საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ეხმიანება - საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს ყველა დარღვევა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ არჩევნებზე ხედვები მშვიდობიანად გამოხატონ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა "არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად".
უნდა აღინიშნოს, რომ 29 ოქტომბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პროკურატურას მიმართა, რის საფუძველზეც, 30 ოქტომბერს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოკითხვის მიზნით უწყებაში დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, დასავლეთს საქართველოს პროკურატურიადმი ნდობა არ აქვს და აქ გამოძიებული საქმე ვერ გახდება არჩევნების აღიარების საფუძველი და თუ დასავლეთმა არჩევნები არ აღიარა, ეს იქნება ბიძგი ცივილური სამყაროსგან იზოლაციის.
ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოძიებაზე მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში "უხეში ჩარევაა".
რას ამბობს ბაიდენი
განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა "უცხოური გავლენის კანონი" და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
"შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის კანონპროექტების ამოქმედება, რომლებიც რუსული კანონების სარკის ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
"სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანებული იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით.
"საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა "უცხოური გავლენის კანონი", რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სამართლიანობის აღდგენაზე.
"ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
რას ნიშნავს ბაიდენის განცხადება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბაიდენისა და სხვა დასავლელი ლიდერების განცხადებები და მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებაზე, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
"გზავნილი ახალი ნამდვილად არ იყო, თუ უახლოესი დღეების განცხადებებს გადავხედავთ, პირველი, ვინც ეს ინიციატივა წამოაყენა, ევროპული საბჭოს წარმავალი პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო, რომელმაც საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა, შემდეგ მას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინიციატივა მოჰყვა.
"აქ ერთი ძალიან დიდი პრობლემატური საკითხია - რას ნიშნავს საერთაშორისო გამოძიება სუვერენული ქვეყნის საარჩევნი სისტემაში?! ეს ტოტალურად მიუღებელია და ისეთივე უშანსოა, როგორც თავის დროზე მოწოდებები, რომ უცხოელ ექსპერტებს ჩვენი მოსამართლეები შეემოწმებინათ ე.წ. ვეტინგით, რაზეც მმართველი გუნდისგან კატეგორიული და სამართლიანი უარი მიიღეს.
"როგორ შეიძლება სუვერენულ ქვეყანაში ერეოდე რაღაც კომისიებით, რაღაც შემოწმებებით? საქართველოს სახელმწიფო არავის პროტექტორატი არ არის და არავის ტერიტორია არაა, კოლონია მით უმეტეს. ჯო ბაიდენი გააკეთებს ამ შინაარსის განცხადებას, გაერო თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლობა, ეს თავისუფალი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
"განწყობებში ჩანს, რომ ეს, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამისტომაც, მსგავსი მოწოდებები დამაზიანებელია თვითონ ამ განცხადებების ავტორებისთვის",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბაიდენის განცხადება პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, თუმცა თუ "ოცნება" გამოძიებას საბოლოოდ არ დათანხმდა, შესაძლოა ეს იყოს საწინდარი ცივილურ სამყაროსგან იზოლაციის.
"უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოთი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ჩვენი პარტნიორები არიან დაინტერესებული. ცდილობენ, რომ ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუარესდა, ნორმალურ კალაპოტში დააბრუნონ, მაგრამ ეს დაბრუნება იმის ხარჯზე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი კვლავ აღდგეს და მიიღოს ის ფორმა, რაც მას ჰქონდა, სანამ დემოკრატიულ უკუსვლას დაბწყებდით.
"თუმცაღა, როგორც ჩანს, დღეს სიტუაცია საკმაოდ რთულია, ამას ჩვენი პარტნიორებიც აცნობიერებენ. ხელისუფლებას ამიტომაც მოუწოდებენ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ ქვყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს. თუ ეს ლეგიტიმაცია ვერ შედგება, მაშინ ურთიერთობები პრობლემური იქნება და ყველა ის პოლიტიკური,სოციალური თუ ეკონომიკური დახმარებები კითხვისნიშნის ვქეშ დადგება - ბაიდენის განცხადების ძირითადი პათოსი ესაა.
"ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამენ. მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ, მაგრამ საქართველოში პროკურატურისადმი ნდობა ნულის ტოლია, ამიტომ ცოტა რთული თემაა გამოძიება ვინ უნდა ჩაატაროს, პროკურატურა რომ არაფერს გამოიძიებს ეს ფაქტია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, ის, რომ "იცნება" საერთაშორისო გამოძიებაზე თანახმა არაა, რამდენად უბიძგებს იმისკენ, რომ დასავლეთმა ოქტომბრის არჩევნები არ აღიაროს, ძაბირაძემ გვითხრა:
"ახლა პროცესი სწორედ მაგეთ მიდის და ამიტომაც მოუწოდებენ, რომ გამოძიება ნეიტრალურმა მხარემ ჩაატაროს და არა ქართულმა პროკურატურამ. თუ "ოცნება" საერთაშორისო გამოძიებას საბოლოოდ არ დათანხმდა, მაშინ გამოვა ისე, რომ ქართული პორკურატურის გამოძიებულ საქმეს არავინ არ ენდობა და არც არავინ აღიარებს. ამას შედეგად კი ის მოჰყვება, რომ მოვექცევით ცივილური სამყაროსგან იზოლირებულ მდგომარეობაში",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
რას პასუხობს "ოცნება"
"ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ასევე იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა", - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის თანახმად, არჩევნები კონკურენტული და მრავალპარტიული იყო.
„ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ასევე იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია, თუ - არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ მათი შუალედური დასკვნა, რომელიც საოცრება იყო, ასეთი დასკვნა არ მახსოვს არჩევნებზე და დასრულების შემდეგ. პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მრავალპარტიული.
"ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება განცხადებებს, სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი. არ დარჩეს კითხვის ნიშანი. მინდა ვთქვა, რომ ვისაც სურვილი აქვს გინდ ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დათვალონ ყველაფერი. დარწმუნებულები ვარ ჩვენს სიმართლეში", - აღნიშნა კალაძემ.