდა, ეს კი საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ ქუჩის აქციები მართონ. თუმცა ანალიტკოსი ამბობს, რომ არის სხვადასხვა მიზეზები, რის გმოც ოპოზიციამ შესაძლოა ამ ამომრჩევლის მობილიზება ვერ შეძლოს და პრობლემა სწორედ აქ ჩნდება. 

„საქმე ისაა, რომ ამ 800 ათასი ამომრჩევლიდან, ალბათი, 10 პროცენტია ან კიდევ ნაკლებიც, ვინც ქუჩის პროტესტს ემხრობა. ოღონდ ეს ყველაფერი დროში უნდა იქნას გათვლილი და მაქსიმალური მობილიზება როდის უნდა მოახდინონ, ეს უნდა გაითვალისწინონ. 

„ამასთანავე, მარტო თბილისი საკმარისი არ არის და ოპოზიციამ ამ პროტესტში რეგიონებიც უნდა ჩართოს. პერმანენტული ერთდღიანი აქციების გამართვა მხოლოდ თბილისში, შესაძლოა, არ იყოს ეფექტური. კარგი, ვთქვათ, ის ხალხი, ვინც გუშინ იყო აქციაზე, ერთი კვირა ყოველდღე მივიდა, მაგრამ მერე ხომ  იღლებიან. ამ შემთხვევაში ოპოზიციამ უნდა შეძლოს სხვების მობილიზება, რომ ეს ხალხი ჩაანაცვლონ. ეს უნდა განსაზღვროს ოპოზიციამ და ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ყოველდღე, თან სამუშაო დროს, ოპოზიციამ ასეთი აქციების გამართვა მოახერხოს. ვერ მოხერხდება ეს და რაღაც სხვა დამატებითი აქტოვობების მოფიქრებაა საჭირო, რათა ნაბიჯ -ნაბიჯ პორტესტის მუხტი კი არ დაეცეს, არამედ პირიქით, გაიზარდოს. შემდეგ კი პარლამენტის შეკრების დროს კულმინაციას მიაღწიოს. 

„ამასთანავე, პარალელურად კარგი გადაწყვეტილება მიიღეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ - რომ პროკურატურაში დაგვიბარეს და მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივიტანთ დოკუმენტაციას, რაც გაგვაჩნიაო. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებას მანიპულირების საშუალება არ უნდა მისცეს. ამასთანავე თეთრიწყაროში პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს უნდა გახდეს საზოგადოების მობილიზების მიზეზი, რომ ხალხმა იცოდეს, რისთვის მიდიან“, - ამბობს ძაბირაძე.

რა იქნება პირველი სხდომის დღეს

როგორც ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, უშალოდ პარლამენტის შეკრების დღისთვის ოპოიციამ ბევრი რამ უნდა გათვალოს. პირველ რიგში ის, რომ არც „ოცნება“ იჯდება გულხელდაკრეფილი. ასევე არავინ იცის, რას იზამენ ამ დღეს, თუნდაც რუსეთის სპეცსამსახურები. ამიტომ სიფრთხილე მართებს და ბევრი რამის გააზრება. ამასთანავე ძაბირაძე გამორიცხავს, რომ ახლა 2003 წლის სცენარის გათამაშება მოხდეს და ამის მიზეზებზეც საუბრობს.   

„ძალიან რთულია წინასწარ ვთქვათ, რას იზამს ოპოზიცია, რადგან ყველამ კრგად ვიცით, რომ ეს ერთი თვე ძალიან სერიოზული სამუშაო აქვთ იგივე მუხტის შენარჩუნების კუთხით და ასევე მასალების და ფაქტების შესაგროვებლად, რომლითაც არჩევნების გაყალბება უნდა დაამტკიცონ. ამასთანავე, პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ბევრი რამ უნდა გააანალიზოს. 

„საქმე კი ისაა, რომ ახლა არ არის ის დრო, როგორიც 2003 წელს იყო. მაშინ ოპოზიციაში სრულიად სხვა ლიდერები იყვნენ, რომელთაც ხალხი მიჰყვებოდა.  შევარდნაძის ხელისუფლება კი სუსტი და დემორალიზებული იყო. „ოცნება“ ასეთი არ არის. ამის პარალელურად, მაშინ ხელისუფლების ცვლილება მოხდა როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის თანხმობით. ახლა ეს სიტუაცია არ არის. ვხედავთ, რომ დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რა პოზიცია დაიკავოს. ბევრი რამ ასევე აშშ-ის არჩევნებზეც იქნება დამოკიდებული. ამიტომ სცენარების განვითარების პორგნოზირება ძალიან რთულია. 

„ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პარლამენტის შეკრების დღე რამე გარდატეხას მისცემთ, რადგან „ოცნება“  მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს პარლამენტი შეიკრიბოს“, - ამბობს ძაბირაძე.

„პარლამენტი მაინც შეიკრიბება...“

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რა სიახლე შეიძლება შესთავაზოს ოპოზიციამ მოსახლეობას პარლამენტის შეკრების დღეს. მისივე აზრით, სავარაუდოდ, ამ დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი მივა, ეცდებიან, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშალება არ მისცენ, მაგრამ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სხდომა ჩატარდეს. 

„პარლამენტის შეკრების დღე წარმომიდგენია ისეთი, როგორიც ადრე ყოფილა. ოპოზიცია მიიყვანს ხალხს, შენობას მოაქცევენ ალყაში, მაგრამ „ოცნება“ მაინც შეიყვნს დეპუტატებს და პარლამენტის სხდომა მაინც ჩატარდება. პოლიცია დაიცავს მხოლოდ ერთ მიმართულებას და დეპუტატებს ჩვეულებრივად შეიყვანენ. ხალხი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შევიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტის სხდომა მაინც ჩატარდება. 

„ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ რამეზე - თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ პარლამენტში, რომელშიც ოპოზიცია არ შევა, არალეგიტიმურია, მაშინ რისი ეშინიათ? რატომ არ უშვებენ ამ არალეგიტიმურ ხალხს - „ოცნების“ დეპუტატებს, რომ პარლამენტში შეიკრიბნონ და სხდომა ჩაატარონ? ასეთი რეაქცია - რომ არაფრის დიდებით სხდომის ჩატარება არ დავუშვათ - მეტყველებს შიშზე, რომ ეს პარლამენტი მაინც ლეგიტიმური იქნება იმისდა მიუხედავად, შევა თუ არა მასში ოპოზიცია. აქ ოპოზიცია მგონი ლოგიკაში ცოტა იჭედება. ამას მოჰყვება მაინც დიდი ფლუსტრაცია და დაცინვა ხელისუფლებისგან, რომ - აი, ხომ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ჩვენ მაინც შევიკრიბეთ. ვიღაცისთვის ეს შეკრება საკრალური მნიშვნელობის იქნება და ოპოზიციურ ამომრჩეველში ასეთი მოლოდინების შექმნა მერე ნიჰილიზმს იწვევს“, -ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად პროტესტი მაინც საჭიროა. თუმცა, ზაქარეიშვილი ოპოზიციის გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ რთული იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ხალხის აქციებზე გამოყვანა.

„ამ სიცივეში ხალხს ყოველდღიურ რეჟიმში აქციაზე დგომა გაუჭირდება. ჩვენ ბოლო დროს, გაზაფხულზე აქციების გამართვს უფრო  შევეჩვიეთ. ასევე უაზროდ მიმაჩნია ისეთ ადგილებში პორტესტის  გამოხატვა და შეკრება, როგორიც  სპორტის სასახლის  შენობაა, ან მერე მისი შეცვლა ახლა სხვა ლოკაციით და სასამართლოსთან მისვლა, სადაც მოსამართლემ სხდომა საერთოდ გადადო. აქციის ადგილი ყოველთვის არის პარლამენტის შენობა, სადაც ხელისუფლებაა. ასეთი უცნაური იდეები - იქ შევიკრიბოთ, აქ შევიკრიბოთ - ხალხს უფრო ღლის. 

„30 წელია ამას ვაკვირდები და არ შეიძლება საზოგადოების ენერგიის ასე ფუჭად გახარჯვა და დაღლა. მასობრივ, საყოველთავო გაფიცვაზე უნდა წავიდეს მთელი ქვეყანა. ხოლო თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ ხალხის რესურსებს პატივი უნდა ვცეთ და მხოლოდ მაშინ დავიბაროთ, როცა მნიშვნელოვანი დღეა. მაგალითად, პარლამენტის სხდომის დღეს“, -ამბობს ზაქარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×